მოგვაშორეთ ჭადარი

`ჰო და არას~ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მაცხოვრებლები დაუკავშირდნენ და დახმარება თხოვეს. როგორც მათი მონათხრობიდან ირკვევა, აფთიაქ `პსპ-ს~ უკან მდებარე ჭადრის ხე იქვე მცხოვრებ მოსახლეობას და არა მარტო მათ საფრთხეს უქმნის.
`უნდა ნახოთ ქარიან ამინდში რა საშიშროების ქვეშ ვართ. ხე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, სპეციალისტების დასკვნაც არსებობს, რომ ის არის მოსაჭრელი, მაგრამ არავინ გვაქცევს ყურადღებას. ერთ წელზე მეტია, ჩვენს მიერ დაწერილი წერილები, რომელიც გამგეობაშიც არის გაგზავნილი, მხოლოდ წერილებად რჩება. მართალია, მოვიდნენ და გვითხრეს, რომ მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა, მაგრამ ისიც დასძინეს, რომ ფინანსები არ გვაქვს და შესაბამისად, ვერც მოვჭრითო. ხის მოსაჭრელად 1000 ლარი ყოფილა საჭირო. როცა ეს ხე წაიქცევა და აქაურობას ფუნგად აქცევს, მერე რამდენი 1000 ლარი იქნება საჭირო რეაბილიტაციისთვის. ეს ადგილი ქალაქის ცენტრალური პარკის ნაწილია. აქ ბავშვები ხშირად თამაშობენ. ღმერთმა ნუ ჰქნას, მაგრამ უბედურება რომ დატრიალდეს, პასუხი ვის მოვთხოვოთ?!~ _ გვითხრეს იქვე მაცხოვრებლებმა.
`ჰო და არამ~ დაზიანებული ჭადარი დაათვალიერა. მართლაც საგანგაშო მდგომარეობაა.
როცა ჭადარს ფოტოებს ვუღებდით იქ მომუშავე და მცხოვრები ადამიანები კიდევ ერთხელ გამოგვეხმაურნენ და ერთი საინტერესო დეტალიც გაგვიმხილეს:
`როცა წინასაარჩევნო პერიოდი იყო, გვირჩიეს საგანგებო სიტუაციების მმართვის ცენტრის ცხელ ხაზზე დარეკეთ, იქნებ იმათმა მაინც გიშველონო. მართლაც ასე მოვიქეცით. მოვიდნენ, დაათვალიერეს აქაურობა, გვითხრეს, რომ ხე ნამდვილად მოსაჭრელია, თან სასწრაფოდ, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ გვაქვსო. შემდეგ ერთი ადამიანი გამოვნახეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ხეს მოჭრიდა, მაგრამ ახლა ნებართვაზეა საუბარი.~

 

მოიწონეთ სტატია