ლანჩხუთის ექსგამგებელი კორუფციულ გარიგებებზე ალაპარაკდა!

ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი კახა ასკურავა ავტობანის მშენებლობისთვის მძიმეწონიანი მანქანებით ინერტული მასალის გადაზიდვების თემას ეხება და ადგილობრივ ხელისუფლებასა და პოლიციას კორუფციულ გარიგებებში სდებს ბრალს. როგორც იგი აცხადებს, მანქანები იმაზე მეტ ტვირთს ეზიდებიან, რაც დასაშვებ ნორმას აღემატება.
ეს კი, მისივე განმარტებით, იმ ერთეული ადამიანის გამდიდრებას ემსახურება, ვინც ამ კორუფციულ სქემაშია ჩართული. სწორედ ამით ხსნის ასკურავა იმ ფაქტს, რომ საპატრულო პოლიციას მძიმეწონინი მანქანების მძღოლებთან შეკითხვები არ უჩნდება, არის თუ არა გადასატანი მასალები იმ წონის, რასაც სპეციალურ ქვითრებში მიუთითებენ.
არსებული ინფორმაციით, მოსახლეობას აქციაც ჰქონდა დაგეგმილი, რადგან წონის გადამეტების გამო, გზა ზიანდება, თუმცა პროტესტი არ შედგა _ სავარაუდოდ, ამაზე ვინმემ იმუშავა.
კახა ასკურავა:
`ისეთი საშური საქმის გაკეთებას, როგორიცაა ავტობანის მშენებლობა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კორუფციული ინტერესები სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს მოსახლეობის თვალში.
მაღალი ტონაჟობის მანქანების ცენტრალურ მაგისტრალზე და მითუმეტეს ქალაქის შიდა გზებზე გატარება, მოსახლეობის საფუძვლიან პროტესტს იწვევს.
არადა თუ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ეს გათვალისწინებულია, ამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუკუნის პროექტის განხორცილებას არანაირად არ შეეშლებოდა ხელი.
ინერტული მასალი დანიშნულების ადგილზე მისატანად არსებობს ე.წ შავი გზა (თუ არ არსებობს, ეს ცალკე პრობლემაა), რომელზეც უნდა გადაადგილდებოდეს დატვირთული მანქანები და მათ არანაირი შეხება არ უნდა ჰქონდეთ ცენტრალურ მაგისტრალთან. ეს რომ ასე უნდა ხდებოდეს, ყველა საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედული ადამიანი დაგიდასტურებთ, მაგრამ, თუ რატომ არ ხდება, ამას აქვს კონკრეტული მიზეზები - ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებში არიან შესულები (მათ შორის არაფორმალური მმართველები რეგიონში) როგორც მომწოდებლებთან, ასევე შემსრულებლებთან და მათ სრული თავისუფლება აქვთ მიცემული მოქმედებებში. აბსოლუტურად ყველა მანქანა, რომელიც ეზიდება ინერტულ მასალას კარიერებიდან, არის გადატვირთული. ანუ მასზე დაყრილი ინერტული მასალის ტონაჟობა ბევრად აღემატება დასაშვებ ზღვარს. რატომ არ რეაგირებს ამაზე საპატრულო პოლიცია, რომლებიც ჩვეულებრივ ტრაილერებს მსგავს დარღვევაზე სოლიდურ ჯარიმებს უწერენ?! სად მიდის ის თანხები, რომელიც ქაღალთზე მითითებულ ტონაჟობას ზემოთ აყრია მზიდებს და ჩემი ინფორმაციით, ეს სხვაობა დაახლოებით 4-5 ტონას უდრის?! აქ საუბარია ძალიან დიდ ფულზე, რომელსაც ზარალობს სახელმწიფო ბიუჯეტი და რომელ კორუფციულ სქემასაც, კონკრეტული ადამიანები ლობირებენ საკუთარი გამდიდრების ხარჯზე?! მე მოვუწოდებ შესაბამის სამსახურებს დაინტერესდეს ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაციით და გადაამოწმოს მისი ნამდვილობა, ეს ძალიან მარტივია - გავაჩეროთ ინერტული მასალით დატვირთული ტვირთმზიდი და ავწონოთ, მერე შევადაროთ იმ რაოდენობას, რომელსაც ქვითარში უთითებენ!
ჩემთან პირად საუბარში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმაც დაადასტურა გადატვირთვის შედეგად გაფუჭებული ტვირთმზიდების მიერ ცენტრალურ მაგისტრალზე შექმნილი პრობლემა - მოვკვდი მაგათი გახეთქილი საბურავების გადაყრით, რომელსაც სადაც გამოვცლიან იქვე ყრიანო...
`ჰო და არა~ ამ თემაზე განსხვავებულ პოზიციებსაც მოისმენს, თუ ვინმეს ამის სურვილი ექნება.

 

მოიწონეთ სტატია