ნიგოითის თემს ისევ ზაზა წულაძე უთავკაცებს

`ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებთ ახალი წარმომადგენელი, ზაზა წულაძე, წარუდგინა~, _ ამის შესახებ გამგეობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი იუწყება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ - წარდგენისას გამგებელმა სოფელში ჩატარებული და განხორცილებული პროექტების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ნიგოითში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1 397 338 ლარი დაიხარჯა. მოხდა წყლის სისტემის რეაბილიტაცია, მოეწყო გარე განათება, მოეწყო ხიდები და მილხიდები, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, რამდენიმე ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, გაიწმინდა სანიაღვრე არხები და ა.შ. რაც შეეხება სხვადასხვა სახის სოციალურ პროგრამებს ამ კუთხით, 89 946 ლარია ბოლო სამ წელში დახარჯული (თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და მე-2 მსოფლიო ომი მონაწილეთა დახმარების პროგრამა და ა.შ.) გარდა ამისა, სოფელ ჩოლობარგში დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება. სოფლის მოსახლეობას 2017-2018 სასწავლო წლისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება. პროექტის ღირებულება 363 326 ლარს შეადგენს. ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს გაზის მიერთების სამუშაოები. 5-ვე სოფელში ბუნებრივი გაზის შეყვანა სექტემბრის ბოლოს დასრულდება~.
ახლადდანიშნული ძველი კადრი ზაზა წულაძე გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე პირველად 2013 წელს დაინიშნა, თუმცა, მისი პოსტი ორი წლის წინ, ნიგოითში არსებულ `იუსტიციის საზოგადოებრივ ცენტრში~ (სადაც ასევე განთავსებულია სოფლის ადმინისტრაციაც) იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოულოდნელ ვიზიტს ემსხვერპლა. მაშინ მინისტრის წყრომა გამგებლის წარმომადგენელს იქ არსებული შიდაგანაწესის დარღვევის გამო დაატყდა თავს. ამბობდნენ, რომ სწორედ წულუკიანის დაჟინებული მოთხოვნის გამო აიძულეს წულაძე, საკუთარი განცხადების საფუძველზე წასულიყო. წულიკიანს მაშინ დაუბარებია, მეორედ აქ რომ შემოვივლი, სოფლის სხვა წარმომადგენელი დამხვდესო.
რაც შეეხება ვასილ აბუსერიძეს, რომელმაც ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე ორი წლის წინ სწორედ ზაზა წულაძე ჩაანაცვლა, გარცელებული ცნობით, მან პოსტი, დაახლოებით, ერთი თვის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერას სოფელ ჭყონაგორაში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ძველი საცალფეხო ხიდის საყრდენების ჯართში ჩაბარების საქმით სამართალდამცავი სტრუქტურების დაინტერესება უძღოდა წინ.
მაშინ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებული იყო აზრი, რომ ეს ყველაფერი ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის, ვასილ აბუსერიძის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ნიგოითის თემში არსებულ პრობლემაზე მაშინ `ჰო და არას~ კოლექტიური წერილიც გადმოსცეს, სადაც საუბარი იყო, რომ გარკვეული სახის ზეწოლა ხდებოდა.
`ჰო და არას~ წყაროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მანამდე აბუსერიძეს განცხადების დაწერა მოსთხოვა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე. თუმცა, მან გამგებლის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. წყაროსვე მტკიცებით, მდგომარეობა გამგებელსა და სოფლის რწმუნებულს შორის სწორედ მას შემდეგ დაიძაბა.
რატომ შეჩერდა არჩევანი ისევ წულაძეზე. როგორც წყარომ გვითხრა, ის სოფელში ავტორიტეტული პიროვნებაა და მას ადგილობრივები პატივს სცემენ. კარგი რეპუტაციის გამო საარჩევნოდ საჭირო პირია და ამიტომ მოხდა მისი ხელმეორედ დაბრუნებაო.

 

მოიწონეთ სტატია