დეკემბერში დამტკიცებული ბიუჯეტი მარტში 300 ათასი მცირდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გასახორციელებელ ცვლილებასთან დაკავშირებით ადგილობრივ საკრებულოში განხილვები მიმდინარეობს.
როგორც გამგეობის საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსის, როლან ლაშხიას მიერ გაკეთებული განმარტებით ირკვევა, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ“ პუნქტის შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტს და მათ შორის ლანჩხუთსაც დაევალა შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
ზემონახსენები კანონის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2017 წლის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხარჯები უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 2016 წლის საკასო შესრულების მაჩვენებლის 90%-ს. თუმცა, ირკვევა, რომ ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებები არ ეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებასთან დაკავშირებით მთელი რიგი კონსულტაციები მიმდინარეობდა საკრებულოში. ახალი უმრავლესობა ამბობდა, რომ თუ მათი მოთხოვნები არ იქნებოდა გათვალისწინებული, მაშინ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერდნენ. იყო შევიშნვები სხვა სამსახურებიდანაც. თითქმის ყველა ა(ა)იპ ბიუჯეტის გაზრდას ითხოვდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ საკრებულოს აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ბიუჯეტი დაამტკიცა და უკვე ცნობილი ხდება, რომ ის შემცირებას ექვემდებარება.
საფინანსო სამსახურის უფროსის თქმით, ეს მარტო ლანჩხუთთან მიმართებაში არ მომხდარა. როგორ ლაშიხა ამბობს, ოზურგეთში საკითხი მოგვარდა. იქ იყო ვაკანსიები და ის შტატები გაუქმდა. რაც შეეხება ლანჩხუთს, აქ მსგავსი რამ ვერ მოხდება, რადგან ყველა შტატი შევსებული ყოფილა.
ცნობილი ისიც ხდება, რომ ხელფასების შემცირება არ შეეხებათ მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს თავჯდომარეს. ხოლო დანარჩენ სიტუაციაში რა იქნება და რის ხაჯრზე მოხდება ეს ყოველივე საფინანსო სამსახურის უფროსი წინასწარ არ აკონკრეტებს.
„ჩვენს სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია, დაჩქარდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პარამეტრების ზემონახსენებ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და ბიუჯეტის, დაახლოებით, 300 ათასი ლარით შემცირება“,_ ამბობს ლაშხია.
როგორც ირკვევა, მუნიციპალიტეტის გამგეობას 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსება 100 644 ლარით შეუმცირდება, აქედან შრომის ანაზღაურების მუხლი 99 150 ლარით, საქონელი და მომსახურების ხარჯი კი _ 1494 ლარით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარჯების შემცირება მთლიანობაში 70312 ლარითაა გათვალისწინებული, რომლიდანაც შრომის ანაზღაურების მუხლზე 43 100 ლარი მოდის, ხოლო საქონელსა და მომსახურების ხარჯზე _ 27 212 ლარი.
მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსება, რომელიც საკრებულომ გასული წლის 28 დეკემბერს დაამტკიცა, ა(ა)იპ ტექ-სერვისს 59 600 ლარით უნდა შეუმცირდეს, ა(ა) იპ სპორტულ ცენტრს _ 32 200 ლარით, ა(ა)იპ საფეხბურთო სკოლას _10 ათასი ლარით, ხოლო კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას _ 24 900 ლარით.
აღნიშნულ ა(ა)იპ–ებს, რომლებსაც დაფინანსება უმცირდებათ მთელი რიგი ვალდებულებები აქვთ აღებული და საინტერესოა, შემცირების ფონზე როგორ მოხდება მისი განხორციელება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შესაძლო შემცირებების შესახებ სამსახურების წარმომადგენლები ჯერ კიდევ გასულ წლის მიწურულს იყვნენ საქმის კურსში და შესაბამისად, ამ პროცედურის დაწყება მათთვის მოულოდნელი არც უნდა იყოს. თუმცა, ჩვენში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენად ადვილი გადასატანია ხელფასის ან შტატების შემცირება, ეს ყველასთვის ცნობილია.

 


 

მოიწონეთ სტატია