აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ლანჩხუთში

გუშინწინ, ლანჩხუთში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ `აგროსერვის ცენტრის~ წარმომადგენლები: გიორგი სირაბიძე და რომან ჩხაიძე იმყოფებოდნენ. სტუმრებმა მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გამართეს, რომელსაც სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სოფლის რწმუნებულები ესწრებოდნენ.
როგორც სტუმრებმა განმარტეს, მათ აქვთ სხვადასხვა ჯიშის ნერგები, რომლებიც ჩვენს პირობებში ძალიან კარგ მოსავალს იძლევიან.
`ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა ჯიშის ნერგების შემოთავაზება. გვაქვს მანდარინი, ასევე ფორთოხლისა თუ ლიმონის ნერგები. ვინც ბათუმში ხართ ამ ბოლოს ნამყოფი ჩაქვში აუცილებლად ნახავდით მარჯვენა და მარცხენა მხარეს გაშენებულ ნარგავებს. იქ ძირითადად არის მანდარინის ნერგები, რომლებიც ჩვენს პირობებში კარგად ხარობენ, მაგრამ ყოველივეს აუცილებლად სჭირდება შესაბამისი შეწამვლა და სხვა აგროვადების დაცვა. წელს 7-8 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა, მაგრამ ნერგებს არ გასჭირვებიათ და ღია პირობებში შენარჩუნდა. უფრო მეტიც, ის ნაყოფი, რომელიც კიდევ იყო შემორჩენილი საკვებად კარგი გამოდგა,~ _ განაცხადეს სტუმრებმა.
`ჩვენ გვაქვს ორი ნაკვეთი. ერთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გვარა-ხუცუბნის ტერიტორიაზე, ხეხილოვნებისა და ვაზის სადედე, საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგეში 7 ათას ძირამდე ვაზისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშებია გაადგილებული. კერძოდ, კი 25 მდე ვაზის ქართული და უცხოური სასუფრე-საღვინე ჯიშები, ასევე ვაშლის, მსხლის, ბლის, ატმის, მოცვის, ხურმის, აკტინიდიის, ფეიხოას, ქლიავის, ზეთისხილის და კაკლის ნერგები. აღნიშნულ სანერგეში აკლიმატიზაციისა და ადაპტაციის პერიოდს გადიან ვაზის ისეთი სასუფრე ჯიშები, როგორებიცაა კარდინალი, კრიმსონ სიდლესი, დონ მარიანო, ალფონსო ლაველი, პრიმა, იტალია, დათიერი, ალედო, საბას მარგალიტი, ქართული საადრეო, სულთანიანი და სხვა. საღვინე ჯიშებიდან კი ჩხავერი, ცოლიკაური, ბათუმურა, ტაძიგურა, კლარჯული, ქაქუთურა, ციცქა, კრახუნა, ოჯალეში, ალექსანდროული, უსახელაური და სხვა. თესლოვნებიდან გვაქვს მსხლის ისეთი ჯიშები, როგორიცაა კონფერენსიე, აბატი. ვაშლის ჯიშებიდან კი გოლდენ რაში, შამპანური რენეტი, ფლორინა, ფუჯი კიკუ, რუბინოლა. გალა შნიკა, ფორლეიდი, რეტკანი, ტოპაზი, კანდიტ სინაპი, სამერლენდი და სხვა. გვაქვს ასევე კურკოვნების - ბლის, ატმის, ქლიავის, ნუშის, ხურმის, ზეთის ხილის, ტყემლისა და სხვა ხეხილოვნების სადედე ნერგები. სანერგეში პერსპექტიული ჯიშების ადგილზე გამოსაყვანად და გასამრავლებლად ორგანიზაციაში გახარებულია 2500 ძირამდე ვაშლისა და ვაზის საძირეები. ასეთი საძირეებიდან მიღებული ნერგები მესამე წელს შედის მსხმოიარობაში, უხვმოსავლიანია და გამოირჩევა ვარჯის დაბალი ზომით. ორი-სამი წლის შემდეგ, სადედე ნერგებიდან შესაძლებელი იქნება სანამყენე კვირტების აღება და მყნობა. გამრავლებულ ხეხილისა და ვაზისა ნერგებს აგროსერვის ცენტრი ფერმერულ მეურნეობების მფლობელებს თვითღირებულების ფასად მიაწვდის. ვაზისა და ხეხილის ნერგები, მათ შორის საძიერეებიც აგროსერვის ცენტრს საჩუქრად საგურამოს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალების ეროვნულმა ცენტრმა გადასცა.
მეორე ცენტრია ჩაქვში, სადაც ციტრუსოვნები გაშენდა 2012 წელს. სანერგეს მთლიანი ფართობი 21,0 ჰექტარს შეადგენს, ხოლო განაშენიანებული ფართობი - 15 ჰექტარს. სანერგე მეურნეობაში წარმოდგენილია ციტრუსოვანთა შემდეგი სახეობები: მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, პომელო, გრეიფუტი, კინკანი და ნარინჯი. სანერგე მეურნეობაში მანდარინის 20-ზე მეტი ჯიშია: ივასაკი, ოკუცუ ვასე, მიხო ვასე, სატსუმა, ნიჩინანი, კლემენულესი, ნოვა, ამაკუსა, მურკუტი, ორტანიგუი, ქართული კლონი, ტიახარა უნშიუ, კოვანო ვასე, მეგრელიშვილი, ქართული საადრეო, კინომიკანი, კლემენტინი, მიჩურინელი, იურა ვასე, მიკაიამა, ტაგუჩი, მიაგავა ვასე, უენო, ოჰოცუ, ნანკანი, სიკიამააოშიმა, კავადა. სანერგეში ასევე წარმოდგენილია: ფორთოხლის - 16 ჯიში: ნაველა, ვაშინგტონ ნაველინა, ფუკომოტო ნაველი, სეიკე ნაველი, ვაშინგტონ ნაველი, ვაშინგტონ ნაველი გლუვკანიანი, ვაშინგტონის სელექციური ფორმა, სანგუინელი, ვალენცია დელტა სიდლსესი, ნავალატე, ვალენცია მიდკნიგტჰი, ლანე ლეტე, ჰამლინი, მიჩურინის დიდება, კოლექტიური, კოროლიოკი 100, უთესლო ფორთოხალი იაფა. ლიმონის - 14 ჯიში: კუტდიკენი, ინტერდონატო, კარა ლიმონი, ფინო, ვერნა, ეურეკა, მონაკენო, დიოსკურია, ვილაფრანკა, ქართული, ჰიბრიდი - 1, ჰიბრიდი - 2, მეიერი, უთესლო უეკლო. პომელოს - 6 ჯიში: სტარ რუბი, ლიმა ბერსი, რიო რედი, ჩალმისებური, გლუვკანიანი, მსხლისებური. გრეიფუტის - 3 ჯიში: ფოსტერი, სამბოკი, უთესლო მერში. კინკანის - 3 ჯიში: მრგვალი, ოვალური, განსხვავებული ფორმა.
დაისვა კითხვები კაკლის და ვაზის ჯიშებთან დაკავშირებით.
როგორც სტუმრებმა განმარტეს: `მათ თურქეთიდან აქვთ შემოტანილი ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგები, რომელიც სახელმწიფო პროგრამით შეიძინა ბევრმა. სახელმწიფოს მისი შემოტანა დაახლოებით 20 ლარამდე უჯდება. ამ ჯიშს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თუ შესაბამისი პირობები იქნება, ის კარგ მოსავალს მოგვცემს. ასევეა ყურძნის ნერგებზე. ჩვენთან რამდენიმე ჯიშია. არის სამაგიდო და ასევე საღვინე. ერთმა გურულმა კაცმა წამოიღო 2000 ძირი, ახლა 4000-ზე მოგვცა შეკვეთა.~
სტუმრებმა ისიც თქვეს, რომ დღეს ძალიან ჭირს დარგის სპეციალისტები: `ამ მხრივ დეფიციტია. ჩვენთან შეუძლიათ უფასოდ მიიღონ განათლება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და დეტალებში გავარკვევთ~.

 

მოიწონეთ სტატია