ლანჩხუთი 20 წლით უკან ბრუნდება - ძროხების ქურდები გამოჩნდნენ!!!

ბოლო წლებში ლანჩხუთში საქონლის ქურდობების ფაქტების სიმცირე აშკარად თვალშისაცემი იყო. თუმცა როგორც ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, შესაძლოა ჩვენი მუნიციპალიტეტის 2000-იანი წლების დასაწყისს დაუბრუნდეს, როდესაც თითქმის ყოველდღიურად გვესმოდა, რომ შინაური პირუტყვის მასიური ქურდობა ხდებაო. მაშინ ლანჩხუთში აქცია-აქციაზე იმართებოდა და საქონლის ქურდობით შეწუხებულმა გურულებმა ე.წ. ძროხების რევოლუციაც კი მოაწყვეს, რომელსაც რამდენიმე ჩინოსანის თანამდებობა შეეწირა.
შემდგომ ყველაფერი მიწყნარდა და იშვიათად გაიგონებდი, რომ სადმე ძროხის ან ცხენის ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პატარ-პატარა შემთხვევები მაინც ხდებოდა.
`ჰო და არას~ ერთ-ერთი დაზარალებული დავით ნინიძე ესტუმრა და საქონლის გახშირებულ ქურდობებზე გვესაუბრა. დაზარალებულს საქონლის ფერმა ქალაქის ჩრდილოეთით ე.წ. საანგურის შორიახლოს, არხის პირას აქვს: `ძალიან ცუდ დღეში ვარ ჩავარდნილი, მომეხმარეთ და მიშველეთ რამე, ასე გაგრძელება არ შეიძლება. პრაქტიკულად, ცარიელი დამტოვეს. 4 წლის წინ, როცა საქონელი ისე მოვამრავლე, რომ სახლის პირობებში ვეღარ მოვუვლიდი, გადავწყვიტე _ სადმე ტერიტორია შემომეღობა და იქ ფერმა გამეკეთებინა. ასეთად არხის პირი ამოვარჩიე. სამწუხაროდ, ეს ტერიტორია ვერც ლეგალიზების კომისიამ დამიმტკიცა და ვერც შევისყიდე. ჩემი აზრით, კანონს არ ვარღვევდი, რადგან არავისთვის არაფერი წამირთმევია და დავიწყე ტყე-ღრეში საქმიანობა. ისეთ ადგილას არის ჩემი ფერმა, ერთ დღეს მელიორაციის სამსახურმა რომ არხი გაწმინდოს, იქაურ მიწას თავზე დამაყრის, თუ ფერმა არ დავშალე და არ გადავიტანე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მერე ამ მთავრობამ ხომ შემოიღო `აწარმოე საქართველოში~, პროექტი დამაწერიეს, აუცილებლად მოგცემენო, შენ მოგცეს რამე?! ისე მომცეს მე. მომეხმარა ვითამ ხვნაში და იმის ვაუჩერი მომცა. თუ მომცა და ყანა დამიხნა უფასოდ, ბედეტეში, ფარცხსა და სათესში ხვნის ფულიც გამომართვა. კერძო უფრო იაფად აკეთებდა, ვიდრე აგენი და მე აგენს ვუხდიდი ფულს. მაგენის არაფერი მაქვს ვალი. ხელი რომ მომტყდა შარშან, 31 აგვისტოს პირადობის მოწმობა გავაკეთე უფასოდ, მეტი მე ამ მთავრობისგან არაფერი ამიღია. დღეს მივედი საპასპორტოში და უკან დავაბრუნე. ასე ვუთხარი, არ მინდა არაფერი თქვენი მოცემული და ჩემს პირადობას წულუკიანს ვუგზავნი-თქო~.
როგორც დაზარალებული ამბობს, პირველად პირუტყვი 4 წლის წინ მოპარეს: `ახალდაწყებული მქონდა ქვევით მუშაობა და მალევე მომპარეს. მაშინ 2 სული წაიყვანეს. შემდეგ 2-3 სული ყოველთვის მეკარგებოდა. გასული წლის 25 დეკემბერს 4 სული დამეკარგა. გარეთ მყავდა დატოვებული და მოიპარეს. ტყუილს ხომ არ გეტყვით, დამწყდოვილი არ მყავდა. მიტოვებული კი არ მყავდა, ფართობში იყო გაშვებული და დღისით მოვივლიდი ხოლმე და ვნახულობდი. თუმცა ჯერ სად ხართ, უარესებს გეტყვით. 6 თებერვალს დილით გავდენე საქონელი. ერთმა ძროხამ მოირბინა, სამი არ ჩანდა. დღისით ხდება ეს ყველაფერი. წავედი საძებრად და დღისით წაუყვანიათ, ვერსად ვნახე. მერე იყო 5 სულის მოპარვა, რომელიც ფერმის წინ მყავდა. 14 მარტს დავამწყვდიე საქონელი, ნაწილი გარეთ ნავესში გამოვუშვი. დილას შევედი და ღია დამხვდა, 7 ძროხა იყო ადგილზე, მერვე არ ჩანდა. ორი დღე-ღამე ვეძებე და მესამე დღეს მეზობელმა მომიდენა საკონსერვოდან. ასეთი ფაქტი არ არსებობს, რადგან ჩვილხბოიანი ძროხა ამდენ ხანს ხბოსთან არ გამოჩნდეს ამის შანსი არაა. ბოლოს შემთხვევა იყო 15 მაისს, ღამე მოვიდნენ და კარავის წინიდან წაიყვანეს 7 სული.~
როგორც დაზარალებული ამბობს, ბოლო შემთხვევის შესახებ პოლიცია საქმის კურსში აღარ ჩაუყენებია: `როცა მივმართე, რა ხეირი. მომივიდა წერილი, იგიც სახლში არ მომიტანეს, ფოსტაში დამიბარეს. მთელი დღე დამაკარგვინეს, სადაც ეწერა, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აი, შველოდა ჩემს გაჭირვებას ან შველის?! აზრი არა აქვს მიმართვას. პოლიციის უფროსის ბიძაშვილის არის 3 სული წაყვანილი. ქართველი არ ხარ?! მარტო ჩემი საქონელი კი არ იკარგება, მასიურად ხდება დაკარგვა. რუსიეშვილი დამავიწყდა, კუჩუიე დამავიწყდა, რავი რამდენი ჩამოგითვალო. ყველას მოპარეს. გადამშპა ფეხებზე ტყავი ძროხის ნაძებარი. ვისაც დაეკარგება, ყველა მე მეკითხება, ხომ არ დაგინახიაო, ამის გადამკიდე ტელეფონი დავამტვრიე. ისიც მეყოფა, ჩემსაც რომ ვეძებ და სხვაც დამემატა. 26 ძროხაა ჯამში ჩემგან წაყვანილი, ამას გარდა ჩემი 10 სული ცხენია დაკარგული. 3 პაწე ბაბუაის იყო, ჩემს დისშვილიშვილს ვაჩუქე, რომ დეიბადა იმ წელიწადს და ისიც წაიყვანეს. ნოლზე დავრჩი. გამიშვან, ბატონო, სახელმწიფოდან, გამაგდონ, წასასვლელი არსად მაქვს. კანონი არსად არ კანონობს, არავის არაფრის ეშინია და ვიღუპებით ასე. ერთი გენერალური ინსპექციის უფროსია, მის ბიძაშვილსაც მოპარეს, 2 სულია მისგან წაყვანილი. სიძე შსს მინისტრის მოადგილეა, რაა შედეგი?! პოლიციის უფროსის ბიძაშვილის ძროხები ჩემთან მივიყვანე, ვიფიქრე, ეგება არ მომიკიდონ ხელი, რომ გაიგებენ, ვისი რა არის-თქო. რად გინდა, 3 წეიყვანეს მისგან. ძალიან მინდა ამ ფაქტს მიმიქციოთ ყურადღება, დასამალი არაფერი არ მაქვს, განადგურებული ვარ. სამწუხაროდ, დიდი იმედიც არ მაქვს, ერთი მაინტერესებს _ ჩემი გაგზავნილი პირადობის მოწმობა თუ მივა წულუკიანამდე, თორემ ჩემი ძროხების საქმის შედეგი ის იქნება, აქაურ პოლიციის უფროსებს მოხსნიენ და სხვაგან გადეიყვანებენ.~

 

მოიწონეთ სტატია