ლანჩხუთლების მიერ დაწერილი ისტორია ჩოხატაურში _

ცნობილები „ბახმაროში“ და სპონსორი... რეგიონლიგაში!
დღეს ერთ სასიამოვნო ფაქტზე უნდა გიამბოთ _ ჩოხატაურში, რომლის `ბახმარო~ რეგიონალ ლიგაშია, ფეხბურთის ნამდვილი ბუმია. ერთ დროს `გურიას~ მწვრთნელების, თემურ ლორიასა და თენგიზ პატარაიას გაწვრთნილი `ბახმარო~ არამხოლოდ ჩოხატაურის ისტორიას წერს, გუნდმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა _ წარმოიდგინეთ, ზედიზედ 9 თამაშის მოგება თუნდაც რეგიონულლიგელი გუნდისთვის ჩინებული შედეგია, იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ `ბახმაროს~ ისტორიაში არ ჰქონია ასეთი შედეგი. ეს კი არა, საწყის 8 ტურში გოლიც არ ჰქონდა განაშვები!!! ნოდარ დუმბაძის `სამშობლოში~ ხუმრობა რა გასაკვირია _ ბუფონმა გაუშვა გოლი და `ბახმარო~ კარს მშრალად ინახავსო, უხაროდათ აქაურ ქომაგებს.
დღეს `ბახმაროში~ ნახავთ უნგრეთმოვლილ თემურ შარაშენიძეს, ბალტიისპირეთში ნათამაშებ ბუკა ცინცაძეს, ბოლო წლების `გურიას~ საუკეთესო გოლეადორ გიგა კვერენჩხილაძეს. `კვერეს~ 12 მატჩში 16 გოლი დაუგროვდა, ზედიზედ 11 ტურია, მოედნიდან უგოლოდ არ გადის.
როგორც თემურ ლორია ამბობს, ქვედა ლიგაში მუშაობას „ბახმაროს“ ამბიციების გამო დათანხმდა: „ჩოხატაურში მუშაობა ერთგვარი გამოწვევაცაა, გუნდს აქვს ამბიცია, საუკეთესო ორ გუნდს შორის მოხვდეს და ზედა ლიგაში დაიმკვიდროს ადგილი. როცა შემოთავაზება მივიღე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან, ჩავედი ჩოხატაურში და შევხვდი ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძეს, ვინც დღევანდელი „ბახმაროს“ წარმატების სულის ჩამდგმელია“ - ამბობს თემურ ლორია.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტი კლუბის სპონსორთან შეხვედრა გახლდათ. გაგიკვირდებათ და რეგიონლგელ „ბახმაროს“ ჰყავს კერძო დამფინანსებელი. „სწორედ კლუბის სპონსორ დავით ჟღენტთან შეხვედრაზე მივიღეთ თანხმობა, რომ შევძლებდით ძლიერი ფეხბურთელების დამატებას. ყველაფერზე მივიღე დადებითი პასუხი და დავთანხმდი შეთავაზებას. ერთიც მინდა აღვნიშნო, დღეს რასაც ბატონი დავითი „ბახმაროსთვის“ აკეთებს, ეს სპონსორობაზე მეტია, დიდი პატრიოტობა და სიყვარულია თავისი რაიონისადმი. ასეთი ხალხი რომ ბევრი გვყავდეს, ქართული ფეხბურთი ძალიან ბევრს მოიგებს“ _ ამბობს მწვრთნელი.
პირველ ტურიდან „ბახმარო“ პირველ ადგილს არ თმობს და ამაში კვალიფიციურ მწვრთნელებთან ერთად დიდი წვლილი იმ ფეხბურთელებს მიუძღვით, რომლებმაც უმაღლესი ლიგიდან დაამახსოვრეს თავი გულშემატკივრებს. 24 წლის თორნიკე შარაშენიძეს დღესაც შეუძლია უმაღლეს ლიგაშიც ითამაშოს, ერთ დროს პერსპექტიულს ტალანტს დიდი ფეხბურთის თამაში კვლავ შეუძლია. მასავით უცხოეთშიც და ქართულ ელიტაში აქვს ნათამაშები ბიძინა (ბუკა) ცინცაძეს - ორივე მათგანმა მშობლიური რაიონის სიყვარული გამოავლინა და „ბახმაროს“ დასახმარებლად იღწვის.
ცალკე აღნიშვნის ღირსია გიგა კვერენჩხილაძის თამაში - „გურიამ“ მთავარი მეგოლე მოიძულა და „კვერემ“ დაამტიცა, რომ ისევ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში!
„ყველაზე მთავარი ჩემთვის ადამიანური ფაქტორებია და რამდენი ხნითაც არ უნდა დავრჩე გუნდში, ჩვენ მეგობრებად დავრჩებით. ასეთი ურთიერთობა და საქმიანი გარემო არის სწორედ ჩვენი წარმატების მთავარი განმაპირობებელი. რა თქმა უნდა, დიდია წამყვანი მოთამაშეების წვლილი (შარაშენიძე, ცინცაძე, კვერენჩხილაძე, კეკელიძე და სხვები), მათ გვერდით ახალგაზრდები დაოსტატდებიან. ჩვენგამოცდილი ფეხბურთელებისა და პერსპექტიული ჭაბუკების სინთეზზე გავაკეთეთ არჩევანი და, როგორც ველოდით, ამან გაამართლა“ - ამბობს ლორია.
მთავარი მწვრთნელი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და გულშემატკივართა კვლავ გახარებას იმედოვნებს: „როცა პირველი წრე დასრულდება, დავჯდებით და დავილაპარაკებთ სამომავლო გეგმებზე. მიზანი უცვლელია, იმ ორ გუნდს შორის მოხვედრა, ზედა ლიგაში თამაშის უფლებას რომ მოგვცემს. ვეცდებით, კვლავ გავახაროთ გულშემატკივარი, რომლის მხარდაჭერა გასვლით შეხვედრებზეც არ გვაკლია. რა თქმა უნდა, გაძლიერება გვჭირდება და ეს რეალურია იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გვიდგას გვერდით სპონსორიც და ჩოხატაურის ხელმძღვანელობაც, რომლებიც ვარჯიშებსაც კი არ აცდენენ, რაც ჩვენთვის დამატებითი სტიმულია“ _ დასძენს ლანჩხუთელი სპეციალისტი თემურ ლორია.

 

მოიწონეთ სტატია