ვისი დავალებით `გადაწყდა~ ნინოშვილში `ჰო და არას~ გავრცელების აკრძალვა (?!)

 
`ჰო და არას~ ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალისტ თორნიკე ჯიჯიეშვილის რეპორტაჟი ნინოშვილიდან, რომელსაც ამავე სოფლის სკოლის პედაგოგებმა საპასუხო წერილი `მიუძღვნეს~. როგორც ყოველთვის, გამოხმაურებას, რომელიც საგაზეთო სტატიის მიმართ კრიტიკულია, სრული სახით ვაქვეყნებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციის დაფიქსირებით.
`ა.წ. 26 მარტის `ჰო და არაში~ დაიბეჭდა ჟურნალისტ თორნიკე ჯიჯიეშვილის წერილი `მწარე რეალობა: XXI საუკუნეში ნინოშვილის საჯარო სკოლას არა აქვს საპირფარეშო(?!)~, რომელიც აღნიშნული სკოლის მიმართ ბრალდებებისა და ცილისწამებების გზით მკითხველის შეცდომაში შეყვანის მცდელობას ემსახურება~ _ აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს სკოლის 14 პედაგოგი აწერს.
დავიწყოთ იმით, რომ საგაზეთო სტატიას სათაურში დართული აქვს კითხვითი ნიშანი, რაც აპრიორი არ ამტკიცებს, რომ სკოლას არ აქვს საპირფარეშო. შესაძლოა, ვიგულისხმოთ, რომ `ადამკოკოს~ დროინდელი ხის ტუალეტის არსებობა არ ჩავთვალეთ ტუალეტის არსებობად. აქვე არ უარვყოფთ, რომ სკოლის დირექტორთან საუბრის შემდეგ, ჩვენი ჟურნალისტი დარწმუნდა, რომ მეტი ტუალეტი სკოლას არ ჰქონდა. მით უმეტეს, რომ მოსწავლეთათვის განკუთვლილი საპირფარეშო განთავსებულია სოფლის წარმომადგენლობის შენობის და არა უშუალოდ სკოლის უკან. თუნდაც ჟურნალისტს უნებლიედ შეცდომა დაეშვა, ეს სკოლის მიმართ ცილისწამება და ბრალდებებია? არა გვგონია, სკოლაში ადგილი იყოს ისეთი პედაგოგების, რომლებიც მიმტევებლობის ნაცვლად, პირდაპირ ბრალდებებზე გადადიან. თუმც აქვე დარწმუნებული ვართ, რომ პედაგოგთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, თუ ყველამ არა, წერილს ხელი ხათრით ან სამსახურის დაკარგვის შიშით მოაწერა.
თორემ ასეთ ტერმინოლოგიას პედაგოგები არ უნდა იყენებდნენ: `რისთვის დასჭირდა ახალგაზრდა ჟურნალისტს საკითხის შეუსწავლელად, ფაქტების გაუცნობიერებლად ნინოშვილის საჯარო სკოლის დადანაშაულება, სკანდალის ასაგორებლად სათაურად არარსებული რეალობის გამოტანა? ცრუ ბრალდებების სიმართლედ გასაღება? ყველაზე საოცარი და სკანდალური ბრალდება მაინც სკოლის საპირფარეშოს გარეშე არსებობაა. ჟურნალისტი აღნშნავს: `სკოლას არ გააჩნია საპირფარეშო (21-ე საუკუნეში), ხის საპირფარეშო დგას ეზოში _ სახელდახელოდ გაკეთებული~. პედაგოგთათვის განკუთვნილი ტუალეტი მართლაც ხისაა, რა თქმა უნდა, უმჯობესია იგი კაპიტალური იყოს, სამწუხაროდ, ამისი ფინანსური შესაძლებლობა დღემდე ვერ გამოიძებნა (თუმცა ხის ტუალეტი არცთუ ცუდ მდგომარეობაშია). მოსწავლეთათვის განკუთვნილია ქვის შენობაში არსებული 6-ადგილიანი ტუალეტი. (სამი გოგონათათვის, სამი ვაჟებისათვის) იატაკი `მეტლახით~ მოპირკეთებულია, კედლები `კაფელით~. მართალია, გამდინარე წყლის სისტემა არაა დამონტაჟებული, მაგრამ საპირფარეშოს მახლობლად იქვეა გამდინარე წყალი, რითაც სუფთავდება აღნიშნული ობიექტი~.
როგორც ხედავთ, თავადაც აღიარებენ, რომ მასწავლებლები ხის ტუალეტით სარგებლობენ და უკეთესის აუცილებლობა არსებობს! ხოლო მოსწავლეთათვის განკუთვნილი საპირფარეშოს არ აქვს გამდინარე წყალი, მაგრამ სამაგიეროდ _ `მოკაფელ-მომეტლახებულია~. იმასაც ვფიქრობთ, რომ პასუხი შესაძლოა პედაგოგების დაწერილი არაა _ თუ არის, გამოდის, რომ კაფელ-მეტლახის ბრჭყალებში ჩასმით თავად გამოხატავენ ირონიას შესრულებული სამუშაოს გამო, თორემ პედაგოგებმა მით უფრო კარგად იციან, რომ ეს სიტყვები ბრჭყალებში არ იწერება! აქედან გამომდინარე, თავად პრეტენზია აქვთ სკოლაში არსებულ ტუალეტებთან დაკავშირებით _ ამისთვის ჟურნალისტს ამუნათებენ და მათი ეს პოზიციაც სკოლისათვის შეურამცხყოფელი გამოდის.
`ჰო და არა~, რა თქმა უნდა, ადგილზე ჩავიდა დასაზუსტებლად და ვადასტურებთ, რომ სკოლას მართლაც აქვს კაპიტალური საპირფარეშო, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ იმ სტანდარტის, რაც სკოლას ეკადრება და სჭირდება _ უფრო კონკრეტულად ჰიგიენურ ნორმებზე არაფერს ვიტყვით. ერთი დეტალიც: ეს ტუალეტი ნამდვილად დგას სოფლის წარმომადგენლობის შენობის უკან და ვერანაირად ჩათვლი, რომ სკოლას ეკუთვნის, თუ ვინმე არ გეტყვით _ სკოლის დირექტორმა კი ჩვენს ჟურნალისტთან პირიქით ტუალეტის პრობლემის შესახებ დაიჩივლა და ერთგვარად შეცდომაშიც შეიყვანა. შემდეგ მისგან უხერხული კი იყო ამ თემაზე სკოლის კოლექტიული წერილის გამოგზავნა, თუნდაც მისი გულისტკივილის გახმაურებას `ზემდგომებიდან~ მწვავე რეაქცია მოჰყოლოდა.
ამასთან, ერთი საინტერესო დეტალიც გავარკვიეთ, ტუალეტს თუ სკოლას მივაკუთვნებთ, გამოდის, რომ სოფლის წარმომადგენლობას არ აქვს საპირფარეშო! XXI საუკუნეში ესეც არაა `პატარა საქმე~!
პედაგოგების სახელით დაწერილი წერილის უკან `ვიღაც~ რომ დგას, ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ საპასუხო წერილში ბოლო წლებში გაკეთებული საქმეების ჩამონათვალია, რაც ყველა ხელისუფლების ნაცადი მეთოდია _ რეალობის მისაჩქმალად და ყურადღების სხვაზე გასამახვილებლად, ამასთან პიარის უნიჭო მცდელობაა.
`ნინოშვილის საჯარო სკოლაში 2008-15 წლებში განხორციელდა შემდეგი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები: 2008 წელი _ შეიცვალა სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლის სახურავი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 48000 ლარი; 2010 წელი _ აშენდა ფეხბურთის მინი-სტადიონი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ _ 22816 ლარი; 2011 წელი _ ნინოშვილის საჯარო სკოლის ბიუჯეტით რეაბილიტირებული იქნა მოსწავლეთა საპირფარეშო. (ახალი გადახურვა და შიგა რემონტი სანტექნიკის გარდა) _ 3600 ლარი; 2012 წელი _ სკოლის გარე ფასადების შეკეთება, 25 ცალი მეტალო პლასტმასის ფანჯრის ჩასმა ორივე სართულზე და სამასწავლებლო ოთახის შეკეთება (განათლების სამინისტროს მიერ _ 19181 ლარი); 2013 წელი _ 1. სკოლის გვერდითი ფასადების შეკეთება. 21 ცალი მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმა დერეფნებსა და კიბის უჯრებში; 1 კიბის უჯრის მოწყობა და ელექტროგაყვანილობის შეცვლა პირველ სართულზე (განათლების სამინისტროს მიერ) _ 40 185 ლარი. 2. სკოლის ბიუჯეტით შეიცვალა ფეხბურთის მინი სტადიონის 1 განივი დაზიანებული ხის კედელი ბეტონის კედლით _ 815 ლარი; 2014 წელი: 1. ენერგომომარაგების ხარისხის გაუმჯობესება და სიმძლავრის გაზრდა გათბობის მიზნით (30 კვტ-მდე). განათლების სამინისტრო 4700 ლ. 2. სკოლის ბიუჯეტით შეკეთდა I კლასის საკლასო ოთახი და მოეწყო წყალმომარაგების სისტემა 2224 ლარი; 2015 წელი: სკოლის ბიუჯეტით შეკეთდა სკოლის I სართულზე მესამე, მეოთხე, მეშვიდე, მერვე კლასებისა და ბიბლიოთეკის ოთახები 2845 ლარი. სულ 2008-2015 წლებში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაიხარჯა 144366 ლარი~.
დავიწყოთ იმით, რომ სკოლაზე ამდენი თანხა თუ დაიხარჯა, ხის ტუალეტი ნამდვილად უნდა შეცვლილიყო. 3600 ლარი ყოფილა გადახდილი საპირფარეშოს რეაბილიტაციისთვის (სახურავი შეიცვალა და კაფელ-მეტლახით კეთილმოეწყო), რაც ცოტათი გადაჭაბებული გვგონია შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებაში. 22 ათასად გაკეთებული მინი მოედნების მდგომარეობას კი მეოთხე გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებით განსაზღვრავთ.
ესეც არ იკმარეს საპასუხო წერილის ავტორებმა და ბოლოს `ჭკუის სწავლებაც~ დაგვიწყეს: `კიდევ ერთხელ ვსვამთ კითხვას: რაში დასჭირდა ჟურნალისტს ამგვარი სკანდალი? რას მოიგებდა ამით? (ყველაფრიდან `მოგებით~ ამ წერილის სავარაუდო შემკვეთი ხომ არ სულდგმულობს? _ რედ.). იქნებ ვიღაცას სჭირდებოდა სკოლისათვის უარყოფითი იმიჯის შექმნა, მიზანმიმართულად ფაქტების დამახინჯება და ამით უდანაშაულო ადამიანებისთვის ვნება, რითაც ვიღაცას აამებდა (`ჰო და არა~ არასოდეს წერს ვინმეს საამებლად ან დასამუნათებლად, ეს სხვისი სტილია _ ან იქნებ გვითხრათ, რომელი უდანაშაულო ადამიანი დაზარალდა, თორემ თუ ვინმეს ეამა, თქვენს სკოლაში უნდა ეძებოთ და იქნებ ხელმომწერთა კი არა, ამ წერილის შემკვეთთა შორისაცაა _ რედ.). ამ ეჭვებს თავისი საფუძველი აქვს: 1. როცა ჟურნალისტი სკოლაში მიდის, ის რაღაცას იწერს თავის ბლოკნოტში, მას კი არაფერი ჩაუწერია (ჩვენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს ხომ არ გასწავლით _ როცა ჩამწერი უბრალო ტელეფონსაც აქვს, ბლოკონოტი მოძველებულად არ გეჩვენებათ? _ რედ.); 2. როცა მას აინტერესებს, როგორ დღეშია საკლასო ოთახები, იგი ათვალიერებს, ეცნობა, აკვირდება, ის კი საკლასო ოთახში არც კი შესულა (ეს იყო სოფლიდან რეპორტაჟი და მოვუსმინეთ დირექტორს, არანაირი საჭიროება არ იყო, სასწავლო პროცესის დროს საკლასო ოთახებში შეგვეხედა _ რედ.); 3. როცა ჟურნალისტი სკოლაში მიდის, იგი პედაგოგებს, მოსწავლეებს გაესაუბრება ხოლმე. ჰკითხავს მათ მიღწევებზე, არსებულ ვითარებაზე, პრობლემებზე. ახალგაზრდა ჟურნალისტი არავის შეხვედრია, არავისგან მოუსმენია მას გულახდილი საუბარი. მხოლოდ დირექტორს დაელაპარაკა (არაა საკმარისი? _ რედ.), მოიკითხა საპირფარეშოს არსებობის შესახებ. გაიგო დირექტორისაგან, რომ არსებობს პედაგოგებისათვის და ბავშვებისათვის ცალკე ტუალეტი, მაგრამ ჟურნალისტს არ უნახავს ვიზუალურად და ჩათვალა, რომ არ არსებობდა და ასე მოატყუა მკითხველი. შეურაცხყოფა მიაყენა პედაგოგებსა და დირექტორს. განა სადმე იარსებებს სკოლა, სადაც მოსწავლეებს ცალკე გამოყოფილი არ ექნებათ საპირფარეშო, თუნდაც კეთილმოუწყობელი? (თუ კეთილმოუწყობელია, მაშინ სათაური შესაბამისი ყოფილა, რამეთუ მას ახლდა კითხვითი ნიშანი _ რედ.) სათაურში გამოიტანა ტყუილი, რომელიც სკანდალის აგორების კარგი საშუალება იქნებოდა მისი ავტორისათვის. ვფიქრობთ, ჩვენი განმარტების შემდეგ მკითხველი აღარ მოტყუვდება და ცრუ ბრალდებებიც ძალას დაკარგავს. გვინდა ვურჩიოთ გაზეთის რედაქტორს, ქალბატონ ნონას გადაუმოწმებლად ასეთი სკანდალური ბრალდების გამოქვეყნება იმ შემთხვევაშიც საფრთხილოა, როცა თუნდაც ჟურნალისტის მიერაა მოწვდილი~ _ ასეთია საპასუხო წერილის დასასრული.
როგორც ჩანს, პედაგოგებს მოსწავლეებში ავერიეთ _ არ გვჭირდება `ჭკუის სწავლება~, სტატია როგორ მოვამზადოთ _ ჩვენ სრულად ვენდობით ყველა ჟურნალისტს (შეცდომისგან დაზღვეული არავინაა), ხოლო მათი ყველა სტატიისა და რეპორტაჟის გადამოწმება ფიზიკურადაც შეუძლებელია.
რა უნდა ვთქვათ? მკითხველი შეამჩნევდა, რომ წერილი გაზეთისადმი აგრესიული განწყობითაა დაწერილი. ვთვლით, რომ ეს არის `დაკვეთა~, რომელზეც ხელმოწერაც პედაგოგებს ნებსით ნუ უნებლიედ, გააკეთებინეს.
რა ვერსიები არსებობს? სოფლიდან რეპორტაჟმა გაანაწყენა ლანჩხუთის ხელისუფლება, ანაც ადგილობრივი წარმომადგენლობა! იქნებ განათლების სამინისტროდან ანაც ადგილობრივი რესურს-ცენტრიდან გაისმა ზარი? თუმცა ეს ყველა ვერსია ნაკლებდამაჯერებელია, რამეთუ არც ერთ ზემონახსენებ უწყებას არანაირად არ დასჭირდებოდა პასუხი გაზეთის ლანძღვის ხარჯზე. აშკარად, ამ ყველაფრის უკან უფრო ისეთი ადამიანი დგას, ვისაც კონკრეტულად `ჰო და არას~ ჯინი აქვს!
ამას ადასტურებს და უფრო `რთულადაა~ საქმე იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, სოფელში `ჰო და არას~ გავრცელების აკრძალვას ითხოვს!!! ეს ქვეყანა არაა იმდენად ჩალით დახურული, რომ ეს მზაკვრობა ვინმეს გავასვლევინოთ!
ვინც არ უნდა იდგეს პედაგოგთა აღშფოთების, წაქეზებისა და სოფელში გაზეთის გავრცელების აკრძალვის ავტორად, ხელისუფლების რომელიმე შტო თუ კერძო `ყველაფრისგან მოგების მოსურნე~ პირი, დავალების შემსრულებლებს ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებს შევახსენებთ _ `რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა და აგერ, ამ მოსასპობმა თაბაგარმა, არ ფიქრობთ?~


 

მოიწონეთ სტატია