ინფრასტრუქტურის კომისიას ახალი თავკაცი ჰყავს

რამდენიმეთვიანი ვაკანსიის შემდეგ საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. როგორც მოსალოდნელი იყო აღნიშნული პოსტი სუფსის თემის რჩეულმა, ფრაქცია `მაჟორიტარების~ თავკაცმა, ჯუმბერ ბლაგიძემ დაიკავა. ბლაგიძის კომისიის თავმჯდომარედ არჩევას წინ მთელი რიგი კონსულტაციები უძღვოდა. კულუარებში აქტიურად ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის ინფორმაცია. როგორც ამბობდნენ, ბლაგიძის კანდიდატურა თავიდანვე იყო მოწონებული, მაგრამ შემდგომ შეჩერდა, რადგან უმრავლესობით მოსულ `ოცნებას~ დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსის მქონე მაჟორიტარი ხელს არ აძლევდა. ისიც ითქვა, რომ ბატონი ჯუმბერი კოლეგიალურობას მუდამ იცავს და შესაბამისად, მისი კომისიის თავმჯდომარეობა დიდი ხელშემშლელი ფაქტორი არ იქნებოდა უმრავლესობისთვის. ისიც აღსანიშნავია, რომ სუფსის მაჟორიტარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითქმის ყველა საკრებულოს სხდომაზე აკეთებს განცხადებებს და როგორც ჩანს ისიც იფიქრეს, საქმეში ჩახედულმა კაცმა, რაიმე ისეთი არ გამონახოს, რაც გვავნებსო.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი კაბინეტში საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდა თურმე ერთი თანამდებობის პირი, ვინ გაბედავს და ვინ მისცემს ბლაგიძეს ხმასო.
თუმცა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ამაზე ქვემოთ წაიკითხავთ.
მოკლედ, საკმაოდ გაჯანჯლებული თავმჯდომარეობის საკითხი საკრებულოს ბოლო სხდომაზე გადაწყდა. ეთიკის კომისიის თავკაცმა რომან ბიწაძემ კოლეგებს უთხრა, ვინაიდან მეტი კანდიდატურა არ არის, მარტივი პროცედურა დავიცვათ, კენჭი ფარულად ვუყაროთ და კონვერტებში ბიულეტენების ჩადება არა მგონია მთლად აუცილებლობას წარმოადგენდესო.
ბიწაძის იდეას მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა ია ჩხაიძემ განაცხადა, _ თუ კანონს ვიცავთ, ის ბოლომდე უნდა დავიცვათ და ამაში მგონი ყველა დამეთანხმებაო.
ამასობაში შენიშნეს, რომ კონვერტებიც არ ყოფილა საძებნი და ფარული კენჭისყრაც დაიწყო. კომისიის თავკაცის არჩევას 26 დეპუტატი დაესწრო. ია ჩხაიძე და თემურ ალექსაია, რომლებიც მანამდე სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ, პროცედურას არ დასწრებიან, შესაბამისად მათ არჩევნებში მონაწილება არ მიუღიათ. ასევე არ მიუღიათ მონაწილეობა: გელა კილაძეს, დავით ჩხარტიშვილს და გურამ კერესელიძეს (ეს სამეული ბოლო საკრებულოს სხდომას საერთოდ არ ესწრებოდნენ).
ხმის დამთვლელმა კომისიამ გამოაცხადა, რომ ბლაგიძის წინააღმდეგ ხმა ერთმა დეპუტატმა მისცა, 3-მა თავისი პოზიცია არ დააფიქსირა და ბიულეტენი შემოუხაზავი დარჩა, ხოლო 16-მა დეპუტატმა (საკრებულოს ხმათა უმრავლესობა) მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანდიდატურას. იყო 6 საეჭვოდ შემოხაზული ბიულეტენი (როგორც საკრებულოს ოპოზიციურმა ფრთამ შენიშნა, ეს უმრავლესობაში ნდობის ფაქტორის გამო მოხდა და ბიულეტენები დანიშნეს სხვადასხვა ინიციალებითო), რომელიც კომისიამ ბლაგიძის სასარგებლოდ ჩათვალა. საერთო ჯამში ბლაგიძემ 22 ხმა მიიღო და კომისიის ხელმძღვანელის პოსტი ოფიციალურად დაიკავა.
დეპუტატებმა კოლეგას არჩევა მიულოცეს და დარჩენილ ვადაში (ამ მოწვევის საკრებულოს რამდენიმე თვის მუშაობაღა დარჩა) წარმატებები უსურვეს.
ტრიბუნასთან მისულმა სუფსის მაჟორიტარმა თქვა: `ჩემთვის დღევანდელი დღე კიდევ ერთი საარჩევნო გამოცდა იყო და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის. მადლობა საკრებულოს წევრ ქალბატონებს, რომლებიც, შეიძლება ითქვას, პირველი მერცხლები იყვნენ იმ მხარდაჭერაში, რომელიც დღეს ჩემს მიმართ გამოხატეთ. 52 წლის შევსრულდი რამდენიმე დღის წინ და ასე არასდროს მინერვიულია მგონი. მე მუდამ ვცდილობდი, რომ ვყოფილიყავი კოლეგიალური და ასე გავაგრძლებ იმ თვეების მანძილზეც, რა დროსაც ამ მოწვევის საკრებულოს მოგვიწევს მუშაობა~.
`მე არ გავექცევი იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩემი ამომრჩევლის წინაშე მაქვს აღებული და მაქსიმალურად ვეცდები ჩემი სუფსელების ნდობა და არა მარტო მათი, რადგან დღეს უფრო მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა, გავამართლო. მადლობა მინდა ვუთხრა იმ კოლეგებსაც, რომლებმაც მხარი არ დამიჭირეს. ჩემი ღრმა რწმენით, საკრებულო კოლეგიალური ორგანოა და ყველასთან ვაპირებ თანამშრომლობას~ _ დასძინა თავის გამოსვლაში ბატონმა ჯუმბერიმ.
როგორც არჩევნების შემდეგ გახდა ცნობილი, წინა დღით მან ფრაქცია `მაჟორიტარების~ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ფრაქციას ამიერიდან აკეთის მაჟორიტარი გოგი მორჩილაძე უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, საკრებულოში კომისიის ხელმძღვანელის პოსტი მას შემდეგ გამოთავისუფდა, რაც მისი თავკაცი ბესიკ ტაბიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაწინაურდა.

 


 

მოიწონეთ სტატია