ახალი ერა საკრებულოს ცხოვრებაში

ბოლო საკრებულო სხდომა, რომლის შესახებაც „ჰო და არას“ წინა ნომერში ვწერდით სკანდალებით გახლდათ გამორჩეული. საკრებულოს ბოლო სხდომაზე სიახლე გახლდათ ის, რომ სხდომის საცდელი ტრანსლაცია განხორციელდა. საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხდომის მიმდინარეობისთვის პირდაპირ რეჟიმში ედევნებინათ თვალი.
პროექტს „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით“ ფარგლებში, ოზურგეთის ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ და გურიის ,,ახალგაზრდა რესურსცენტრი“ UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
სმს ინფორმირების სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს.
შეხვედრებზე ხდება მოსახლეობის ინფორმირება საკრებულოს საქმიანობის შესახებ , სმს სისტემის ერთიანი ბაზისათვის მათთვის ანკეტა-მემორანდუმის შეთავაზება, რომელზეც ხელმოწერის შემთხვევაში ხდება მათი მხრიდან თანხმობის დადასტურება, საკრებულოს გასამართი სხდომებისა და საქმიანობის შესახებ სმს გზავნილის მიღებაზე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სამ ტერიტორიულ ერთეულში შეიქმნება საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრები. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში თვალყური ადევნონ საკრებულოს სხდომებს და დაუსვან შეკითხვა დეპუტატებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დეპუტატთა ნაწილმა როცა გაიგო, რომ სხდომის ტრანსლაცია ხდებოდა გარკვეული პროტესტი გამოთქვა, რატომ იმ სოფლებში არ ხდება ჩვენება, სადაც ჩვენ ვცხოვრობთო.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, სამი ტერიტორიული ერთეული გარკვეული კრიტერიუმით შეირჩა, თუმცა ვისაც ინტერნეტში ჩართული ტელეფონი ან კომპიუტერი აქვს და საკრებულოს ფეისბუქგვერდი ერთხელაც მოუწონებია, ის ავტომატურად მიიღებდა შეტყობინებას, რომ ტრანსლაცია გადის და სურვილის შემთხვევაში უყურებდა კიდეც.
როგორც ცნობილი გახდა საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრებში სპეციალური ტელევიზორები დამონტაჟდება, სადაც დაინტერესებული პირი უყურებს თუ რა საკითხებზე მსჯელობენ ლანჩხუთელთა რჩეულები.

 

მოიწონეთ სტატია