ტრაქტორი მინდორ–ველებს როგორც ხნავს – ყველა ვხედავთ

აი, ბრიგადირი კი ეტყობა აშკარად იფხანს ერთ ადგილს
გასულ წელს ხელისუფლებამ დიდი ოვაციით გვახარა, რომ მომდევნო წლიდან უფასოდ მიწების დახვნის პროგრამა აღარ იმოქმედებდა და შესაბამისად, გლეხს აღარ უნდა ჰქონოდა იმის იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყანაში ჩასულს თავისი კუთვნილი მიწა გადაბრუნებული დახვდებოდა. 4 წლის წინ ამოქმედებული პროგრამაზე თავიდანვე იყო დაანონსებული, რომ ოდენ 3 წელს გასტანდა. მაშინ ყველა დღე გვესმოდა, რაც ქვეყანაში გავერანებული ფართობები იყო, ყველა ათვისებულია და უხვი მოსავლიანობის წლები დადგაო. რეალურად ასე რომ არ იყო, ყველამ კარგად უწყოდა. ახალ პროგრამას ბევრი ხარვეზი აღმოაჩნდა. დღესაც არიან ჩვენს მუნიციპალიტეტში ადამიანები, რომლებმაც აღნიშნული პროგრამით ვერც ერთ წელს ვერ ისარგებლეს.
მოკლედ, გასულ წლებში თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა დაჯამება თუ რამდენი ფართობი იყო დახნულ–დათესილი ამა თუ იმ სოფელში და მუნიციპალიტეტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდზე გვახარებდნენ ხოლმე, რომ „მშრომელებმა 100 ჰა. დახნეს და დღის გეგმა გადაჭარბებით შეასრულესო.“
ის, რაც გასულ წელს ან იმის წინა წელს აქტიურად შუქდებოდა, წელს არსად არ გაუპიარებიათ. მიზეზი მარტივია, მოსახლეობაში სამ წლიანმა პროგრამამ ისეთი შედეგი გამოიღო, რომ ტრაქტორის ხმა საყანე ფართობებში ალაგ–ალაგ თუ ისმის და ისიც ცუდი ამინდების შემხედვარე კიდევ უფრო იშვიათობად არის ქცეული. ანუ, შედეგი გვაქვს, როგორც ერთი „ქოცი“ პარლამენტარი იტყოდა: „უზარ–მა–ზარი“.
ამ ყველაფერს დაემატა ლანჩხუთში ავტობანის მშენებლობის აქტიურ ფაზაში შესვლა და მოსახლეობის ნაწილმა ხელი ჩაიქნია.
გასულ წელს სოფელ ახალსოფელში ასეთი ფაქტი დაფიქსირდა. ჩინური კომპანიის მესვეურებმა საყანე ფართობებში იმ დროს მოახდინეს ტექნიკის დემონსტრირება, როცა სიმინდი ე.წ. კატარში იყო. ნახევრადმშიერი პირუტყვი შეესია ყანებს და ფერმერებს მოსავლის დიდი ნაწილი გაუნადგურა.
სწორედ ამის შიშით ერიდებიან ლანჩხუთელთა ნაწილი ფართობების დამუშავებას.
„შარშან დახნეს და ამ დროისთვის თითქმის დათესილი იყო ფართობები. წელს არც არავინ გაგვკარებია და შესაბამისად, ნაკლებად ნახავ დათესილ ფართობს. ან დათესვას რა აზრი აქვს?! ავტობანის გადამკიდე გახსნის ფართოტებს ვინ დაიცავს. კი გვეუბნებიან, რომ საღამოს 6 საათამდე კომპანიას მცველი ეყოლება დაყენებული, მაგრამ იმის შემდეგ რა ვქნას?! 60 მეტრიანი ღობეა აღებული რამდენიმე ადგილას, იმას ყველა ღამე ვინმე გაღობავს და დილას გახსნის თუ რა იქნება,“ _ ამბობენ გურულები.
ჩვენთან დღესაც მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც როგორც თავად ამბობენ, „ქვეყნის დანგრევამდე“ მეურნეობებში მუშაობდნენ.
ისინი იხსნებენ: „ასეთი მდგომარეობა მაშინ რომ ყოფილიყო, ციმბირი უკან გექნებოდა მოტოვებულიო. პირველ მაისს ყოველთვის აღლუმი ტარდებოდა და ამ დღეს ლანჩხუთშიც დიდი ზეიმი იყო. მასზე დაკლება არ შეიძლებოდა. მექანიზატორების უმეტესობა აღლუმზე გამოდიოდა და შემდეგ ფართობებში მიიჩქარროდა. გეგმა ასეთი იყო, ხვნა კარგა ხნის დასრულებული უნდა ყოფილიყო ამ დროისთვის, ხოლო თესვის საქმე თითქმის ბოლომდე მიყვანილი. ქალაქის საბჭოთა მეურნეობას 800 ჰა მიწა დამუშავებული ყოველთვის ჰქონდა. ამიტომაც იყო, დროულად ვიღებდით მოსავალს და ნოემბრის წვიმიან ამინდებში არ გვიწევდა საყანე ფართობებში ყოფნა. საშვიდნოემბროდ იშვიათობა იყო სადმე ყანა ყოფილიყო დარჩენილი მოსატეხად.“
რა ხდება დღეს?!
ამაზე ნაწილობრივ ზემოთაც ვისაუბრეთ. ერთი საბჭოთა დროინდელი გამოთქმის ინტერპრეტაციისა არ იყოს: ტრაქტორი მინდორ–ველებს როგორც ხნავს ყველა ვხედავთ. აი, ბრიგადირი კი ეტყობა აშკარად იფხანს ერთ ადგილს უსაქმურობისგან, ისევე როგორც მაშინ.
ტრაქტორის და მინდორ–ველების ამბავი გურულებს ქვეყნის მასშტაბით, ალბათ, ყველაზე უფრო მოეხსენებათ.
გურიას არც სატრაქტორო სკანდალი მოკლებია თავის დროზე. მართალია, კომუნისტების ხანაში ბევრი ტექნიკა ყავდა ჩვენს მეურნეობებს, მაგრამ როცა თავისუფლების რელსებზე გადავერთეთ მათი ნაწილი ან ჯართად იქნა გაყიდული, ან ასაკიდან გამომდინარე ამორტიზირებული გახდა. სწორედ ამ პერიოდში ლანჩხუთში ახალი ტრაქტორების პირველი პარტია გამოჩნდა. ერთ–ერთი მათგანი სოფელ შუხუთის ცენტრში დააყენეს საარჩევნო უბანთან და ზედ მმართველი პარტიის სარეკლამო პლაკატიც გამოჭიმეს. ისე მოხდა, რომ შუხუთლებმა მმართველ პარტიას ოპოზიცია ამჯობნეს და სოფლის ცენტრში მდგარი ტრაქტორი, რომელიც დაპირების მიხედვით სწორედ შუხუთლებს უნდა მომსახურებოდა, სხვაგან გადაიყვანეს. ამას მაშინ დიდი სკანდალიც მოჰყვა. ენაკვიმატი გურულები ამბობდნენ: „ერთი ტრაქტორის ხმა გაზაფხულს მაინც ვერ მოიყვანდაო.“
ლანჩხუთი აგრარული მუნიციპალიტეტია და ჩვენთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მიწის დამუშავება აგროვადებში. წელს ერთი ფუთი სიმინდის ფასი ბაზარზე 10–12 ლარს ჯერ არ გასცდენია, მაგრამ თუ მასობრივად მოხდა ფართობების გაჩერება (რისი აშკარა ტენდენცია თვალშისაცემია), მაშინ შეიძლება მისი ფასი უფრო მაღალი დარჩეს. ეს ისედაც მძიმე ყოფაში მყოფ მოსახლეობას ცუდ დღეში ჩააგდებს.

 

მოიწონეთ სტატია