გურანდა მანაგაძის სკანდალური წერილი - გვეშველება რამე? _ ალბათ კი, სამოთხეში...

ძვირფასო ლანჩხუთელებო! მინდა გამცნოთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს "პატრიოტთა ალიანსის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი და ზოგადად წავიდე "პოლიტიკიდან"... _ სიტყვა პოლიტიკა ბრჭყალებში მოვათავსე იმიტომ, რომ რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს რაიონში ხდება, ამას პოლიტიკასთან ცივილიზებული გაგებით არაფერი აქვს საერთო.
მოკლედ მოგახსენებთ იმ მიზეზების შესახებ, რამაც მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.
ქვეყანაში და მათ შორის ჩვენს ლანჩხუთშიც დამყარდა `ქოცურნაცური~ კოჰაბიტაციური მმართველობა, რა, რა თქმა უნდა, შოკის მომგვრელია იმ ადამიანებისათვის, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად ებრძოდა სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს _ მე სხვანაირ სახელს ვერ დავარქმევ მთავრობას, რომელმაც საკუთარი ხალხის გენოციდი მოაწყო...
არ უსმენენ, არ იზიარებენ არც ერთი ოპოზიციური პარტიის და ზოგადად ხალხის აზრს...
საქართველოს პარლამენტში გვყავს 40 ოფიციალურად აღიარებული მილიონერი, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 60% სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, რეალურად არაფერს არ აკეთებენ უმუშევრობის აღმოფხვრისათვის, ქველმოქმედებისათვის, მეცენატეობისათვის...
საქართველო მათთვის მხოლოდ ფულის შოვნის პოლიგონია და სწორედ ამითი არიან გამალებით დაკავებული. ასეთივე სურათია ლანჩხუთშიც, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში.
რაიონის გამგებელი, რომელმაც ამ ოთხი წლის განმავლობაში რაიონის ბიუჯეტიდან ვითომდა ფეხბურთის ხარჯებზე 9 მილიონი ლარი გააქრო, დღემდე არხეინად განაგრძობს მუშაობას მიუხედავად აურაცხელი კრიტიკისა არა მარტო ოპოზიციური პარტიების მხრიდან, არამედ თავისი თანაგუნდელებისგან.
ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის...
ჩემი და ჩემი თანაგუნდელების არაერთი სატელევიზიო გამოსვლების მიუხედავად, არც ერთი მიმართულებით სასიკეთო ცვლილებები რაიონში არ მომხდარა, ასეთივე მდგომარეობაშია ჩვენი ფრაქციაც საქართველოს პარლამენტში.
მე ვთვლი, რომ ჩვენ ქართველები დავდივართ მოჯადოებულ წრეზე, ვერც ჩვენმა მრავალტანჯულმა ისტორიამ გვასწავლა რამე და ვერც ბოლო საუკუნის მოვლენებმა...
დაშვებულია საშინელი შეცდომები საკადრო პოლიტიკაში, ყველგან მობრუნდა ნეპოტიზი და კორუფცია...
ძალიან ძნელია, როცა მიუხედავად ბრძოლისა, მონდომებისა და შემართებისა, ვერაფერ ამაზე გავლენას ვერ ახდენ, სასიკეთოდ ვერაფერს ვერ ცვლი იმიტომ, რომ აყალბებენ არჩევნებს ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინების გზით, კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონში მათთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის გზით და ა.შ.
სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ჩემი მხრიდან აზრი არა აქვს `ქარის წისქვილებთან~ ბრძოლას, ვინაიდან ძნელია ებრძოლო დიქტატურას შიშველი ხელებით, მარტო ანთებული გულით...
შესაძლებელია რომელიმე თქვენგანმა უნებისყოფობაში ან სიმხდალეში დამდოს ბრალი, მაგრამ თუ გადავხედავთ XX საუკუნისა და დღემდე საქართველოს ისტორიას, დავინახავთ, რომ ხელისუფლებას და მილიონებს დახარბებულმა არამზადებმა გაანადგურეს თავისივე საუკეთესო ერისკაცები: ილია ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ბადრი პატარაკაციშვილი.
რა შეცვალა საქართველოს ისტორიაში ამ ხალხის თავგანწირვამ?
სადა ვართ დღეს ჩვენ?
განვითარების რომელ ეტაპზე?
რა ქვია ამას, როცა ერთმანეთს ვხრავთ, ვჭამთ, ვკლავთ და ვაწამებთ?
რა თქმა უნდა, ერთი წუთითაც არ გავკადნიერდები და ამ უდიდეს ხალხს თავს არ შევადარებ, მაგრამ დავუშვათ და თუნდაც ამ ერთი პატარა რაიონის მასშტაბითაც კი მე და ჩემმა გუნდმა რომ გავწიროთ თავი და იმაზე ბევრად ცხარე ბრძოლა გამოვუცხადოთ მანკიერებით სავსე გამგეობასა და საკრებულოს (მადლობა უფალს, ეს ყველას არ ეხება...), როგორც თავის დროზე ირინა ენუქიძემ და იური ვაზაგაშვილმა გამოუცხადეს სააკაშვილის რეჟიმს _ რას მოგვცემს ეს? ამ ხალხმა რეალურად სიცოცხლე შეწირეს სამართლიანობისთვის ბრძოლას, მაგრამ რას ვხედავთ დღეს? _ სააკაშვილი გაასამართლეს? დასაჯეს? _ არა, დღემდე არაჩვეულებრივ პირობებში ცხოვრობს.
სასამართლო ხელისუფლება შეიცვალა? _ არა!
პროკურატურა? _ არა!
მაშ რისთვის??? თუკი მაინც წრეზე დავდივათ???
აუცილებლად მინდა აღვნიშნო ისიც, რაშიც, ჩემო მშრომელო ხალხო, თქვენც არაერთხელ დარწმუნდით _ ყველა პარტია მათ შორის მმართველიც, ამომრჩევლებთან მუშაობას იწყებს მხოლოდ წინასაარჩევნო ციებ-ცხელების მოახლოების დროს, მანამდე არავის არ აინტერესებს ამომრჩეველთა პრობლემები და გასაჭირი.
მე ამას ყოველთვის ვაპროტესტებდი, მაგრამ პასუხად ვიღებდი იმას, რომ ეს ზოგადად მიღებული `პოლიტიკური პრაქტიკაა~.
ერთი სიტყვით, 2010 წლიდან, რაც პოლიტიკაში ჩავერთე ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, საკმაო დრო მქონდა კარგად გამეანალიზებინა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ძალიან ვეცადე თქვენი იმედები გამემართლებინა, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი, როგორც ერთი ადამიანის სიცოცხლე, არ ეყოფა ამ ახალ რეჟიმთან ბრძოლას, რომელმაც უკვე ისე ღრმად გაიდგა ფესვები, რომ მის შერყევას და მოთხრას კიდევ ერთი მორიგი რევოლუცია დაჭირდება და როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე???
ალბათ, ძალიან პესიმისტურად გამოვიყურები, მაგრამ მერწმუნეთ ეს ასე არ არის! სულს, გულს, სიცოცხლეს შევწირავ იმას, რომ ჩემი ქვეყანა გაბრწყინებული და დალხენილი, სულმოთქმული ვნახო, მაგრამ ამ მსხვერპლის შედეგი იქნება მხოლოდ ჩემი დაობლებული სამი შვილი...
ამიტომ გისურვებთ გამძლეობას და მხნეობას. დიდი მადლობა ლანჩხუთის რაიონის იმ მარგალიტებს, ნამდვილ მამულიშვილებს, ვინც ეს წლები გვერდში დაგვიდგა და ნათელი მიზნებისთვის იბრძოდა...
იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!
პატივისცემით, გურანდა მანაგაძე

 

მოიწონეთ სტატია