ის, რაც ხდებოდა 39 წლის წინ და დედაენის დაცვის დღე ლანჩხუთში

საბჭოთა წყობილებას ბევრი მისტირის, ეს უფრო იმის ბრალია, რომ მაშინდელ ეპოქაში `მუშა წამებული~ უფრო დაფასებული იყო, ვიდრე დღეს არის. სხვა მხრივ დიდმა იმპერიამ ჩვენს ქვეყანას არაერთი განსაცდელი მოუვლინა თავს. სწორედ საბჭოთა დროს ჩადებული ბომბია ის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დღეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკები არიან. საბჭოთა იმპერიის მისწრაფება, რომ ყველა მოკავშირე რესპუბლიკა შთაენთქა გასული საუკუნის 70–იანი წლების ბოლოსკენ განსაკუთრებით გამოვლინდა. მას შემდეგ, რაც კრემლში ბრეჟნევი და `ძმანი მისნი~ მოვიდნენ გადაწყვიტეს, რომ სადაც ერთიანი ქვეყანაა იქ ერთიანი ენაც უნდა იყოსო. 1978 წელს გადაწყვიტეს, რომ საბჭოთა კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება შესულიყო და საქართველოში სახელმწიფო ენად რუსული გამოცხადებულიყო. ეს უკვე დაპყრობის ახალი გეგმა იყო. რაც ანექსიით 1921 წელს რუსეთმა ვერ მოახერხა, ამას უკვე სხვა მიდგომით ცდილობდა. ამ ფაქტის გახმოვანებამ ქართველებში პროტესტის გრძნობა უფრო გაამძაფრა. ჯერ კიდევ ახსოვდათ 1956 წლის 9 მარტის მოვლენები, როცა თბილისში შეკრებილ ათასობით ადამიანს საბჭოთა არმია ძალიან ცუდ ფორმებში გაუსწორდა.
1978 წელს ამ გადაწყვეტილებას მთელ საბჭოთა კავშირში მხოლოდ საქართველო, სომხეთი და ბალტისპირეთის ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ. უკრაინა, ბელორუსია, აზერბაიჯანი და შუააზიის რესპუბლიკები ხელისუფლების გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 ათასამდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ კრემლმა მზაკვრული გეგმის განხორციელებაზე უარი განაცხადა.
გრიგოლ ორბელიანს აქვს ნათქვამი: `ერის ცხოვრება, მისი დიდება, მის ისტორია დაცულ არს ენით; რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!~
ილია ჭავჭავაძე წერდა: ,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა წინაპართაგან _ მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რაღა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით, მშობლიური ენის მიწასთან გასწორებას~.
ცნობილი ენათმეცნიერი ნიკო მარი ქართულს ,,მსოფლიურ ენას~ უწოდებდა, პოეტი ლადო ასათიანი კი ,,ღმერთის ენას~. მუხრან მაჭავარიანი ამბობდა: ,,მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა, რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს~…
მართლაც ასე იქნებოდა, მაგრამ მაშინ სტუდენტობამ შეძლო ის, რომ 1978 წლის 14 აპრილს თბილისის ცენტრში შეკრებილ ათასობით პატრიოტს ამცნეს, მსგავსი რამ არ გვემუქრებაო.
სწორედ ამ დღიდან 14 აპრილი ქართული ენის დღედ აღინიშნება.
რაკი 14 აპრილი წითელ პარასკევია და დასვენების დღეს დაემთხვა, ამიტომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გუშინწინ გაიმართა. მასში მონაწილეობას ქალაქის პირველი საჯაროსა და სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა სტუმრებს დედაენის მნიშვნელობასა და მისი ისტორიის შესახებ მოუყვნენ, გაიხსენეს კლასიკოსების ლექსები, შეასრულეს დედაენისადმი მიძღვნილი სიმღერები. ღონისძიების დასასრულს დედაენის შესახებ საზოგადოებას მიმართა გამგებლის პირველმა მოადგილემ, ნუგზარ ცინცაძემ.

 


 

მოიწონეთ სტატია