აქციის გამოძახილი, რას ამბობს ზურაბ მეგრელიძე

7 მარტს სოფელ აკეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადგილობრივთა მხრიდან გარკვეული ბრალდებები გაისმა ზურაბ მეგრელიძის მისამართით, თუმცა, რას წარმოადგენდა ეს პიროვნება აქციის მიმდინარეობისას ვერც მოსახლეობამ და ვერც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პასუხი ვერ გაგვცეს.
ზურაბ მეგრელიძე მოგვიანებით თავად შეგვეხმიანა და საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა აქციაზე მისი მისამართით გაჟღერებული ბრალდებების მიმართ.
როგორც მეგრელიძესთან საუბრისას გაირკვა, ის კომპანია „გზამშენის“ 90% წილის მფლობელია და აკეთის კარიერზე ტენდერში მოგებული ლიცენზიის უფლება გარკვეული მოლაპარაკებების შედეგად ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს“ გადასცა და ამავდროულად მეგრელიძე ამ ჩინური კომპანიის წარმომადგენელიცაა.
„ ჩვენმა კომპანიამ აკეთის კარიერიდან ინერტული მასალების მოპოვების უფლება მიიღო, თუმცა, რამდენადაც ჩვენ „სინოჰიდროს“ ქვეკონტრაქტორები ვართ, ჩვენსას და ჩინურ კომპანიას შორის შედგა მოლაპარაკება და ლიცენზია მათ გადავეცით, რადგან სამუშაოების შესასრულებლად გაცილებით უკეთესი ტექნიკა გააჩნიათ“, -ამბობს ზურაბ მეგრელიძე და აქვე იმასაც დასძენს, რომ გზის პროექტი, შპს „გზამშენის“ დაკვეთით გაკეთდა და ამ ეტაპზე სამუშაოების 60 %-ია შესრულებული.
„ტყუილია, როცა ამბობენ, რომ თითქოს 500 მეტრის სიგრძეზე უნდა დაგებულიყო ბეტონის საფარი, მსგავსი რამ არ ყოფილა, მე ყველაფერზე დოკუმენტების მიხედვით ვსაუბრობ. ამასთან დაკავშირებით არსებობს სოფლის კრების ოქმი, რომელსაც ხელს სხვებთან ერთად სოფლის მაჟორიტარი გოგი მორჩილაძე და სოფლის რწმუნებული მანუჩარ ღლონტიც აწერენ.
მოსახლეობას დავპირდით, რომ გზა მოიხრეშებოდა და ასეც ხდება, უნიკალური გზა კეთდება. რაც შეეხება მათ მოთხოვნილ ალტერნატიულ გზას, ამაზე ჩინურ კომპანიასთან ერთად ვიმუშავეთ და ითქვა, რომ ეს შეუძლებელი იყო. რაც შეეხება ტაძრის თემას, რაზეც აქტიურად კეთდება აქცენტი, აქაც კონსულტაციები გავიარეთ, გვქონდა მოლაპარაკებები მურმან ქურიძესთან, რომელიც მონაწილეობდა ამ ეკლესიის აღდგენაში. შევთანხმდით, რომ ტაძრის მიმდებარედ მოხდებოდა გზის გაფართოება, რაც სავსებით მისაღები იყო მათთვის.
რაც შეეხება თითქოს ჩემს მიერ გაჟღერებულ მუქარას ნიღბიანებით დარბევის შესახებ, მსგავს რამეს ადგილი არ ქონია. მოსახლეობას ავუხსენი, რომ თუ ისინი გზას გადაკეტავდნენ, მაშინ შესაძლებელი იყო ჩინურ კომპანიას გამოეძახებინა პატრული, რომელიც დააფიქსირებდა თუ რის გამოა სამუშაოები შეჩერებული. ამის შემდეგ კი „სინოჰიდროს“ შეეძლო მათ წინააღმდეგ სასამართლოსთვისაც მიემართა და ზარალის ანაზღაურებაც მოეთხოვა. სწორედ ეს განვუმატე მოსახლეობას და არა ნიღბიანებით დავაშინე ისინი“, - ამბობს მეგრელიძე.
აქციაზე ასევე ითქვა, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას 5000 ათასი ლარი შესთავაზეს, სემდეგ მიუმატეს და ერთგვარი ვაჭრობა დაიწყეს, მაგრამ ეს ზღვცაში წვეთია, რადგან მათ გაცილებით მეტი მოითხოვეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით მეგრელიძე განმარტავს, რომ მან მართლაც სთხოვა კომპანიის წარმომადგენელს ჩასულიყო აკეთში და გაერკვია თუ რეალურად რა ითხოვდნენ იქაურები.
„თვითმართველობის არჩევნებია მოახლოებული და დამაინტერესა ამ ხალხის ხარჯზე ვინმე ხომ არ აპირებს საკუთარ აქტივში ქულები ჩაიწეროს. ამიტომ მე ჩემს წარმომადგენელს ვთხოვე ჩასულიყო აკეთში და ამ ოჯახებისთვის შეეთავაზებინა კომპენსაციის სახით ხუთი ათასი ლარი, რა იტყვიან-მეთქი. მათი მოთხოვნა კი იყო თითო ოჯახზე 30 ათასი დოლარი გადაგვეხადა. ეს დიდი სიმძიმის მანქანები რომ გაივლიან თხილის ფართობები დაგვიზიანდება და ამიტომ 30 ათასი დოლარი გვინდაო.
როცა ექვს მარტს მე, როგორც კომპანია „სინოჰიდროს“ წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გურიის გუბერნატორთან და სხვა წარმომადგენლებთან ერთად შევხვდი მოსახლეობას, შევთავაზეთ, რომ საკმაოდ სოლიდურ კომპანიებში დავაზღვევდით მათ ქონებას, თუმცა,ამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს, ნდობა არ გვაქვს მათიო. მოვილაპარაკეთ, რომ ბეტონის გზა გაგვეკეთებინა გზის იმ მონაკვეთში, სადაც ეს ხუთი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ ამაზეც უარი თქვეს. ავუხსენით, რომ სპეციალური სარწყავი სისტემა დამონტაჟდებოდა, ესეც მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის“, - განმარტა ზურაბ მეგრელიძემ, რომელიც მიესალმება თუკი ჩინურ კომპანიასა და აკეთელთა შორის შეთანხმება მართლაც შედგა.
ზურაბ მეგრელიძისთვის გაუგებარია თუ რატომ არავინ ახსენა აქციაზე თუ რომელ კომპანიას წარმოადგენდა იგი და რატომ იხსნებდნენ მას ვინმე მეგრელიძეთი- „მიკვირს დასამალი რა იყო, ყველამ იცოდა რომ გზის მშენებლობას აწარმოებდა ჩინური კომპანია. არაერთხელ მქონია შეხვედრა როგორც მოსახლეობასთან, ასევე სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან და რწმუნებულთან“.
სხვათა შორის ჩვენთან საუბარში მეგრელიძემ აქცენტი გააკეთა, იმ გზის საერთაშორისო მნიშვნელობაზე, რომელსაც უნდა მოხმარდეს სწორედ აკეთიდან გასული ინერტული მასალა.
„მე მესმის მოსახლეობის. გარკვეული დისკომფორტი ამ ორი-სამი წლის განმავლობაში მათ ექნებათ, მაგრამ საქმე სახელმწიფო მნიშვნელობის გზას ეხება და ყველას გვმართებს საკითხისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა. მაშინ, როცა დღესდღეობით არსებულ ცენტრალური ავტომაგისტრალის მონაკვეთზე უამრავი ადამიანი იღუპება, ყველას ინტერესში უნდა იყოს ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე დავიდეს. რომ არა ასეთი ხელისშემშლელი ფაქტორები, ავტობანის მშენებლობა საკმაოდ სწრაფ ტემპში დასრულდება. თუმცა, მერწმუნეთ, ადრე თუ გვიან, მიუხედავად ყველაფრისა, ეს გზა მაინც გაკეთდება“, -დასძენს ჩინური კომპანიის წარმომადგენელი.
მეგრელიძე ჩვენთან საუბარში იმასაც იხსენებს თუ როგორ გაიცნო ზორბეგ ხუხუნაიშვილი (აკეთის ყოფილი მაჟორიტარი საკრებულოში) და ვინ შესთავაზა არკადი ჩხაიძის (ისიც სოფლის ყოფილი მაჟორიტარია) კანდიდატურა.
\როცა სოფელში ავედი არავის ვიცნობდი. შეხვედრაზე გამოველაპარაკე ზორბეგის და აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი განათლება, იცნობდა სოფელს და ამიტომ ჩამოყალიბდა ჩვენს შორის ურთიოერთობა. მანამდე ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობდი და ეს ფაქტი შეგიძლიათ მასთანაც გადაამოწმოთ. ის დამეხმარა ხალთან ურთიერთობაში, როცა მიწის შესყიდვაზე თუ სხვა საკითხზე იყო საუბარი. ის ჩვენი თანამშრომელი არ არის და მას ჩვენ ხელფასს არე ვუხდით. არც მისთვის ავტომობილი შეგვიძენია, როგორც ეს თქვენთვის უთქვამთ. რაც შეეხება არკადი ჩხაიძე, მისი კანდიდატურა მურმან ქურიძემ შემოგვთავაზა. ეს კაცი თურმე ეკლესიის აღდგენაზე ეხმარებოდა და მის პატიოსნებაში, როცა ასეთ კარგ საქმე აკეთებდა, ეჭვს საიდან შევიტანდით. როგორც ჩანს ეს სხვა თემებს უკავშირდება და მე პოლიტიკას არ გავრევ ამ საქმეში. იქ უთქვამთ რომ, ყოფილი ნაციონალებიაო და ა.შ. ამ მინდა პოლიტიკაზე საუბარი. სხვათა შორის, 35 წელი უცხოეთში გავატარე, აფხაზეთიდან ვარ დევნილი და საქართველოში 2008 წელს დავბრუნდი. მაშინ ვინც იყო ხელისუფლებაში თქვენც კარგად იცით, მათთან საკმაოდ განსხვავებული პოლიტიკა მქონდა და ეს ხშირად დამიფიქსირებია. საქმე აკეთონ და ვიცნ უნდა ის იყონ ხელისუფლებაში. ამ თემების წამოწევა უფრო მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, ვიდრე საქმის კეთებას სოფელში. ეს არ არის ჩემი საქმე, ვინც უნდა ის აირჩიონ, უნდათ მორჩილაძე, უნდათ სხვა. მე ვაკეთებ იმას, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და კეთილი ინებონ, ინტრიგანობას თავი დაანებონ და ის ანახონ ხალხს, თუ რა გაუკეთებიათ. 4 ოჯახია ვინც არის წინააღმდეგი და ამ ოჯახებიდან ერთში მორჩილაძის მამიდა ცხოვრობს, მეორეში ღლონტის სიდედრ–სიმამრი და ალბათ, ამით ყველაფერია ნათქვამი.~


მოიწონეთ სტატია