გუშინ აკრძალული ისევ განახლდა _ "ჩალით დახურული" ლანჩხუთის სინდრომი

გუშინ ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ სარკინიგზო გადასასვლელის პიკეტირება მოაწყო და ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ჩინური კომპანიის კუთვნილ მძიმეწონიან ავტომანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
„უკვე მერამდენედ გვიწევს ამ გზით გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, მაგრამ შედეგს მაინც ვერ მივაღწიეთ. დაახლოებით ორი კვირის წინ იყო მოსული აქ გამგებელი და გვითხრა, რომ შეხვდა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს და მოიძებნა ალტერნატიული გზა, რომ ქალაქის გავლით აღარ ემოძრავათ ამ მძიმეწონიან მანქანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანის მფლობელები 500 ლარით დაჯარიმდებიანო. დადგეს კიდეც კიდეც რკინიგზის გადასასვლელის იქეთ სპეციალური ამკრძალავი ნიშანი, რომ მანქანებს რომლის ტვირთის ტევადობაც 10 ტონას აღემატება ამ გზაზე არ უნდა გაევლოთ. მაგრამ რად გინდათ, დღე და რამე მოსვენება არ გვაქვს, გაუჩერებლად დადის ეს მანქანები. ორია წელია, რაც ასფალტი დაიგო ამ ქუჩაზე და უკვე ორმოებია ყველგან გაჩენილი, ასე თუ გაგრძელდა საკანალიზაციო მილებიც დასკდება“, – ამბობდა აქციაზე შეკრებილი მოსახლეობა, რომელთა თქმითაც, ამ მანქანების გავლა აქ არათუ ტვირთით ცარიელიც არ შეიძლება, რადგან თითო მანქანა დაახლოებით 16 ტონას იწონის.
აქციის მონაწილეებთან პოლიციის წარმომადგენლები მოვიდნენ, რომელთაც მალე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მოჰყვნენ.
სამართალდამცველებმა მძიმეწონიანი მანქანის მძღოლებს, რომელთაც მოსახლეობა გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა, უკან დაბრუნების მითითება მისცა.
„ამ მანქანებს არ აქვთ უფლება ამ გზით ისარგებლონ, არსებობს ალტერნატიული გზა და კეთილი ინებეთ იმ გზით ისარგებლეთ“, - იყო სამართალდამცველთა მოთხოვნა მძღოლების მიმართ.
მათი თქმით, მას შემდეგ, რაც გზის ამ მონაკვეთზე ამკრძალავი ნიშანი დაიდგა, რამდენჯერმე მოხდა მძღოლის დაჯარიმება. ჯარიმა კი 50 ლარის ოდენობა ყოფილა.
შეკრებილებთან გამოჩნდა ერთ–ერთი ქვე–კონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ ის რამდენიმე დღეა მუშაობს აღნიშნულ მონაკვეთზე და არავის უთქვამს მისთვის, რომ ალტერნატიული გზა არსებობს.
მოსახლეობასთან და გაურკვეველი ფირმის წარმომადგენელს შორის ასეთი საუბარი შედგა:
_ დღეს პირველად არის ჩემი მანქანები აქ. გაგვატარეთ და მეტს აღარ შემოვალთ.
_ შენ რა გენაღვლება, აქ ჩვენს სულს ვერ ვითქვამთ. ხედავ ზნაკი რომ არის, იგი იქანე გასაშრობათ კი არაა. საქმეს სჭირდება და იმიტომაა.
_ გასაგებია ბატონო, მაგრამ მე სხვა ალტერნატიული გზა მითხარი სად არის?!
_ მაი არაა ჩვენი საქმე. მოუ ახლა აქ უფროსობა და იმას ჰკითხეთ.
ამ დროს ხალხთან რუსულად მოლაპარაკე მძღოლები გამოჩნდნენ. მათ განაცხადეს, რომ პირველად იმყოფებიან ამ ტერიტორიაზე და ერთი გამონაკლისი დაეშვათ და მანქანებით გაეტარებინათ.
„ახლა აგენი გადამრევენ, რავა ყველია პირველად ხართ დღეს. ასე თუა, აი გზაი რაფერ მოკვლიეთ“ _ გაცხარდნენ აქციის მონაწილეები.
მძღოლებთან მიმართ შეუვალი იყო აქციაზე მოსული მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძეც- „ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან გვქონდა შეტანხმება რომ ამ გზით მზიმეწონიანი მანქანები ვერ ისარგებლებდნენ, არის ალტერნატიული გზა ვაზისუბნიდან და კეთილი ინებეთ იქედან იარეთ“.
გამგებელმა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში საკუთარ წარმომადგენელს ლადო ნანაძეს იქვე მითითებაც მისცა, რომ რკინიგზის გადასასვლელზე რამდენიმე დღით მორიგეობა და მანქანებზე კონტროლი დაეწესებინა.
„ამ ჩინური კომპანიის გადამკიდე საყანე ფართობებშიც გვექმნება პრობლემები, ძალიან ცუდ მდგომარეობა გვაქვს, ღობეები გახსნეს, ძროხა, ღორი თუ ცხენი ყველაფერი ფართობებშია შესული. ერთი სიმინდი მოდის ამ ლანჩხუთში და იმის დათესვასაც ვერ ვახერხებთ ხალხი ამათ გადამკიდე. 60 მეტრის ღობე აღებულია და როგორ უნდა დაიცვა საყანე ფართობები საქონლისგან?! ხალხი მშიერი დარჩება ეს პრობლემა თუ არ მოგვარდა. გვითხრეს, გამონახეთ ვინმე მეველედ და თვეში სამსა ლარს გადავუხდითო. ვინ დადგება 24 საათი დარსა თუ ავდარში ღია ცის ქვეშ?! არ გვინდა ბატონო, მაგათი 300 ლარი, თვითონ დადგენ და დაიცვან ჩვენი ქონება, ან ამკრძალავი ნიშანი დადგან, ეგება საქონელმა მაგენზე უკეთ დეინახოს და დაიცვას კანონი“, -ამბობდა აქციის მონაწილე.
ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, ლევან ჩხაიძე მოსახლეობას დაპირდა, რომ მათთან ერთად შეხვდებოდა ჩინური კომპანიის წარმომადგენელს და გამონახავდა გზებს ამ საკითხის გადასაჭრელად.
აქცია დაიშალა და ავტომობილები უკან მიაბრუნეს. იყო რამდენიმე მძღოლი, რომელიც ამბობდა, ამა თუ იმან დარეკა და კი უნდა გვატარებდეო. ერთმა ქობულეთიდან ვარ 5 მანქანაა სულ ჩემი და კი უნდა გამატაროთო, რასაც აქციაზე მყოფი გამგებლის გაცხარება მოჰყვა _ ვერავინ დარეკავს და ვერც ვერაფერი. კანონი ყველასთვის ერთია. აქედან მოძრაობა არ შეიძლებაო.
რამდენიმე საათით აღმაშენებლის ქუჩაზე სიწყნარემ დაისადგურა. თუმცა, საღამოსკენ ისევ გამოჩნდნენ მძიმეწონიანი მანქანები. მოსახლეობამ ისევ შეაჩერა მათი მოძრაობა.
„აგენს მიცლილი ვგონივართ. სამანდე ვუყარაულოთ ამ ხალხს“ _ უკმაყოფილებას არ მალავდა ხალხი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისევ ის მანქანები გამოჩდნენ, რომლებიც რამდენიმე საათის წინ უკან მიაბრუნეს.
„ჰო და არა“ ქალაქის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, ლადო ნანაძეს დაუკავშირდა, რომელიც განახლებულ აქციაზე რამდენიმე წუთში მოვიდა.
ბატონმა ლადომ გვითხრა, რომ საქმის კურსშია ჩააყენა მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც განუცხადა, რომ სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს დაუკავშირდებოდა და დახმარებას თხოვდა.
მოსახლეობის ძალისხმევით მანქანების მძღოლებმა უკან გაბრუნება იკადრეს. მოვიდა პოლიცია, რომელმაც ადგილზე პატრულირება დაიწყო. რამდენიმე მანქანა ისევ გამოჩნდა, მაგრამ პოლიციამ ისინი უკან მიაბრუნა.
ამასობაში სარკინიგზო გადასასვლელზე ჯიპების აქტიური მოძრაობა დაფიქსირდა. როგორც პირად საუბრებში ამბობდნენ, ისინი გადაადგილდებოდნენ, ვისი კუთვნილი მანქანებითაც ხდება ინერტული მასალის ავტობანის ტერიტორიაზე შეტანა. ზედმეტი გართულებების გამო, ეტყობა თათბირობენო.
პოლიციამ მოსახლეობას მიუგო, ისედაც ცუდი ამინდია სახლებში წადით და ჩვენ პატრულირებას მოვახდენთო. ხალხი გვიანობამდე მაინც არ დაიშალა.
ამ დილით სარკინიგზო გადასასვლელზე ისევ გამოჩნდნენ მძიმე წონიანი მანქანები. რამდენიმე მათგანი მოსახლეობამ გააჩერა კიდეც.
„აგია საქმე, გამგებელი აქანე იყო, პოლიცია, თითქოს მოაგვარეს პრობლემა და უსირცხვლოდ დადიან ეს მანქანები. ეტყობა აი ჩვენი ლანჩხუთი მთლად ჩალით დახული ჰგონიათ და ასეც გამოდის. პატრონი არაა არავინ“ _ აცხადებდნენ აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლები.

 

მოიწონეთ სტატია