ერთად ავუხდინოთ ანზორ გაგუას ოცნება

რეპორტაჟი ახალსოფლიდან
სოფელი ახალსოფელი შედის სუფსის თემში, მოსახლეობის უმეტესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, გარკვეული ნაწილი მუსლიმი.
სოფლის ცენტრში ფუნქციონირებს საბაზო სკოლა და საბავშვო ბაღი. ამ საუკუნის საწყის წლებში აქ მოსახლეობის რაოდენობა 1000-ს აღწევდა, თუმცა შეუქცევადი მიგრაციული პროცესის გამო, სოფლის მოსახლეობა საკმაოდ შემცირდა. სოფლის ისტორია უკავშირდება სამტრედია-ბათუმი სარკინიგზო ხაზის გაყვანას. პირველი მუდმივი დასახლება სოფელში გამოჩნდა 1890-იან წლებში. სოფელს, გვიანდელ პერიოდში დაარსების გამო ახალსოფელი დაერქვა. გასული საუკუნის 90-იანილებიდან მოყოლებული, სოფელში ცხოვრობენ ეკომიგრანტები აჭარიდან. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვითდასაქმებულია, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე. აქ მოჰყავთ, როგორც ერთწლიანი კულტურა (სიმინდი, სოიო, ლობიო) და ბოსტნეული, ასევე მრავალწლიანი კულტურები (ციტრუსი, კივი, თხილი). ფართოდაა გავრცელებული მეცხოველეობა. ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი თურქეთში გადადის ოჯახების სარჩენად.
ახალსოფელის მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს უწყლობა, მათი თქმით, ზოგან გამოყვანილია კიდეც მილები, თუმცა ვერ მოხერხდა სათავის მოძებნა და წყლის გაშვება მოსახლეობაში. როგორც სხვა სოფლებში, აქაც ძალიან აწუხებთ თხილის შეწამვლის საკითხი, მოსახლეობა ამბობს, რომ 2 წელია ძალიან ცუდ მოსავალს იღებენ, რაც ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას უმძიმებთ. იმუქრებიან თუ წყლის და სოფლის მეურნეობის პრობლემების მოგვარებაში არ დაეხმარება მთავრობა, არჩევნებზე მათთვის არასასურველ შედეგს მიიღებენ.
სოფლის მაცხოვრებლების უმრავლესობა ემადლიერება დეპუტატ ჯუმბერ ბლაგიძეს. მითხრეს რომ ნამდვილად ხედავენ ამ კაცში მონდომებას, თუმცა `ზევიდან~ ხელს არ უწყობენო. არც შეიძლება ისეთი კაცი, რომელიც სტიქაროსნობს, აქტიურად მუშაობს შაბათ-კვირასაც, ცუდი განზრახვით მოქმედებდესო.
ამასობაში ბატონ ჯუმბერსაც შევხვდით გზად, საჩუქრებით ხელში. დავინტერესდი, ვისთვის მიჰქონდა დეპუტატს ტკბილეული, სიგელები... ადრესატი ომის ვეტერანი ქალბატონი, 95 წლის, ეკატერინე ბოლქვაძე-ტუღუში აღმოჩნდა. ბლაგიძემ აღნიშნა, რომ სუფსის 5000-მდე მაცხოვრებელს შორის მხოლოდ ქალბატონი ეკატერინე შემორჩა უხუცეს ვეტერანთაგან, მან ასევე დაამატა, რომ თითქმის ყველა დღესასწაულზე მოდიან და აფასებენ უხუცეს ადამიანებს.
სამწუხაროდ, მძიმეა სოფლის სოციალური მდგომარეობა, თითქოს საყოველთაო სენიაო, აქაც ბევრს `გადაუმოწმეს~ და შეუჩერეს სოციალური შემწეობა, შემხვდა უამრავი პენსიონერი, რომლებსაც საკუთარი პენსია წამლებში არ ჰყოფნით და ბუნებრივია ვერაფრით იქნებიან ცხოვრების კმაყოფილები. ძალიან უნდათ, მალე მოხდეს სოფლის გაზიფიცირება, თუმცა არ აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი დამაიმედებელი ინფორმაცია. ჩვენ, ამ თემების განხილვა გვექნება მალე ჯუმბერ ბლაგიძესთან და ახალსოფლელებს აუცილებლად ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ მათთვის საჭირო ინფორმაციას. დანანებით ამბობენ, რომ გაჭირვების გამო სულ რაღაც 3 ლარად მიყიდეს ჩინელებს მიწები, კომპენსაციასთან ერთად 3 ლარი და 80 თეთრი შეადგინა. ჩინელები, მართლაც რომ გულაობენ ამ სოფელში, როცა მოსახლეობას ვესაუბრებოდი, ბოლო მარკის `ტოიოტა ლენდ კრუიზერი~ და ასევე ახალთახალი `ბეემვე~ გაჩერდა და დიდის ამბით გადმობრძანდნენ მისი უდიდებულესობა, ჩინელები...
ახალსოფელში დიდ საფრთხეს წარმოადგენს აგრეთვე საცალფეხო ტროტუარის სივიწროვე, მანქანები ლამის ტანსაცმელზე გეხება. არ ვიცი როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, მაგრამ ფაქტია უამრავ ავარიას იწვევს გზის სივიწროვე. გარკვეულ უბნებში აგრეთვე მოსაწესრიგებელია შიდა გზები, წვიმის დროს უჭირთ გადაადგილება. საბავშვო ბაღი განთავსებულია კერძო სახლში, ადგილობრივები მუდმივ შიშში არიან, ხელშეკრულების გასვლის შემდეგ რა იქნება, ითხოვენ სტანდარტულ შენობას. კულტურის სახლი დანგრევის პირასაა და ფიქრობენ კარგი იქნება, სწორედ მის ადგილას განთავსდეს ბაღის შენობა, რომელიც უზრუნველყოფს 27 ბავშვის ლამაზ გარემოში აღზრდას. სკოლა, ასე თუ ისე ნორმალურად გამოიყურება ვიზუალურად, აქ 72 მოსწავლეა. რაც შეეხება სოფლის ცენტრს, ფოტოდან მიხვდებით და კომენტარს აღარ გავაკეთებ.
ახლა კი ყველაზე მძიმე თემას უნდა შევეხო, ყველას უმორჩილესად გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ და გულთან მიიტანოთ ის ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ:
ახალსოფლელი ანზორ გოგუა კუნთოვანი დისტროფიით არის დაავადებული, დისტროფიის მქონე პაციენტი, კარგავს სიარულის უნარს, ზოგიერთს კი სუნთქვისა და ყლაპვის პრობლემები უვითარდება. კუნთოვანი დისტროფია უკურნებელია, თუმცა მედიკამენტები და სხვა საშუალებები ხელს უწყობენ სიპტომების გაკონტროლებას. ანზორი მოწყალებას არავისგან ითხოვს, მას და მის დედას, ქალბატონ ირმას მხოლოდ ერთი ოცნება აქვთ, ანზორს ჰქონდეს კომპიუტერი, თუნდაც ყველაზე იაფფასიანი.
მეგობრებო, ძალიან მიჭირს წერა, რადგან მერწმუნეთ ნანახმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ყველას გთხოვთ: ბატონო ჯუმბერ, საკრებულოს დეპუტატებო, უბრალო ლანჩხუთელებო, მოდით ერთად ავუხდინოთ პატარა ანზორს ეს არც თუ ისე ძვირადღირებული ოცნება და გადავდგათ ერთი ნაბიჯი უფლისკენ. ის ხომ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, არ შეუძლია თავისი შრომით შეიძინოს კომპიუტერი... მეტს მართლა ვეღარ ვწერ, მაპატიეთ და მადლობა წინასწარ ანზორ გოგუას ოჯახის მაგიერ...
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 


 

მოიწონეთ სტატია