გაწბილებული და აბუჩად აგდებული ჩვენ, ბესიკის ქუჩის მცხოვრებნი მოგმართავთ თხოვნით, რომ იქნებ თქვენი გაზეთის საშუალებით ხმა მიაწვდინოთ ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობას ჩვენს ქუჩაზე არსებული მდგომარეობის შესახებ

ქალაქ ლანჩხუთში მდებარე ბესიკის ქუჩაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით `ჰო და არა~ რამდენჯერმე წერდა. აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლები დიდი ხანია აპროტესტებენ იმ გაუსაძლის ყოფას, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება.
ჯერ კიდევ მარტის თვეში გვწერდნენ იქ მაცხოვრებლები, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვითხოვთ გასაჯაროვდეს ამ ქუჩის სარემონტო სამუშაოს შესრულების პროექტი, სამუშაოს შესრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტები, თუკი ასეთი არსებობს, სადაც იქნება დამოწმებული ამ სამარცხვინოდ შესრულებული გზის ვარგისიანობა და ხარისხი.
`კატეგორიულად ვითხოვთ, ჯეროვან ყურადღებას, საკითხის საფუძვლიან შესწავლას ადგილზე დათვალიერებით, საქმეში დარგის სპეციალისტების ჩართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ, მივმართოთ ცხელ ხაზს და ზემდგომ ორგანოს საქმიანი დახმარებისთვის~ _ აღნიშნული იყო წერილში, რომელიც `ჰო და არამ~ ოპერატიულად გამოაქვეყნა.
უფრო მეტიც, აღნიშნულის შემდეგ ქუჩის მაცხოვრებლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი პირები შეხვდნენ და დახმარებასაც დაჰპირდნენ.
`ჰო და არა~ რამდენჯერმე იმყოფებოდა ბესიკის ქუჩაზე და ადგილზე გაეცნო ვითარებას და ესაუბრა ქუჩის მკვიდრებს.
რამდენიმე დღის წინ 26 ადამიანის მიერ ხელმოწერილი კიდევ ერთი წერილი შემოვიდა ჩვენს ოფისში, სადაც ბესიკის ქუჩის მოსახლეობა ხელისუფლებას აბუჩად აგდებაში ადანაშაულებს.
ბესიკის ქუჩის მცხოვრებთა კოლექტიური განცხადებას სრულად გთავაზობთ:
`გაზეთ `ჰო და არას~ რედაქტორს, ქალბატონ ნონა გიგინეიშვილს!
გაწბილებული და აბუჩად აგდებული ჩვენ, ბესიკის ქუჩის მცხოვრებნი მოგმართავთ თხოვნით, რომ იქნებ თქვენი გაზეთის საშუალებით ხმა მიაწვდინოთ ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობას ჩვენს ქუჩაზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
მ/წლის მარტის თვეში ჩვენს კოლექტიურ განცხადებას გამოეხმაურა გაზეთი `ჰო და არა~, `გურია ნიუსი~, `ლანჩხუთის პლიუსი~ და ზოგიერთი ხელმძღვანელი, იყო დაპირებები, იყო ზოგიერთისაგან სალანძღავი სიტყვაც (რომელიც ცალკე თემაა და ამას აუცილებლად თქვენი გაზეთის საშუალებით გახდება ცნობილი).
რასაც ჩვენი ქუჩის მცხოვრებნი ვითხოვდით, ვერც ერთზე ვერ მივიღეთ დამაკმაყოფილებელი პასუხი. პირიქით, ინფრასტურქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე გვარწმუნებდა, რომ შპს `სამკუთხედის~ მიერ შესრულებული სამუშაო ნორმალურია. რიგი ხელმძღვანელობისა შეგვპირდა, რომ ადგილზე მოვიდოდა ტექნიკა და ხარვეზები გასწორდებოდა.
თქვენი მ/წ 26 მარტის გაზეთში ვრცელი წერილია ჩვენს გასაჭირზე, სადაც ვკითხულობთ ეთიკის კომისიის თავკაცის, რომან ბიწაძის განცხადებას, თურმე გაუგებრობაა მოსახლეობასა და მთავრობას შორის. დიახ, გაუგებრობა კი არა ბარბაროსობაა, რაც ქუჩას დამართა შპს `სამკუთხედმა.~ ჩვენ გქვონდა ინფორმაცია რომ სანიაღვრე არხები გაკეთდებოდა, ნორმალურად მოწესრიგდებოდა და არა ისე, როგორც დატოვეს. ერთი კი გვინდა ვიკითხოთ თუნდაც რომ ასფალტი გვინდოდეს, რა XXI საუკუნეში ფუფუნება ასფალტიანი გზა? ბატონებო! თქვენ არ მიგიჩვევიხართ დიდ ყურადღებას და არც ველით თქვენგან მოწყალებას, არამედ ვთხოვთ რომ დროა გონს მოეგოთ და ის საშინელი დანაშაული, რაც ჩვენს წინაშე ჩაიდინეთ დროზე გამოასწოროთ.
სადაა თქვენ მიერ დაპირებული ტექნიკა, რომელიც გზას მოაწესრიგებდა, სადაა მუშახელი, რომელიც სანიაღვრეებს გაწმენდდა?! ერთ თვეზე მეტი გავიდა, ნუთუ არ არის საკმარისი დრო?
ქალბატონო ნონა, გთხოვთ თქვენი გაზეთის საშუალებით გაშუქდეს ჩვენთან არსებული მდგომარეობა ადგილზე ჟურნალისტის მოსვლით, სადაც უფრო ნათელი გახდება ჩვენი მდგომარეობა. იქნებ ამის შემდეგ შესძლოს რაიონის ხელმძღვანელობამ ჩვენთვის ყურადღების მოქცევა~, - ნათქვამია წერილში.
`ჰო და არა~ იმედს იტოვებს, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება ამ ქუჩის მაცხოვრებელთა მიერ წარმოთქმულ ბრალდებებზე სრული რეაგირება და თვეების განმავლობაში არსებული დავა დროულად მოგვარდება.
 

მოიწონეთ სტატია