დამოუკიდებლობის დღე ლანჩხუთში

ისევე როგორც მთელს საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 26 მაისი განსაკუთრებულად აღინიშნა. ქვეყნის დამოუკიდებლობის 99–ე წლისთავი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ის შოთა რუსთაველის \ვეფხვისტყაოსნის~ მოტივებზე გახლდათ აგებული. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ლანჩხუთში 25 მაისს დაიწყო, როდესაც დღეს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში რუსთაველის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ბიბლიოთეკაში ქალაქის პირველი, მეორე, მესამე საჯარო სკოლების და სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები "ვეფხისტყაოსანი" შესახებ. ისაუბრეს ამ უკვდავი პოემის რაობაზე, მის ხელნაწერებზე, ნაბეჭდ წიგნებზე, მითებსა და რეალობაზე რუსთაველის შესახებ.
26 მაისს დილიდან საზეიმო განწყობა იყო ჩვენი ქალაქის ქუჩებში. რამდენიმე ადგილასაც სპეციალური ბანერიც გამოფინეს, რომელიც ადგილობრივებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდა.
ადგილობრივი ხელსუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბესიკ ტაბიძემ კოლეგებთან ერთად თავდაპირველად ნოე ჟორდანიას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. მოგვიანებით ძეგლი გვირგვინით შეამკეს საკრებულოს ფრაქცია \მეტი ქალი პოლიტიკაში~ წევრებმა.
ქალაქის ცენტრალურ სკვერში სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობდა: ჭადრაკში, ნარდში, მაგიდის ჩოგბურთსა და მკლავჭიდში. პარალელურად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები შოთა რუსთაველის გენიალური \ვეფხისტყაოსნის~ თემაზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გამგეობის წინ მდებარე ფანტანი ჩართული იყო და სადღესასწაულო განწყობას უფრო ლამაზს ხდიდა.
კულტურის ცენტრის ფოიეში გაიმართა ნინოშვილელი გიგა დონდოლაძის ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა. აქვე სახალხო დასის წევრებმა, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული მაისურებით იყვნენ შემოსილნი, წაიკითხეს ნაწყვეტები რუსთაველის გენიალური და უკვდავი პოემიდან. მათ საზოგადოების ნაწილიც შეუერთდა.
დღის ბოლოს სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს გამგეობის სოციალური სამსახურის მიერ სხვადასხვა სახის პრიზები, მედლები და თასები გადაეცათ.
26 მაისი ლანჩხუთში საზეიმო კონცერტით დასრულდა.
 

მოიწონეთ სტატია