გრიგოლეთი - `პირველი მერცხალი~ საქართველოში

გუშინწინ, გრიგოლეთში შედგა უპრეცენდენტო, საქართველოში პირველი, დასახლებების საერთო კრება (სოფლის კრება). პროექტს ახორციელებს `საქართველოს სასაფლო დარბაზი~, პროექტი ფინანსდება `ევროპის ფონდის~ მიერ.
`სასოფლო დარბაზის~ აღმასრულებელი დირექტორის, ამირან გიგინეიშვილის თქმით, სოფლის კრებას წინ უძღოდა მთელი რიგი სამუშაოები, მოსახლეობის მობილიზაცია, დარწმუნება ხალხის, რომ ეს პროექტი ემსახურება მათ კეთილდღეობას, უკეთეს მომავალს, ყურადღების მიქცევას, `საქართველოს სასოფლო დარბაზის~ მისიაა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და მისი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ხელშეწყობა მისი ინტერესების დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სასოფლო ტერიტორიების მდგრადი განვითარებისთვის! მოგახსენეთ, რომ საქართველში პირველად ჩატარდა მსგავსი შეხვედრა, დიახ თვითმმართველობის ორგანოები გაურბიან მეტ პასუხისმგებლობას და ცდილობენ თავიდან აიცილონ მსგავსი კრებები და იქ მიღებული ოქმები. ასევე პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საერთო კრებას უნდა ესწრებოდეს ამომრჩეველთა არანაკლებ 20 პროცენტისა. საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვისა და მისი ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს კრების რჩეული. ის უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილებების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას, ასევე ასრულებს კრების ცალკეულ დავალებებს. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ორგანოებს - ისინი ვალდებულნი არიან განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგები დასაბუთებული პასუხით აცნობონ მოსახლეობას. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებული გახდება, უზრუნველყოს საკუთარი ინიციატივით სოფლელებთან შეხვედრა და ჩააბაროს მათ ანგარიში წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.
ახლა გადავიდეთ კონკრეტულად გრიგოლეთის სოფლის კრებაზე, 189 ამომრჩევლის 20 პროცენტს მომლოდინე ორგანიზატორებს იმედი გაუმართლდათ, ქვორუმი შედგა, გადამეტებითაც კი. კრებას ესწრებოდნენ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძე, სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი ჯუმბერ ბლაგიძე, სუფსის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ჩხარტიშვილი. კრებას წარუძღვა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან აფაქიძე.
მისი განცხადებით, მუნიციპიტეტის გამგებელს ჯერ არ ჰქონია სურვილი 55 სოფლიდან ერთში მაინც ჩაეტარებინა კრება, მადლობა გადაუხადა `სასოფლო დარბაზს~ მათი მხარდაჭერისა და პროექტის განხორციელებისთვის და კენჭი უყარეს დღის წესრიგს. დღის წესრიგი კი სწორედ ის საკითხები იყო, რომლებზე ზემოთ მოგახსენეთ. ლევან აფაქიძემ დღის წესრიგის გაცნობის შემდეგ, სიტყვა გადასცა ამირან გიგინეიშვილს, რომელმაც სოფლელებს მიულოცა უპრეცენდენტო მოვლენა საქართველოში, მოუწოდა მათ აქტიურობისკენ და გააცნო მისი სამუშაო პრაქტიკა შავი ზღვის ზოლთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ასევე მადლობა გადაუხადა ჯუმბერ ბლაგიძეს მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. ამის შემდეგ მან დაფაზე ჩამოწერა კრებაზევე წამოწეული პრობლემური საკითხები და დაიწყო ხმის მიცემის პროცედურა, თითოეულ წევრს ჰქონდა სამი ხმა, შესაძლებელი იყო სამივე ხმა ერთი საკითხისთვის მიეცა, ან სურვილისამებრ გადაენაწილებინა. კრებაზე არსებული ძალიან აქტიური გარემოდან გამომდინარე, იყო აგრეთვე მცირე გაუგებრობა ხმის მიცემასთან დაკავშირებით, გიგინეიშვილს მოუწია ხელმეორედ ჩაეტარებინა პროცედურა. მთავარი გაუგებრობა გამოიწვია პლაჟის დასუფთავების საკითხმა, რომელმაც პირველ ჯერზე საეჭვოდ ბევრი ხმა მიიღო, რამაც კრება დააეჭვა და ორგანიზატორმა გადაწყვიტა სათითაოდ გამოსულიყვნენ და ისე დაეფიქსირებინათ აზრი.
სანამ გაგაცნობდეთ წინ წამოწეულ პრობლემურ თემებს, აუცილებლად უნდა მოგახსენოთ მოსახლეობის აზრი პლაჟზე, იქ არსებულ აგარაკებზე და მათი მეპატრონეების უკანონო ქმედებებზე. ადგილობრივების თქმით, შეუძლებელია სანაპიროზე გადასვლა, იქ ხელოვნური ბარიერებია მოწყობილი, ჯაჭვები, ეკლები, მორები.
დეპუტატმა დაამატა, რომ ძაღლებიც კი ჰყავთ მობილიზებული.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ნუგზარ ცინცაძემაც დაგმო ეს ფაქტი და მზაობა გამოთქვა განიხილონ ეს თემა.
კრებაზე ისმოდა გაბრაზებული შეძახილები - სად არის ურუშაძე, ხელაძე... თვითონ რატომ არ მობრძანდნენო, ან რა პირით მოვიდოდნენო.
`მაგას რა ენაღვლება ორი დაჩა აქვს, სასტუმროებსაც აკეთებს ეზოშიო~, _ არ ცხრებოდნენ ადგილობრივები.
ამირან გიგინეიშვილს ძალიან გაუჭირდა მოსახლეობის დამშვიდება და კრების რეჟიმში დაბრუნება, თუმცა მოახერხა. საბოლოოდ კრებამ დადგინა ოქმში შესატანი საკითხები. ესენია: რეგულაციები ცენტრალურ გზაზე, ქუჩების დამისამართება, სანიაღვრე არხები, ამბულატორია, ბავშვთა გასართობი ადგილები... იყო სხვა საკითხებიც, თუმცა `ოფსაიდში~ აღმოჩნდნენ ხმის სიმცირის გამო.
ჯუმბერ ბლაგიძემ განაცხადა, რომ მორიგ ტყუილს არ აპატიებენ ცენტრალურ და მუნიციპალურ ხელისუფლებას და მიღებული ოქმი აუცილებლად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული, ის ხალხის მიერ არის არჩეული და თუ ვერაფრით დაეხმარა ამ ხალხს მაშინ რაღა აზრი აქვს ჩემს ან ვინმეს ყოფნას მათ წარმომადგენლადო. დეპუტატის დამშვიდება გახდა საჭირო, იმდენად განერვიულდა. ორგანიზატორმა და მომხსენებელმა განუცხადა მათ, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებულია დასაბუთებული პასუხი გასცეს ამ ოქმს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს სასამართლო, მაგრამ იმედია აქამდე არ მივა საქმეო.
კრებაზე არჩეული იქნა აკაკი კვაჭაძე, რომელსაც დაევალა მუნიციპალიტეტთან ურთიერთობა და მიეცა სრული თავისუფლება, ყოველგვარი მისაღები საათების გარეშე, ესაუბროს მუნიციპალიტეტის ორგანოებს. შეხვედრის დასასრულს მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა `სასოფლო დარბაზს~ გვერდით დგომისთვის. თავის მხრივ ამირან გიგინეიშვილმა და დათო გოგიჩაიშვილმა გამოთქვეს მზადყოფნა მათი გვერდით დგომისთვის.
შეხვედრის ბოლოს სუფსის მაჟორიტარმა, ჯუმბერ ბლაგიძემ გააკეთა განცხადება: `დღეს ძალიან გახარებულები ვართ, ვინაიდან დაფიქსირდა პირველი პრეცენდენტი სოფლის კრებისა. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო `სასოფლო დარბაზს~, იმედია მოსახლეობა იგრძნობს დღევანდელი კრების შედეგებს, ამ ინფრასტრუქტურულ წინსვლას, მე ერთი-ერთში ვეთანხმები ხალხის მოთხოვნას, მართლაც მოსაწესრიგებელია გზებზე არსებული სიტუაცია, ხდება უამრავი ავარია, მოსაწესრიგებელია სანიაღვრე არხები. მოგეხსენებათ გზის ქვედა მხარეს ცხოვრობს მოსახლეობა და უდიდეს პრობლემას ქმნის არხებიდან გადმოსული წყალი, ხდება ქვიშის გადარეცხვა, ნადგურდება ბოსტნეული, რომელიც მამა-მარჩენალია ჩვენი, რა თქმა უნდა, მოსაწყობია ბავშვთა გასართობი ადგილები, ჩვენ გვაქვს მოედანი, რომელიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ამბულატორიის თემაც აწუხებს მოსახლეობას და იმედს გამოვთქვამ პროდუქტიული იქნება დღევანდელი შეკრება, ჩემის მხრივ არაფერს დავაკლებ ოქმის აღსრულების საკითხს, მთავარია აღმასრულებელი ხელისუფლება ისევ არ გაექცეს პასუხისმგებლობას~.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 


 

მოიწონეთ სტატია