წარმატებული პროექტი და ექსკურსია პრომეთეს მღვიმესა და ბაგრატის ტაძარში

ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის მესამე კლასელებმა (ხელმძღვანელი დარეჯან ჭირაქაძე) საკმაოდ საინტერესო პროექტი განახორციელეს. მათ ორი საოცრება _ პრომეთეს მღვიმე და ადამიანის ხელით შექმნილი ბაგრატის ტაძარი მოინახულეს. პატარებმა ორივე ადგილი გამორჩეულად დაათვალიერეს, რადგან დარეჯან მასწავლებლის დახმარებით წინასწარ იცოდნენ თუ სად მიდიოდნენ და რა სილამაზის ნახვა მოუწევდათ. პრომეთეს მღვიმე ზღვის დონიდან 100 მ-ზე მდებარეობს. ქალაქ თბილისიდან დაშორებულია 240 კილომეტრით, ხოლო ქალაქ ქუთაისიდან 40 კილომეტრით. აღმოჩენილია 16 დარბაზი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მასშტაბით და გაქვავებული ჩამონაღვენთების ფორმით. მდიდარია სხვადასხვა სახის წარმონაქმნებით. კარგი ტურისტული ობიექტია. მღვიმე კეთილმოწყობილია; არის საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება, ლაზერ-შოუ, სხვადასხვა ხედები და თერაპია ასთმით დაავადებული ადამიანებისათვის. მღვიმე გამოცხადებულია ბუნების ძეგლად.
შემდეგი გაჩერება იყო ბაგრატის ტაძარი, რომელიც თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. ისტორიულად კი იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა. 2009 წლის აგვისტოში ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაგრატის ტაძარში, დასავლეთ კარიბჭის შიგნით, სამარხი აღმოაჩინა, რომელშიც დიდი რაოდენობით ოქროს საყურეები, ბეჭდები და სხვა აქსესუარები იყო ჩატანებული. სამარხი ჩვ.წელთაღრიცხვით VIII-IX საუკუნით თარიღდება. ის, სავარაუდოდ, საქართველოს რომელიმე დედოფალს ან მეფის კარზე მყოფ დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა. ბაგრატის ტაძარი 1994 წლიდან იუნესკოს, მსოფლიოს კულტურული საგანძურის სიაშია. ბაგრატის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, ისტორიულ იმერეთში, ქალაქ ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე. ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში.
მართლაც გამორჩეული დღე გამოუვიდეთ ბავშვებს და სახლებში ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. რისთვისაც დიდი მადლობა ეკუთვნის მათ პედაგოგს, დარეჯან ჭირაქაძეს ასეთი ლამაზად მოფიქრებული და განხორციელებული პროექტისათვის.

 

მოიწონეთ სტატია