ლანჩხუთელი მოჭიდავეების წარმატება რესპუბლიკურ ტურნირზე

რამდენიმე დღის წინ ქალაქ თერჯოლაში ჩატარდა ევროპის პრიზიორის და მსოფლიო ჩემპიონის, მირიან გიორგაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ბ/რ ჭიდაობაში 2003–2004 წლებში დაბადებულთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო 230-მდე მოჭიდავემ (მათ შორის ლანჩხუთის სპორტული ცენტრის 12 ფალავანი). ჩვენებურთაგან 3-მა მოჭიდავემ შეძლო მედლის მოპოვება _ ზაზა თევზაძე, ლუკა ლომაძე, ლუკა ჭყონია. კარგად იჭიდავა ზაზა თევზაძემ, მან სამი შეხვედრა მოიგო, ერთი წააგო და მოიპოვა ვერცხლის მედალი; რაც შეეხება ლუკა ლომაძეს, ის არის 10 წლის და გურჯაანში ჩატარებულ საქართველოს პირველობაზე ასაკის სიმცირის გამო არ დაუშვეს. სამაგიეროდ, ამ ტურნირზე 35 კგ წონით კატეგორიაში აშკარა უპირატესობით დაამარცხა თავისზე ორი წლით დიდები _ საქართველოს ვერცხლის პრიზიორი ლუკა ხოზრევანიძე და ბრინჯაოს პრიზიორი საბა თავართქილაძე. მან ექვსი შეხვედრიდან ხუთი ქულების აშკარა უპირატესობით მოიგო, ხოლო მეექვსე შეხვედრა ორი წლით დიდთან მსაჯების არაობიექტურობის გამო ანგარიშით 3-4 წააგო; ლუკა ჭყონიამ შესანიშნავად იჭიდავა 4 შეხვედრა, სადაც მან სუფთა გამარჯვება მოიპოვა. ერთი შეხვედრა კი დათმო ავადმყოფობის გამო, სამივე მონაწილე დაჯილდოვდა მედლებით და სიგელებით. ჩვენებურები ტურნირისთვის დავით მჟავიამ, თემურ მარშანიშვილმა და გოჩა ლომაძემ მოამზადა.

 


 

მოიწონეთ სტატია