ლანჩხუთი ლელოსთვის ემზადება

წელიწადში ერთხელ, აღდგომის დღესასწაულზე, გურულები ლელოს თამაშობენ. სოფელი შუხუთი ორად იყოფა - ქვემო და ზემოშუხუთელები ერთმანეთს ძალაში ეჯიბრებიან. ვის მხარესაც ერთფუთიანი (16 კილოგრამი) ბურთი წავა, გამარჯვებულიც ის არის. დღემდე ზუსტად არავინ იცის, ვინ იგებს; თუმცა ის, რომ ლელო მათი მთავარი ტრადიცია, დღესასწაული და ცხოვრების წესია, ამაში ყველა შუხუთელი თანხმდება. მთელი წელი სოფელში სიმშვიდეა, ერთი წლის თავზე კი, ლელოს თამაშის დღეს, რამდენიმე საათით შუხუთი გურიაში, და არა მარტო გურიაში, ყველაზე ხმაურიან ადგილად იქცევა. ლელო უკვე სოფლის სიმბოლოა, სოფლის გერბია. შუხუთი და ლელო ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. ლელო დიდი ხანია გაცდა შუხუთის ფარგლებს და მთელი ლანჩხუთის სიმბოლოდაც იქცა. გურულები უკვე ემზადებიან ლელოს სათამაშოდ. ისევ იქნება მტვრის ბუღი, შეძახილი, გაჩაღებული ბრძოლა ბურთის დასაუფლებლად და შემდგომ სოფლის გამორჩეული მკვიდრის საფლავზე შესანდობარის შესმა. ყოველწლიურად იზრდება ლელოს მაყურებელთა რიცხვი. გასულ წელს უცხოელი ტურისტებიც სტუმრობდნენ `ბრძოლის ველს~. ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხშირად არიან ლელოზე. მაღალი თანამდებობის პირები დიდი ოვაციით უყურებენ რამდენიმე საათით გადაკეტილ ცენტრალურ მაგისტრალს და გულშემატკივრობენ ხან ზემოურებს, ხან ქვემოურებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იმ ღონისძიებების გრაფიკს აქვეყნებს, რომელიც 16 აპრილს არის დაგეგმილი: 12:00 სთ. - ფეხბურთი; 14:00 სთ. - ჭიდაობა, ნარდი, ბაგირის გადაქაჩვა, მკლავჭიდი, ჭადრაკი, საჩვენებელი კარატე, გირების აზიდვა; 14:00 სთ.-16:30 სთ. - მოეწყობა სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა; 14:00 სთ. - ლელოს სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა-გაცნობა; 15:00 სთ. - ფოლკლორული ანსამბლების მუსიკალური ნომრები; 17:00 სთ. - გაიმართება ტრადიციული ლელო.

 


 

მოიწონეთ სტატია