რითი ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას - რას ითხოვენ ლანჩხუთის საკრებულოს წევრები

გუშინწინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებლის თხოვნის საფუძველზე შედგა, თუმცა, ზაზა ურუშაძე ლანჩხუთის საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე არ გამოჩენილა. საკრებულოს პირველმა პირმა გოგი ხელაძემ დეპუტატებს ის ორიოდე საკითხი გააცნო, რომელიც განსახილველად იყო გამოტანილი. პირველი ეხებოდა: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას და მეორე - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გრანტის მიღების და შესაბამისი პროცედურების განხორციელებაზე გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების დამტკიცებას.
პირველი საკითხის მომხსენებელი საფინანსო სამსახურის უფროსი როლანდ ლაშხია გახლდათ. როგორც მომხსენებელმა განმარტა: `საქართველოს მთავრობის 19 მაისის #984 განკარგულებით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებისათვის გამოყოფილია და 2017 წლის ბიუჯეტში ასახულია გრანტის სახით 215784 ლარი. შესაბამის სამინისტროებთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მიზანშეწონილია აღნიშნული ღონისძიება განხორციელდეს ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის მეშვეობით, რისთვისაც გადაეცეს 215784 ლარი სუბსიდიის სახით.~
მთავრობის განკარგულებაში წერია: `ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის _ 1 998 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის ანაზღაურებისთვის _ 199800 ლარი, ხოლო საწვავის შესყიდვისთვის _ 15984 ლარი.~
საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტების შემდეგ განცხადებები გააკეთეს საკრებულოს წევრებმა. უნდა აღინიშნოს, რომ მათი უმრავლესობა წამალ ბიფეტრინის გამოყენების წინააღმდეგია.
გია გოგუაძე, `ნაციონალური მოძრაობა~: `მთელი მოსახლეობა არის იმ პრეპარატის გამოყენების წინააღმდეგი, რომელიც არის შემოტანილი. რამდენიმე დღის წინ ამ დარბაზში შეხვედრა იყო, რომელსაც სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ წინაშე მე დავსვი 5 საკითხი, მაგრამ სამწუხაროდ მათგან ვერ მივიღე პასუხი. თხილი აზიურ ფაროსანას არ გაუნადგურებია და ამის წინააღმდეგ ბიფეტრინის გამოყენება არასწორია. ყოველივეზე ხელის აწევა არის საზიანო. მე მაინტერესებს, როცა ამ თანხას ვაძლევთ ა(ა)იპ-ის, მათმა ხელმძღვანელობამ თუ იცის, რა რისკის შემცვლელია ბიფეტრინის გამოყენება?! ასევე, მაგალითად ადამიანს დაუზიანდა ფუტკარი, როგორც ვიცით, ეს წამალი მასზე ძალიან ტოქსიკურია, ვინ უნდა აუნაზღაუროს ზარალი?! ეს ა(ა)იპ ამას ვერ გაწვდება, ისევ მუნიციპალიტეტის გადასახდელი იქნება ეს თანხა. საუბრობენ ხაფანგების დადგმაზე. თხილის პლანტაციებში დადგმულ ხაფანგებში რამდენიმე ფაროსანა გაება სულ. ვინმემ ხომ უნდა გასცეს მოსახლეობას პასუხი, თუ რასთან გვაქვს საქმე.~
მის გამოსვლას უმრავლესობის წევრის, აკაკი იმნაიშვილის კომენტარი მოჰყვა: `ვეთანხმები ბატონ გიას, მაგრამ თხილთან დაკავშირებით ვერ დავეთანხმები. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი თუ რამდენი დაიჭირა ხაფანგმა. 200 მაინც იქნებოდა, რამდენი კიდევ წვიმამ ჩამოყარა მიწაზე.~
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავკაცის, ალეკო სარიშვილის თქმით, სოფლებში პანიკური მდგომარეობაა: `მოსახლეობაში არ არის ინფორმაცია. ხალხს ჰგონია, რომ ყოველივე სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. ძნელია ამ ადამიანებს არ დაეთანხმო. მე სხვა წამალი ვიყიდე და იმით შევწამლე.~
დარეჯან ბურჭულაძე, ფრაქცია `მეტი ქალი პოლიტიკაში~: `კარგია თანხა რომ მოდის, მაგრამ საკითხავია რაში დაიხარჯება ის. არა მგონია, ვინმემ სურვილი გამოთქვას თავისი პლანტაციის შეწამვლისა, მას შემდეგ განსაკუთრებით, ვინც გაზეთ `ჰო და არას~ ბოლო ნომერი წაიკითხა. იქ წერია, იმ საფრთხეებზე, რომელიც მოსალოდნელია ბიფეტრინის გამოყენების შედეგად. გვეუბნებიან, რომ ფუტკარი, ძროხა, ქათამი მოვარიდოთ შესაწამლ ტერიტორიასო. ვინ გვეუბნება წინასწარ, რომ 7 კილომეტრის რადიუსში ხდება შეწამვლა და ესენი განარიდეთ აქაურობასო. ან ვინ განარიდებს. ფუტკრის დამწყვდევა გაგიგიათ სადმე?! ჩემი ინფორმაციით არსებობს უფრო ნაკლებად საშიში პრეპარატები და იმითი მოხდეს შეწამვლა.~
ელგუჯა ჩხაიძე, ფრაქცია `ლანჩხუთის ევრო ატლანტიკური მომავლისათვის~ თავმჯდომარე: `მე მქონდა გუშინ ერთ ადამიანთან საუბარი და მან ასეთი ფაქტის შესახებ მიამბო: მის ოჯახში ცხოვრობს უცხოელი პედაგოგი, რომელსაც თავის ქვეყანაში გაუგზავნია აღნიშნული ინფორმაცია. იქედან მოსულა პასუხი, რომ ყველა უცხოელი პედაგოგის ვაქცინაცია მოხდება, რათა რისკ-ფაქტორებისგან დაიცვან თავი~.
ამ განცხადებას დარბაზიდან უპასუხეს _ ბიფეტრინი ქიმიური წამალია და მისი ვაქცინა არ არსებობსო.
ჯუმბერ ბლაგიძე, სუფსის მაჟორიტარი: `ყველა ვთანხმდებით, რომ მოწამვლა აუცილებელია. ცოტა ხნის წინ დადგეს ე.წ. სატყუარები. მაინტერესებს, ეს სატყუარა რამდენ კვ.მ.-ს ემსახურება. მე ამ დარბაზში მოვისმინე, რომ ქიმიურ პრეპარატთან გვაქვს საქმე და ქიმიურად უნდა შეიწამლოსო, რომელსაც თურმე გააჩნია თავისი უარყოფითი მხარეები. სოფელ სუფსაში თხილის პლანტაციების უმეტესობა მდინარე სუფსის პირზეა განლაგებული. როცა მოხდება შეწამვლა, ვინმე დაინტერესდა რა შეიძლება ამ ყველაფერმა გამოიწვიოს?~
ელისო ჭიჭინაძე, ლესის მაჟორიტარი: `მე მაქვს ორი შეკითხვა. პირველი _ ჩვენამდე მოხდა თუ არა რომელიმე მუნიციპალიტეტში ბიფეტრინის გამოყენება და მეორე - არის თუ არა ალტერნატიული პრეპარატი?! მერწმუნეთ 10 მოსახლიდან 8 წინააღმდეგია. მოსახლეობას ინფორმაცია არა აქვს დეტალებში და ეს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის წამლობის პროცესს.~
დეპუტატების ნაწილმა ისიც განაცხადეს, რომ მეტი ინფორმირებულობა რად გინდა, გაზეთ `ჰო და არას~ ყველა კითხულობს და მასში წერია, რა უბედურებასაც იწვევს ბიფეტრინიო.
გელა ზოიძე, ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორი: `მინდა პირველ რიგში განვმარტო, რომ ეს არ არის ჩვენი ა(ა)იპ-ის ინიციატივა. საკითხი არის ძალიან რთული. მესმის პრობლემების სიმძიმე. მახსენდება 90-იანი წლების ამბავი. მაშინ შემოიტანეს ამერიკული სიმინდის თესლი. ტომარებზე, რომელშიც ის იყო დაფასოებული, ქართულად ეწერა: მხოლოდ ამერიკის ტერიტორიის გარეთ. როცა ვკითხე მათ წარმომადგენელს, თუ ეს რას ნიშნავდა, მიპასუხა, რომ ამერიკის ტერიტორიაზე მისი გამოყენება აკრძალული იყო და ჩვენთან ატარებდნენ ექსპერიმენტს თუ როგორ გაამართლებდა. მოგეხსენებათ, ამერიკაში პლანტაციები მოსახლეობიდან საკმაოდ შორს არის, მაგრამ მაინც თავს იზღვევდნენ. ის, რომ შეწამვლა მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის თუ ნორმებს არ დავიცავთ, ყველამ ვიცით. ჩვენ ვაპირებთ თქვენთან აქტიურ თანამშრომლობას. არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება თქვენს გარეშე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვადებში ვართ შეზღუდულები. ამ კუთხით სპეციალისტები ჩვენ ნამდვილად არ გვყავს. აგრონომები არიან ჩვენთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბიფეტრინის შესახებ იციან ამომწურავად. კადრები, რომლებმაც შეწამვლა უნდა აწარმოონ, მოსამზადებელია. როცა ჩვენ თანხების მატებას ვითხოვთ, ბევრი ამბობს, რომ არ გჭირდებათო. ახლა მოგვცეს და დაგვავალეს, რომ უნდა შევასრულოთ საქმე. სპეციალისტები?! ერთად უნდა ვიმოქმედოთ და განვსაზღვროთ, როგორ სჯობია. თქვენ იცით, რომ როცა სხვა წამლებით ხდება შეწამვლა, ისიც იგივე ტოქსიკურია თუ ნორმებს არ დავიცავთ?! ამიტომაც არის ჩვენთან რომ მოიმატა სიმსივნურმა დაავადებებმა და სიკვდილიანობამ.~
გია გოგუაძემ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს მიუგო: `შენ ცოტა უხერხულად კი უნდა იყო. აქეთ წამლობა უნდა ჩაატარო, იქეთ კიდევ შენი გაზეთი გვეუბნება, რომ თუ რა საშიშროების წინაშე ვართ ბიფეტრინის გამოყენებით.~
ამას გელა ზოიძის რეპლიკა მოჰყვა: `ყველამ იცის, რომ მე სარედაქციო საქმიანობაში არ ვერევი. რაც შეეხება ბიფეტრინზე დამატებით ინფორმაციებს, რამდენიმე მე კიდევ მოვიპოვე და გადავეცი რედაქციას და თუ ისინი ჩათვლიან საჭიროდ, გამოაქვეყნებენ~.
ღრმაღელის თემის მაჟორიტარმა, თემურ მარშანიშვილმა იკითხა: `საუბრობენ, რომ მოსახლეობასთან მეტი შეხვედრებია საჭიროო. მე მქონდა მათთან საუბარი და მათ მიპასუხეს, რომ გახდით თქვენ პასუხისმგებელი და ჩვენ თანახმა ვართ აღნიშნული პრეპარატით მოხდეს შეწამვლაო. ამ პასუხისგებლობას ვინ აიღებს?!~
გამგებლის მოადგილის, ნუგზარ ცინცაძის განმარტებით, ფაროსანასთან ბრძოლისათვის რამდენიმე პრეპარატი არსებობს: `პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ეს შეწამვლა არ არის ძალდატანებითი. ფაროსანასთან ბრძოლის მრავალი პრეპარატი არსებობს. ეს თქვენზეა დამოკიდებული. როცა საუბრობთ, რომ `ჰო და არაში~ წაიკითხეთ ბიფეტრინის შესახებ, მის გვერდით რა ეწერა, არ წაიკითხეთ?! ლანჩხუთში იყიდება ბიოლოგიური პრეპარატი ნოსტალჯისტი. წაიკითხეთ, ბატონებო, გაზეთში ამის შესახებ და ნახავთ, თუ როგორ მოქმედებს.~
საკრებულოს პირველმა პირმა თხოვა კოლეგებს, რომ მეტი ჩართულობა გამოვიჩინოთო: `დღეს ადმინისტრაციული წარმოება იწყება. ყველა ფრაქციას თუ კომისიის სხდომას დავესწროთ. მოვიწვიოთ სურსათის უვნებლობის სამსახური, ჯანგანის წარმომადგენლები, სპეციალისტები, სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები და ერთად, გნებავთ გაფართოებულ ფორმატში განვიხილოთ როგორც სჯობია. ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის საზიანო არ უნდა დარჩეს.~ _ ამ განცხადების შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე დადგა და ყველა დეპუტატმა დაუჭირა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი.
პირველი საკითხის შემდეგ ტრიბუნასთან ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენელი ლევან მჟავანაძე მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ტურიზმის განვითარებისათვის 14748 ევროს ოდენობის გრანტის მიღება შეძლო.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, ამის გარდა ლანჩხუთში შესაძლებელი იქნება დამატებით 20 ათასი ევროს მოზიდვაც. `ეს პროცესის დასაწყისია. პირველი შემთხვევაა, როცა ამ კუთხით და მუნიციპალიტეტების უშუალო მონაწილეობით მოხდა გრანტის მიღება. რამდენადაც წარმატებულები ვიქნებით, უფრო მეტად წამოვა დაფინანსება.~
დეპუტატებმა წარმოდგენილ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს, თუმცა გარკვეული განცხადებები მაინც გაკეთდა.
დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტურიზმის სამსახური ლანჩხუთში 2009 წელს დამოუკიდებელ სამსახურად შეიქმნა და კარგი იქნება თუ ძველი სახით დაბრუნდება, რადგან მათ მიერ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდაო.
ისიც ითქვა, გრიგოლეთის საკურორტო ზონაზე ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ მისი კურორტად გამოცხადება არ ხდებაო.
როგორც მეცნიერთა კლუბის წარმომადგენელმა განაცხადა: `პირველ რიგში აღნიშნულ საკითხს მიექცევა ყურადღება. ჩვენს მიერ 6 ექსპერტი იქნება მოწვეული. მათ წინაშე აუცილებლად დაისმევა ეს საკითხი და მოხდება გრიგოლეთის საკითხის გამოკვლევა.~

 

მოიწონეთ სტატია