"გასაგებია, რომ გოგი ხელაძე არ გეცოდებათ, მაგრამ იმ ხალხს რას ერჩით, მის მანქანას რომ აწვება?!"

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ისევ იმსჯელეს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მეთოდებზე. გაკეთდა განცხადებიც, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული წამალი ძალიან საშიშია, მაგრამ მისი გამოუყენებლობაც უფრო მეტად სახიფათოაო.
მოკლედ, დამსწრე 26 დეპუტატი მთელი საათის მანძილზე არკვევდა, ფაროსანას განადგურება ბიფეტრინით სჯობია თუ სხვა ალტერნატივით, რომელიც სხდომაზე არ დასახელებულა, წინა სხდომებისგან განსხვავებით.
ყოფილი გამგებლის, ოპოზიციონერ გია გოგუაძის თქმით, დანაშაულად და შეცდომად მიაჩნია ა(ა)იპ-სთვის ამ თანხის გადაცემა. `სურსათის უვნებლობის სამსახური არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მისი წარმომადგენლობა ჩვენს მუნიციპალიტეტში. რატომ ის არ აკეთებს იმ სამუშაოებს, რომელიც ჩვენ გვინდა ა(ა)იპ–ის შევასრულებინოთ. ვინ იღებს პასუხისმგებლობას ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მიღებულ ზარალზე. ვთქვათ, ადამიანმა მიიღო ზარალი, ანუ ბიფეტრინმა გაუნადგურა ფუტკარი. ის ადამიანი იჩივლებს და მოითხოვს ზარალის ანაზღაურებს. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამით ადგილობრივი ბიუჯეტი არ დაზარალდება?!“
ყოფილს მოქმედმა გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მიუგო: „ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა და ჩვენ როგორ დავზარალდებით?! რაიონის დონეზე ასეთი საკითხების გადაწყვეტა არ ხდება. თუ იცოდით გამოსავალი, თქვენ მიგემართათ წერილობით პრემიერ-მინისტრისთვის ან სხვისთვის. ჩამოსულია წამალი და მოსახლეობას შეუძლია გამოიყენოს ან არა. გუშინ 30 კაცმა დამირეკა მაინც და მითხრა, როდის იწყებთ წამლობასო. ხალხი უკვე დაიტანჯა. ეს სახელმწიფო პროგრამაა და თქვენ როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო არ ფიქრობს ხალხზე?! არ უნდა, რომ პრობლემები მოუგვაროს? სხვა უფრო ეფექტური საშუალება არ არის და ამიტომ შემოგვთავაზეს ეს წამალი. თუ ნორმები იქნება დაცული, პრობლემა არ არის. კომუნისტების დროსაც ხდებოდა შეწამვლა. მაშინ შეიძლება უფრო მეტად ტოქსიკური იყო ის წამალი, რომელსაც ვიყენებდით. ჩვენ სუბტროპიკული ქვეყანა ვართ და ციტრუსს ათასი რამ ესევა ხოლმე. მაშინ ეზოებს ვწამლავდით, მაგრამ არ მომკვდარა არავინ“.
დარეჯან ბურჭულაძემ _ შეწამვლა აუცილებელია, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ ბიფეტრინის გამოყენებასო: „ეს ჩემი უფლებაა და ამას გამოვიყენებ. მით უფრო, როცა ვიცით, რომ მისი მოხმარება ნებაყოფლობითია. სამწუხაროდ, ხშირად გვესმის, რომ თითქოს ვალდებულები ვართ. ეს სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენელთა ჩამოსვლისას მუდამ იგრძნობა.“
ბესიკ ტაბიძემ განაცხადა, ხალხი ყოველდღიურად მეკითხება, როდის ვუშველითო: „მე, როგორც სამი სოფლის დეპუტატი, მაინტერესებს, წამლობა როდის დაიწყება. შარშან თხილის მოსავლიაონობა 70%–ით გაანადგურა და წელსაც იგივე უნდა მოხდეს?! დროზე უნდა ვიმოქმედოთ“.
შემდეგ კიდევ ერთმა ექს-გამგებელმა, კახა ასკურავამ ისაუბრა: „ძალიან მაინტერსებს, რატომ ვკიდებთ ამ პასუხისმგებლობას ა(ა)იპ-ს. აქ გია გოგუაძემ სწორად დასვა საკითხები, მაგრამ რატომღაც გამგებლის გაღიზიანება მოჰყვა. არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რატომ თავად არ უზრუნველყო შეწამვლითი სამუშაოები. ბიტეფრინი _ ეს არის საწამლავი. პირდაპირ გეუბნებით, მე არ ვაპირებ ის ხალხი ჩამოვუშვა ეზოში და შევაწამლინო.“
საკრებულოს სხდომაზე ითქვა, რომ შემოტანილი სოლო აპარატების შემდგომი ბედითაც უნდა დავინტერესდეთო. „ეს წამლობა დასრულდება 20 დღეში და შემდეგ ეს აპარატები ვისი კუთვნილება იქნება?! ეს ქონება ჩვენს საკუთრებაში თუ გადმოვა, მას მოვლა სჭირდება, აღრიცხვა და ა.შ.“ _ თქვეს დეპუტატებმა.
საბოლოოდ, დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ 215 784 ლარს აზიური ფაროსანთან საბრძოლველ ღონისძიებებზე ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრს გადასცემენ სუბსიდირების სახით.
ასევე იმსჯელეს ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ. როგორც ცნობილი გახდა, 263 472 ლარია გამოყოფილი. დეპუტატების ნაწილმა შენიშნა _ ამით ირკვევა, რომ ქალაქი დავიწყებული გაქვთ და არც ის მილიონი ლარი ჩანს სადმე, თვეების წინ ოფიციოზი რომ იძახდაო.
გიორგი ჩახვაძემ სოფელ ჩიბათში მშენებარე სტადიონის შესახებ ისაუბრა: „3 წლის წინ სოფელ ჩიბათში დაიწყო სტადიონის მშენებლობა. 15 ათასი ლარია დახარჯული. დღეს ეს თანხა გამოდის დაკარგული და წყალში გადაყრილი, რადგან მისი მშენებლობა შეჩერდა. მე მაინტერესებს, როცა იყო დაპირება, რომ მაისს-ივნისში ჩამოვიდოდა თანხა და მასში აისახებოდა სტადიონის დასასრულებლად თანხა, რატომ არ მოხდა ასე?! გამგებელმა მომცა პირობა, რომ ასე იქნებოდა, დავპირდით კიდეც ახალგაზრდებს, მაგრამ ახლა რა ვუთხრათ? მე არ ვარ ჭადრაკის სახლის წინააღმდეგი, მაგრამ მაინტერესებს, რატომ დაუჭირეთ მხარი ჩიბათის სტადიონის ამოღებას?!“
სტადიონების თემა სხდომაზე თითქმის ყველა მაჟორიტარმა ახსენა.
„იქ, სადაც გაკეთებულია სტადიონები, არ დამინახავს, ვინმე თამაშობდეს, ზოგან ბალახია ამოსული, ზოგან ღორები და ძროხებია ჩაშვებული. იმას, რაც გაკეთებულია, ნუ გავაფუჭებთ, ყურადღების მიქცევაა საჭირო. ჯურუყვეთში დაზიანებული ხიდის გამო მოსახლეობა საკუთარ სახლამდე ვერ მიდიოდა, ასეთივე მდგომარეობა იყო აკეთი-აცანის მონაკვეთზეც. ქალაქშიც ვიწყებთ რაღაცების გაკეთებას და სანამ არჩევნები დაიწყება, მანამ ვგეგმავთ გავაკეთოთ ბევრი რამ. გამოვნახავთ საშუალებებს, რომ შიდა გზები შეკეთდეს. სტადიონების საკითხიც, მათ შორის, ჩიბათის, ეტაპობრივად მოგვარდება“ _ თქვა გამგებელმა.
სხდომაზე ასევე ითქვა საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურეობრივ ავტომობილზე. გიორგი ჩახვაძის თქმით, _ `გასაგებია, რომ მანქანა გამოსულია მწყობრიდან და საკრებულოს თავმჯდომარე არ გეცოდებათ, მაგრამ იმ ხალხს რას ერჩით, რომლებიც ლანჩხუთში, ჩიბათსა თუ ლესაში აწვება ამ მანქანას. ხალხი მაინც შეიცოდეთ.“
რომან ბიწაძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მთავრობა თანახმაა მეორადი ავტომობილი შეუძინონ ხელაძეს, 10 ათასი ლარის ფარგლებში.
„მეც არ მყავს სამსახურებრივი მანქანა, მაგრამ ჩემი მანქანით დავდივარ. არ ვამბობ, რომ ბატონი გოგის არ უნდა ჰყავდეს მანქანა. პირიქით მივესალმები, მაგრამ როგორ შევუძინოთ?“ _ უპასუხა ზაზა ურუშაძემ.
ამირან ქანთარიამ აღმასრულებელი ხელისუფლება იგნორირებაში დაადანაშაულა: „ამ 4 წლის მანძილზე რაც საკრებულოში ვარ, ერთი საკითხი არ ყოფილა ისეთი, რომელიც დამესვა და მისი გათვალისწინება მომხდარიყო. ცალ-ცალკე ყველა კაი ხალხი ხართ, მაგიდასთან მაგარი ქართველებიც ვართ, მაგრამ როცა საქმის კეთების დროა, მაშინ სრული იგნორია. ჩემი გაკეთებული საგზაომ გააფუჭა. ახლა წყალდიდობა სულ არის ჩემს კუთვნილ დიაგნოსტიკურ ცენტრთან. კიდევ კარგი, ჩვენი რელიეფი ისეა, რომ თბილისის მსგავსი ტრაგედიის განმეორება შეუძლებელია, თორემ რა გვეშველებოდა, არ ვიცი. გვეუბნებოდნენ, სკვერს გავაკეთებთო. სად არის მერე? ორი სკამის დადგმას რა უნდოდა? მაგრამ ნება არ აქვთ. დაპირებები კარგია, მაგრამ შესრულება?!“
გამგებლის თქმით, _ საგზაოსთან ორჯერ ჰქონდა საუბარი და მათგან მიიღო დაპირება, რომ დაზიანებულს გააკეთებენ. „რაც შეეხება სკვერს, ისიც გაკეთდება, რადგან სექტემბრამდე აქვთ დრო, იქამდე მოესწრება. იქ გაკეთდება პარკი, დაიდგმება სკამებიც და გაკეთდება დაზიანებული ასფალტის საფარიც“, _ განაცხადა გამგებელმა.
ზაზა ურუშაძემ დეპუტატებს ისიც უთხრა, რომ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს: „თქვენ იცით, რომ გაზი შემოვა ნიგოითის თემში. იქ უკვე დაწყებულია სამუშაოები. არის პრობლემები წყლის მილებთან დაკავშირებით. არ იციან თუ სად არის მილი ჩადებული მიწაში და რამდენიმე ადგილას მოხდა მისი დაზიანება, რაც ჩვენი გასაკეთებელი გახდა. ამიტომ დეპუტატს და სოფლის რწმუნებულს უნდა ვთხოვო, რომ აქტიურად ითანამშრომლონ „სოკარის“ წარმომადგენელთან. გაზის სამუშაოები ტარდება წყალწმინდაში. მითხრეს, რომ გზები გაფუჭდაო. აბა, მიწაში ისე როგორ ჩამარხავენ მილებს? ვიცით, რომ გზების გადათხრა ხდება, მაგრამ კომპანია ისევე გაასწორებს იმას, როგორც სამუშაოების დაწყებამდე იყო. წელს დაიწყება ჩიბათისა და ლესის დაპროექტება. ასევე საუბარია მამათზე, აცანასა და აკეთზე. ასე რომ, გაზის კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ბევრს საუბრობდნენ გრიგოლეთზე. 80 ოჯახია იქ და ბუნებრივი აირი 15-ს აქვს შეყვანილი. რომ არ შეგვეყვანა გრიგოლეთში გაზი, ატყდებოდა ერთი უბედურება, სად არის, საკურორტო ზონაა და ა.შ. მით უფრო მაშინ, როდესაც საკმაოდ იაფად, 400 ლარად არის შესაძლებელი მისი შეყვანა. მიხვალთ „საქართველოს ბანკში“ და ერთ დღეში გიმტკიცებენ პირადობის მოწმობით განვადებას.“
ზაზა ურუშაძეს სუფსის მაჟორიტარმა ჯუმბერ ბლაგიძემ მიუგო: „განვადება იმ შემთხვევაში მტკიცდება, თუ სახლი გაქვს გაფორმებული“.
გამგებელმა უპასუხა, _ არც ეს არის პრობლემა, უფასოა და გაიფორმონო. ბოლოს, მანვე საფეხბურთო აკადემიის მშენებლობაზე გააკეთა განცხადება: „მშენებლობა მალე დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტ ბავშვს ექნება საშუალება რომ ივარჯიშოს, ხოლო 60-მდე ბავშვს შესაძლებლობა ექნება ღამითაც დარჩეს იქ და იცხოვროს.“

 

მოიწონეთ სტატია