რატომ არ დაესწრნენ ზაზა ურუშაძე და გიორგი ხელაძე კრებებს, მათ შორის თავიანთ სოფელში?

`ჰო და არას~ მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ მარტის თვეში ,,საქართველოს სასოფლო დარბაზმა~ ჩაატარა დასახლებების საერთო კრება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამ ტერიტორიულ ერთეულში - გრიგოლეთში, ეწერსა და ორაგვეში. შეგახსენებთ პროექტის მნიშვნელობას და მისიას _ საქართველოს სასოფლო დარბაზი ახორციელებს ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს: გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა. პროექტის მიზანია დასახლების საერთო კრების ამოქმედებით ხელი შეეწყოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მნიშვნელოვნად ამაღლებას. ამ მიზნის მისაღწევად შეირჩა მუნიციპალიტეტის დასახლებები: გრიგოლეთი, ეწერი და ორაგვე.
შეგახსენებთ, რომ პროექტის სირთულე მდგომარეობდა იმაში, რომ კრებას აუცილებლად უნდა დასწრებოდა მინიმუმ ამომრჩეველთა 20 პროცენტი. კრების პროცედურის მიხედვით შეირჩეოდა განსაკუთრებულად პრობლემატური თემები, აირჩევდნენ რჩეულს, რომელსაც ექნებოდა სრული თავისუფლება ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს და სოფელში მიმდინარე მოვლენებზე ექნებოდა კონტროლი. კრების ოქმი გადაეგზავნებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც ვალდებული იქნებოდა, ხაზს ვუსვამთ - ვალდებული იქნებოდა (საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით) ერთი თვის განმავლობაში დაეკმაყოფილებინა მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად აღებული პრობლემები, ან დასაბუთებული, მოტივირებული უარი გაეცა მათთვის.
მივყვეთ ქრონოლოგიურად მოვლენებს, თითოეულ კრებას დაესწრო ამომრჩეველთა 20 პროცენტზე მეტი, არც ერთ შეხვედრაზე არ გამოჩენილან მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე. მათ ნაცვლად მოადგილეები: ნუგზარ ცინცაძე და ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ გრიგოლეთში, ეწერში და ორაგვეში შეხვედრებს. გრიგოლეთში ხუმრობდნენ კიდეც, რა პირით უნდა მოვიდნენ ან გამგებელი ანაც საკრებულოს თავმჯდომარეო, არადა ერთიცა და მეორეც იქ ცხოვრობენ. ანუ, დამოკიდებულება პროექტის მიმართ აქედანვე ჩანდა პირველი პირების მხრიდან. სხვათა შორის, სამივე თემის მაჟორიტარი დეპუტატი აქტიურად იყო ჩართული კრების ორგანიზაციის საკითხებში. კრებებზე არჩეულ პრობლემურ საკითხებზე და მათ შესრულებაზე ქვემოთ მოგახსენებთ.
გრიგოლეთში კრების რჩეული გახდა აკაკი კვაჭაძე, ეწერში _ ზვიად ნაკაიძე, ხოლო ორაგვეში _ ტარიელ ურუშაძე. სამივე მათგანმა დროულად გადააგზავნა ოქმი გამგეობაში, რათა პასუხიც მალევე მიეღოთ. გეტყვით, რომ მოსახლეობის განწყობა თავიდანვე სკეპტიკური იყო, ისინი მადლობას უხდიდნენ სასოფლო დარბაზს, თუმცა ნაკლებად ეიმედებოდათ პრობლემების მოგვარება.
ამის შემდეგ გადის ერთ თვეზე მეტი, რა თქმა უნდა, ,,ჰო და არა~ დაინტერესდა, თუ რა ხდებოდა მიღებულ ოქმებთან დაკავშირებით. სასოფლო დარბაზის აღმასრულებელმა დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა მოიწვია პრესკონფერენცია, რომელსაც ჟურნალისტებთან ერთად სამივე თემის დეპუტატი უნდა დასწრებოდა, თუმცა სამწუხაროდ `მათაც ვერ გამონახეს დრო~.
ჩვენს კითხვაზე, რა ხდებოდა ოქმებთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდა თუ დასაბუთებული უარი გაეცა მოსახლეობას, პასუხად მივიღეთ, რომ გამგებლისგან არის სრული იგნორი. რა თქმა უნდა დავინტერესდით, რისი გაკეთება შეეძლო ამ დროს მოსახლეობას, რჩეულებს ან თვითონ სასოფლო დარბაზს.
ამირან გიგინეიშვილის თქმით, ისინი მზად იყვნენ კონსულტაციები გაეწიათ მოსახლეობისთვის და სამართლებრივი დავის წამოწყების შემთხვებაშიც არ დატოვებდნენ უყურადღებოდ, თუმცა გაკვირვებული იყო და წუხდა აქამდე საქმე რატომ უნდა მივიდესო. ამ ყველაფერს ხომ კანონი ავალდებულებს გამგებელს, მაგრამ როგორც ჩანს, ლუდოვიკოს დრო გვიდგას ლანჩხუთში. პროექტის ავტორმა მაინც არ დაყარა ფარ-ხმალი და გამგეობაში მისულმა ოქმების ამბავი კიდევ ერთხელ მოიკითხა და მოითხოვა რეაგირება მოეხდინათ. მაგრამ, თურმე ვერ გარკვეულან, ვის უნდა გაეცა პასუხი და ოქმებიც მოთმინებით იმტვერებოდა თაროზე. ბოლოს და ბოლოს, რჩეულებს მიუვიდათ პასუხი, ანუ გაეგზავნათ ინფორმაცია კრებაზე მიღებული პრობლემური საკითხების მოგვარების შესახებ. ახლა განვიხილოთ, რა თემები წამოსწიეს წინ ზემოთ ხსენებულმა კრებებმა და რა პასუხი მიიღეს.
გრიგოლეთი - ბატონ აკაკი კვაჭაძეს:
1. საგზაო რეგულაციების დაწესება ცენტრალურ გზაზე. პასუხი - სოფ. გრიგოლეთში ცენტრალურ გზაზე რეგულაციის დაწესების შესახებ, გაიგზავნა წერილი საავტომობილო გზების დეპარტამენტში; 2. შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება. პასუხი - არ არის; 3. ბავშვთა გასართობი ადგილის მოწყობა, ასევე მოსაცდელის მოწყობა. პასუხი - სოფ. გრიგოლეთში ბავშვთა გასართობი ადგილის და მოსაცდელის მოწყობა ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის (რატომ? სადაა აქ მოტივი). 4. მუნიციპალური პლაჟის მოწყობა. პასუხი - სოფ. გრიგოლეთში მიმდინარე წლის ივნისის თვიდან დაიწყება მუნიციპალური პლაჟის მოწყობა და დასუფთავება (კარგია). 5. სანიაღვრე არხების მოწყობა. პასუხი - სოფ. გრიგოლეთში მივლენილ იქნა სამუშაო ჯგუფი სანიაღვრე არხების მოწყობასთან დაკავშირებით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად. 6. ამბულატორიის ამუშავება. პასუხი - სოფ. გრიგოლეთში ამბულატორიის ამუშავება სცილდება გამგეობის კომპეტენციას (შუამდგომლობა შესაბამის უწყებებთან? ესეც შორდება კომპეტენციას?). 7. კანალიზაციის მოწყობა. პასუხი - არ არის.
ეწერი - ბატონ ზვიად ნაკაიძეს:
1. თხილის პლანტაციების შეწამვლა. პასუხი - სოფ. ეწერში თხილის პლანტაციების შეწამვლა განხორციელდება სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ივნისის თვეში. 2. ეწერი-ჯურუყვეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის დასრულება. პასუხი - იგეგმება. 3. ყოფილი საავადმყოფოს ეზოში პარკის მოწყობა. პასუხი - არ არის. 4. წყალგაყვანილობის სისტემის მოწყობა. პასუხი - მომზადებულია პროექტი. 5. მყარი ნარჩენების გატანის ორგანიზება. პასუხი - ნაგავმზიდი მანქანებისა და ურნების გადმოცემის შემთხვებაში. 6. ბუნებრივი აირის შეყვანა. პასუხი - საკითხი დასმულია ენერგეტიკის სამინისტროში. 7. სასაფლაოს შემოღობვა. პასუხი - არ არის. 8. უბნების შიდა გზების მოწესრიგება. პასუხი - იგეგმება ეტაპობრივად მოწესრიგება. 9. გარე განათების გაფართოება. პასუხი - თანხის არსებობის შემთხვევაში მოწესრიგდება...
ორაგვე - ბატონ ტარიელ ურუშაძეს:
1. ბუნებრივი აირის შეყვანა. პასუხი - წლის ბოლომდე სოფელში შეყვანილი იქნება ბუნებრივი აირი (ძალიან კარგი). 2. სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. პასუხი - მოხდა გზის ნაწილობრივ რეაბილიტაცია და დაგეგმილია მისი გაგრძელება. 3. წყლის სისტემის რეაბილიტაცია. პასუხი - იგეგმება. 4. ექიმის დანიშვნა. პასუხი - სცილდება გამგეობის კომპეტენციას. 5. სანიაღვრეების მოწყობა. პასუხი - არ არის. 6. მუნიციპაკური ტრანსპორტის დანიშვნა. პასუხი - სოფ. ორაგვეში მოსახლეობა სკოლის პერიოდში სარგებლობს სკოლის ავტობუსით, ხოლო არდადეგების პერიოდში (ივნისი-ივლისი-აგვისტო) მოსახლეობას მოემსახურება სპეციალურად მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მიკროავტობუსი. 7. ყოფილი კოლმეურნეობის შენობისთვის სტატუსის განსაზღვრა. პასუხი - არ არის.
რა არის აქ რეალური, დასაბუთებული ან გაკეთებული, ან რა გაკეთდება, ეს მალე გამოჩნდება...
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 

მოიწონეთ სტატია