რატომ გაემგზავრნენ ლანჩხუთის საკრებულოს წევრები სხდომიდან პირდაპირ ოზურგეთში?!

გუშინწინ, ლანჩხუთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, საკრებულოს წევრთა მოთხოვნითა და გამგებლის წინადადების საფუძველზე გაიმართა.
დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
,,დღის წესრიგში შეტანილია ის საკითხები, რომლის მიღებაც კანონის მოთხოვნას წარმოადგენს, კერძოდ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჭიროა 1 აპრილამდე გარკვეული ნორმატიული აქტების დამტკიცება, ამიტომ მიზანშეწონილია დავიწყოთ ადმინისტრაციული წარმოება“, აღნიშნა სხდომის თავმჯდომარემ, გიორგი ხელაძემ.
აღნიშნული ნორმის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოებს დაევალათ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის, სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის, დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების, დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტებისა და დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავებისა და დადგენის მიზნით, 2017 წლის 1 აპრილამდე შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება. საკრებულოს სხდომაზე მოსული იყო ბაღების ცენტრის ხელმძღვანელი დავით წულაძე, რომელიც მზად იყო შეკრებილებისთვის აეხსნა დეტალურად თუ რას ითვალისწინებს ახალი კანონმდებლობა, მაგრამ დეპუტატებმა წულაძის მოსასმენად სად გვცალია, გურიის ფეხბურთის ფედერაციის ადგილმდებარეობის ბედი წყდება, ისედაც ადმინისტრაციული წარმოება იწყება საკითხზე და შემდგომ ფრაქციებსა და კომისიებში განვიხილავთ დეტალებსო.
`ახალი უმრავლესობის~ ლიდერმა, გიორგი ჩახვაძემ განაცხადა, _ „ფედერაციის ოფისი ლანჩხუთშია და არ უნდა დავუშვათ არჩევნები ოზურგეთში ჩატარდეს. როცა დავით მუჯირი რვა მარტს ლანჩხუთში ჩამოვიდა, თქვა, რომ ის ყველა ხელმძღვანელ პირთან, მათ შორის, ლანჩხუთის გამგებელთანაც შეთანხმებულია, რომ ფედერაციამ ბინა ოზურგეთში დაიდოს. დიდი დავიდარაბის შემდეგ შევთანხმდით, რომ წესდებაში ფედერაციის ადგილმდებარეობად ლანჩხუთი ჩაიწერებოდა. რახან ფედერაცია ლანჩხუთშია, არჩევნებიც აქ უნდა ჩატარდეს. დროულად დავასრულოდ, ან საერთოდ შევწყვიტოთ სესია და ოზურგეთში წავიდეთ ყველა და ჩვენი სათქმელი დავაფიქსიროთ“.
ჩახვაძის თხოვნა დეპუტატების უმრავლესობამ გაითვალისწინა და რამდენიმე წუთის წინ დაწყებული სხდომა მხოლოდ ორიოდე განცხადების გაკეთებით დასრულდა.
თუმცა, რამდენიმე დეპუტატს კიდევ სურდა გამოსვლა, მაგრამ ეს შემდგომ ვისაუბროთო, კატეგორიული იყო ჩახვაძე.
სხდომის დასასრულს გია გოგუაძემ საინიციატივო ჯგუფის განცხადება გააცნო დეპუტატებს, რომელსაც 30-მდე ადამიანი აწერდა ხელს და ის მერაბ ჟორდანიასთან დაკავშირებით იყო შემოსული საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.
დეპუტატებმა კოლეგის განცხადებას ბოლომდე არც მოუსმინეს და მათმა ნაწილმა დარბაზი დატოვა.
სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატთა ნაწილი ოზურგეთში გაემგზავრა, სადაც გურიის ფეხბურთის ფედრაციის პრეზიდენტის არჩევნები შედგა, ფედერაციის ოფისი ლანჩხუთში დარჩა...

 


 

მოიწონეთ სტატია