რას ითხოვს 94 წლის ლანჩხუთელი

94 წლის დიანოზ წულაძე ერთ–ერთი იმათგანია, ვისაც სოციალური შემწეობა მოუხსნეს. მარტოხელა მოხუცი სოფელ ქვიანის მკვიდრია და მისი შემოსავლის წყარო ასაკის პენსიასთან ერთად ის 60 ლარიანი შემწეობა იყო, რომელიც, როგორც ეუბნებიან, აღარ ეკუთვნის. სწორედ ამ თემით შეწუხებული გვეწვია რაიონის ერთ–ერთი უხუცესი მოქალაქე რედაქციაში და თავისი პოზიციის დაფიქსირება გვთხოვა:
\ჩემი ხნის ბაბუა, ჩემს თემში, რომელშიც 5 სოფელი _ ნიგოითი, ჩოლობარგი, ჯაპანა, ჭყონაგორა და ქვიანი შედის არავინ არ არის. 94 წელს მალე დავასრულებ და ამ ხნის კაცს თუ ასე მომატყუებდნენ არ ვიცოდი. რამდენიმე ხნის წინ მანქანის სიგნალი გავიგონე ჭიშკართან. მივედი, მობრძანდი ვუთხარი იმ ახალგაზრდა კაცს, მაგრამ ეზოში არ შემოვიდა. ასე მითხრა, მე დახმარებიდან ვარ მოსული და ფურცლებზეა ხელი მოსაწერიო. სათვალე არ მჭირდება ისე ვკითხულობ და მანახე ერთი რა ხდება–მეთქი. ცარიელი ფურცლები იყო, შენ უბრალოდ ხელი მომიწერე, მეტი აფერი არ არის საჭიროო. ასეც მოვიქეცი. რავა ვიფიქრებდი, რომ მატყუებდა. გავიდა ეს დღეები და სოციალური ვეღარ მივიღე. როგორც მითხრეს, თურმე შევუმოწმებივარ და მაღალი ქულები მიმიღია. ეს არის სამართალი?! ძალიან გავბრაზდი და ამიტომ მოვედი თქვენთან. მინდა საზოგადოება გავაფრთხილო, რომ ჩემსავით არ მოტყუვდნენ~, _ გვითხრა ბატონმა დიანოზმა.
\1978 წელს გამოვეყევი ჩემს შვილს და ცალკე დავსახლდი. მეუღლე გარდაცვლილი მყავს. მარტო ვცხოვრობ. შვილები მყავს, მაგრამ ისინი ცალკე არიან. მარტოხელა მოხუცს სახლში ხეირიანი არაფერი მაქვს. თან ერთი ლოგინი მაქვს, ერთი ძელსკამი და მაგიდა. სტუმარი რომ მოვიდეს, მაგიდასთან არ დავსვა და 100 გრამი არ დავალევინო?! სკამიც კი არ მაქვს სახლში. შეგიძლიათ მოხვიდეთ და ადგილზე ნახოთ ყველაფერი.~ _ ამბობს ჩვენი რესპოდენტი.
\რაც სოციალური არსებობს, მას შემდეგ მქონდა ის. არავის მოუხსნია, არც არაფერი შემიმატებია სახლში ამ წლების მანძილზე. ამ ხნის ადამიანი ვარ, ხვალ როგორ ვიქნები არ ვიცი, მაგრამ დღეს, როცა ასე მექცევიან, ძალიან მტკივა გული. ჰო და არას~ დიდი იმედი მაქვს. თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ მჯერა რასაც გეტყვით, ყოველგვარი შელამაზების გარეშე გამომიქვეყნებთ და ჩემს ნათქვამს არ დამალავთ. ასევე მინდა გითხრათ, რაც მითხრეს სოციალურ სამსახურში _ საბუთები მოიტანე და ექიმთან ვიზიტისას ფულის გადახდა არ მოგიწევს, ამას გაგიკეთებთო. რათ მინდა მაგენის გაკეთებული. ისეთი კაი ექიმი მყავს სოფელში, როცა ვაწუხებ, სულ თავს მევლება. ძალიან კარგი ადამიანია, მისი გამოწერილი წამლების უფრო მჯერა მე, ვიდრე ამათი მოცემული უფასო მედიკამენტების თუ უფასო ექიმების~ _ გვითხრა დამშვიდობებისას სოფელ ქვიანის მკვიდრმა.
\ჰო და არა~ სოციალური მომსახურების ლანჩხუთის რაიონული განყოფილებას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სათაო ოფისიდან პრესსამსახური დაგვიკავშირდებოდა და დეტალურად აგვიხსნიდა რა მოხდა სინამდვილეში. დღის ბოლომდე ველოდით მათ დაკავშირებას. შემდეგ ადგილობრივი განყოფილებიდან ისევ შეგვეხმიანენ და დაგვაიმედეს, დღეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ხვალ აუცილებლად ჩაგაყენებენ საქმის კურსშიო. ეს ხვალ, პარასკევი დღე იყო, რომელმაც ისე გაიარა, რომ არავინ შეგვხმიანებია.
\ჰო და არა~ გამოთქვამს მზადყოფნას სოციალური სამსახურის პოზიციაც დააფიქსიროს მათი სურვილის შემთხვევაში.

 

მოიწონეთ სტატია