წამს შერჩენილი მარადისობა...

მაშინაც გაზაფხული იყო, ბუნებას თავისებური სილამაზე დასთამაშებდა თავს, სულ სხვა სილამაზე იყო აფხაზეთში... მეოცე საუკუნის 90–იანი წლები იდგა და სილამაზესთან ერთად ირგვლივ ომის სურნელი იდგა, მძაფრი, რაღაცნაირი... ქვემეხების ხმას შიგა და შიგ თვითმფრინავების მიერ ჩამოყრილი ბომბების მიერ გამოწვეული ბრაგა–ბრუგი ემატებოდა და უფრო აყრუებდა იქაურობას... ქვეყანა თავის ძირძველ მიწას ჰკარგავდა, მტერი ახლოს იყო, ისე ახლოს, რომ მისი სუნთქვაც ისმოდა... ცუდი დროება ედგა ჩვენს სამშობლოს, ძმათა მკვლელ ომგამოვლილ ქვეყანას ახალი უბედურება უფრო მეტ განსაცდელს უქადდა. 20–25 წლის ბიჭები სამშობლოს დასაცავად სოხუმში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელში იბრძოდნენ. გაგრა და გუდაუთა უკვე მტრის კონტროლქვეშ იყო. მთავარი შეტევა ოჩამჩირის მიდამოებთან იყო, რადგან სოხუმის ალყაში მოქცევა მტერს გამარჯვებას აუწყებდა. იბრძოდა ვაჟკაცთა არმია და მტერს ერთ გოჯ მიწასაც არ უთმობდა. ბევრნი იყვნენ მომხდრუნი, მაგრამ მაინც ვაჟკაცურად ხვდებოდნენ. იყო პირველი სისხლი, პირველი მსხვერპლი და პირველი ცნობა ლანჩხუთში, რომ დედას შვილის დატირება მოუწევდა, მამა თავის პირმშოს ვეღარ ნახავდა... სხვანაირი იყო მაშინ ჩვენი ქალაქი, იყო გაზაფხული, მაგრამ რაღაცნაირად სუსხიანი და ისეთივე როგორც მარტის თვემ იცის ხოლმე.
ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში წავიდა სამშობლოს დასაცავად, წავიდა, თავის ძმასთან და მამასთან ერთად იყო. სადაც ჩემებია, იქ უნდა ვიყოო _ გამოაცხადა და მტერს ეკვეთა. ბევრი თეთრად გათენებული ღამე, ბრძოლა, ჟინი, რომ მტერი უკან დაიხევდა და საბედისწერო დღე _ მკლავში ტყვიით დაჭრა. თუმცა, განგება უფრო დიდ ბედისწერას უმზადებდა. ჭრილობამოუშუშებელი დაუბრუნდე ბრძოლის ველს, ეს უკვე გმირობის ტოლფასი იყო. ასეც მოიქცა, წავიდა და...
მაშინაც გაზაფხული იყო, მაგრამ აფხაზეთის მთიანეთში თოვლის საფარი მაინც შემორჩენილიყო, შემორჩენილიყო კი არა, კაი გვარაინად გადაეთეთრებინა იქაურობა. საბედისწერო წამი და გასროლა, რომელმაც 25 წლის ვაჟკაცი მარადისობად აქცია...
ტიროდა ლანჩხუთი, მშობლიური გვიმბალაური, გაზაფხულზე დაბადებულ ვაჟკაცს, გაზაფხულზევე ემშვიდობებოდა დედა, მამა, ძმა. ის იწვა რაღაცნაირად მშვიდი, სამხედრო ფორმაში... უთქვამს კიდეც, თუ ბრძოლაში დავიღუპო, სამხედრო ფორმით დამკრძალეთო!
სხვანაირი იყო მაშინ ლანჩხუთი, სხვა ტკივილით ცხოვრობდა, სხვა სიხარულით ხარობდა, მაგრამ ერთი საერთო ჰქონდა, როგორც დღეს _ ბუნება გაზაფხულობდა. ტიროდა, როგორც გადაჭრილი ვენახი და უხაროდა, როგორც აყვავებული ატმის რტოების ხილვა დილით ადრე გაღვიძებულ ჩიტებს. მაშინაც ისმოდა სახლის სახურავზე შემომჯდარი მტრედის ღუღუნი და ჩხარტთა ჭიკჭიკი...
1993 წლის გაზაფხული იდგა, 15 აპრილი იყო 25 წლის იუბილე ახალგადახდილი ჰქონდა და წავიდა _ სამშობლოსათვის, ქვეყნის ერთიანობისთვის... იბრძოლა, არ დაღლილა, არ გაჩერებულა, უბრალოდ მარადისობას შეუერთდა. იმ მარადისობას, სადაც 300 არაგველი, 9 ძმა ხერხეულიძე, იუნკერები თუ სხვები იყვნენ გადასულნი.
ერთი ბომბორა, საოცრად გულჩვილი ბიჭი, უფრო სწორად დიდი ბავშვი იყო ჟამბულათ ხოფერია. მოყვარის მოყვარული და მტრის მოძულე; ქვეყნისთვის თავდადებული და თავის სოფელსა და ქალაქზე უზომოდ შეყვარებული.
1993 წლის აპრილში დაიგეგმა ტყვარჩელის ალყა, მაგრამ უამრავ მიზეზთა გამო ოპერაცია წარმატებული არ აღმოჩნდა. სწორედ ამ სამხედრო ოპერაციის დროს იმყოფებოდა ცეცხლის წინა ხაზზე, ლაშკენდერის მთაზე, სადაც მძიმედ დაჭრეს სეპარატისტებმა. მისი იქედან გამოყვანა ძალზე სარისკო ოპერაცია იყო, მაგრამ მაინც მოახერხეს და გამოიყვანეს.
დოდო გუგეშაშვილი იხსენებს: ,,ვერტმფრენით დავეშვით და თოვლში გადამალულ ჯამბულათს დავადექით თავზე. ძარღვებში სისხლი გამეყინა, გაუნძრევლად იწვა უსაშველოდ მამაცი, ათლეტური აღნაგობის მშვენიერი ბიჭი. ის ხომ ჩემი რაიონიდან იყო, ჩვენ ხომ ერთად გამოვიარეთ ყველა გაჭირვება და ტყვიის ქარცეცხლი. მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა სახეზე მაინც ღიმილი გადაჰკვროდა. ღიმილით შეეგება მარადისობას სამშობლოსათვის ზვარაკად შეწირული ბიჭი. ნაბადში გავახვიეთ გოლიათი ჯამბულათი და სამი დღე დაგვჭირდა, რომ სამშვიდობოს გამოვსულიყავით".
ეს ტკივილი იყო, მაგრამ წამი, რომელიც მარადისობას შემორჩა.
22 მარტს დაბადების დღე ჰქონდა, 49 წლის შესრულდებოდა. ის მარად ყმაწვილკაცად დარჩა...
სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.


 

მოიწონეთ სტატია