ორაგვე - ლანჩხუთის ბახმარო

23 მარტს, სოფელ ორაგვეში შედგა სოფლის კრება (დასახლებების საერთო კრება). ჩვენს წინა ნომრებში წაიკითხავდით ამ პროექტის შესახებ. შეგახსენებთ, რომ პირველი სოფლის კრება შედგა გრიგოლეთში 17 მარტს, 18-ში _ ეწერში, ხოლო 23-ში _ ორაგვეში. პროექტის მთავარი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებლად უნდა ესწრებოდეს კრებას ამომრჩეველთა 20 პროცენტი. პროექტს ახორციელებს „საქართველოს სასოფლო დარბაზი“, ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროპის ფონდი. „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ მისიაა სოფლის მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და მისი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ხელშეწყობა მისი ინტერესების დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სასოფლო ტერიტორიების მდგრადი განვითარებისათვის! რატომ აკეთებს ამას „სასოფლო დარბაზი“ და არა გამგეობა? იმიტომ, რომ გაურბის პასუხისმგებლობას და ზედმეტ ხარჯებს. თუმცა ამ ორგანიზაციამ მოახერხა და შედგა ეს პროექტი, ამ კრებაზე მიღებული ოქმები განსახილველად გადაეცემა მუნიციპალიტეტის ორგანოებს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს სოფლელებთან შეხვედრა და ჩააბაროს მათ ანგარიში წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ. ასევე, მან უნდა დააკმაყოფილოს ოქმის მოთხოვნები, ან დასაბუთებული უარი გასცეს წერილობით, თუმცა ეს პასუხი უნდა იყოს 100 პროცენტით არგუმენტირებული.
გადავიდეთ სოფელ ორაგვეში ჩატარებულ კრებაზე, აქ 48 ამომრჩეველია ოფიციალურად და 10 ადამიანის მოსვლის შემთხვევაში ქვორუმი შედგებოდა. დაცარიელებულმა ორაგვემ მაინც გამონახა ძალა და შეიკრიბა საერთო საქმის საკეთილდღეოდ. მოვიდა თითქმის ყველა, ვინც სოფელში იმყოფებოდა, ორეგველების მცირე რაოდენობა საქილიკო ნამდვილად არაა, ეს ტრაგედიაა. ან როგორ უნდა იცხოვროს ყველასგან მიტოვებულმა ხალხმა მსგავს პირობებში, არ მესმის. რეპორტაჟს ორაგვეზე მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ, ახლა კრების შესახებ მოგიყვებით. კრებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძე (ისე, ხალხი კითხულობს, პირველი პირები რატომ არ ჩნდებიან ხალხში), სოფლის დეპუტატი გურამ კერესელიძე, რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ცინცაძე.
კრებას უძღვებოდა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ტარიელ ურუშაძე. მან შეკრებილებს თავშეყრის მიზანი გააცნო, მადლობა გადაუხადა „საქართველოს სასოფლო დარბაზს“ ასეთი კარგი პროექტისთვის და მოსახლეობას გააცნო დღის წესრიგი, მოუწოდა მათ აქტიურობისკენ და სიტყვა გადასცა ამირან გიგინეიშვილს.
ორგანიზატორმა აუხსნა მოსახლეობას თუ რატომ შედგა ეს პროექტი, რას ემსახურება და რატომ მაინცადამაინც გიგოლეთში, ეწერსა და ორაგვეში. მან აღნიშნა, რომ გრიგოლეთი ყველაზე მოშორებული ტერიტორიული ერთეულია ცენტრიდან, ეწერი როგორც საშუალო დასახლებული, ხოლო ორაგვე - ყველაზე მაღალმთიანი. ამის შემდეგ დაიწყო ხმის მიცემის პროცედურა, მწვავე პრობლემებად დასახელდა ბუნებრივი აირის შეყვანა, მისასვლელი გზების კეთილმოწყობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სოფელში უბნის ექიმის დანიშვნა, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა, სანიაღვრეების მოწყობა, კოლმეურნეობის შენობისთვის სტატუსის განსაზღვრა. პირველ სამეულად არჩეული იქნა ბუნებრივი აირის შემოყვანა, წყლის რეაბილიტაცია, მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. კრებაზე არჩეული იქნა რჩეული _ ტარიელ ურუშაძე, რომელსაც ნებისმიერ დროს შეეძლება ყოველგვარი მისაღები საათების გარეშე, ესაუბროს მუნიციპალიტეტის ორგანოებს სოფლის პრობლემებზე. დასასრულ, კრებამ მადლობა გადაუხადა „სასოფლო დარბაზს“ და პროექტის დამფინანსებლებს და იმედი გამოითქვა „იქნებ ახლა მაინც გვეშველოსო“.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 


 

მოიწონეთ სტატია