`ჰო და არას~ მიერ გახმაურებულმა სკანდალმა გურიის ფედერაციის ოფისი ლანჩხუთში დატოვა!

დღეს, ოზურგეთში, გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა გაიმართება. დღის წესრიგში სამი საკითხია _ ახალი წესდების მიღება, პრეზიდენტის არჩევა და ფედერაციის გამგეობის დაკომპლექტება. როგორც უკვე ცნობილია, პრეზიდენტობის კანდიდატი ერთია _ სფფ-ის გენმდივან დავით მუჯირის მამა, წარსულში ლეგენდარული `დინამოს~ ცნობილი წევრი _ დავით მუჯირი-უფროსი.
ყველაფერი ნომრის ფარგლებში იქნებოდა, რომ არა კანდიდატის სკანდალური ინტერვიუ, რომელიც ოზურგეთის ადგილობრივმა გაზეთმა გაავრცელა. სწორედ დავით მუჯირის სკანდალური განცხადებების `ჰო და არაში~ გამოქვეყნება გახდა იმის საფუძველი, რომ ლანჩხუთის საფეხბურთო საზოგადოება დაირაზმა ფეხბურთის ფედერაციის ოფისის ოზურგეთში გადატანის წინააღმდეგ.
`სურვილი მაქვს სუპერთასის მატჩი მომავალ წელს ოზურგეთში ჩავატარებინო. ამისთვის თქვენს სტადიონს ისე გავაკეთებინებ, როგორც საჭიროა. შარშან მარტვილში ჩატარდა. არა მგონია, ოზურგეთელებმა მარტვილელებზე ნაკლებად გავართვათ თავი ამ ამოცანას. დიახ, ოფისი ოზურგეთში გადმოვა. გურიის სათავო ქალაქი ეს არის, გუბერნიაც აქაა, ასე აჯობებს როგორც ფეხბურთის რეგიონული ფედერაცისთვის, ისე პირადად ჩემთვის, აქაური, მაკვანეთელი კაცი ვარ, აქ მაქვს სახლი და კარი~ _ ეს განცხადება ზედ არჩევნების წინ, მინიმუმ არაკორექტული გახლდათ და ამასთან, არაგონივრულიც. `ჰო და არამ~ დეტალურად გაშიფრა, რომ დავით მუჯირს გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, თუ ის ლანჩხუთის სუბიექტებს დაიპირისპირებს, საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია ახალი წესდების დამტკიცებაზე და კიდევ უფრო _ გურიის ფედერაციის ოფისის ოზურგეთში გადატანაზე.
`ჰო და არამ~ წინა ნომერში გამოქვეყნებული წერილით სწორედ ეს მინიშნება გააკეთა _ გურიის ფედერაციამ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, ვისაც სუპერთასი და ოფისი ოზურგეთში მიაქვს!
ახლა დეტალურად განვიხილოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. დავიწყოთ იმით, რომ გრფფ-ს სულ 7 ხმისმიმცემი სუბიექტი ჰყავს, აქედან ოთხი ლანჩხუთისაა _ საფეხბურთო კლუბი `გურია~ (ხმისმიმცემი დელეგატი გიგლა იმნაძე), საფეხბურთო სკოლა (გია თავაძე, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს), გოგონათა საფეხბურთო სკოლა (დურმიშხან ჩხაიძე) და საფეხბურთო სკოლა (გიორგი ფაცურია). ორი სუბიექტი ჰყავს ოზურგეთს _ საფეხბურთო კლუბი `მერცხალი~ და საფეხბურთო სკოლა `ბასა~, ერთი ჩოხატაურს _ საფეხბურთო კლუბი `ბახმარო~.
აქედან ნათელია, რომ პრეზიდენტს 7-დან 4 ხმა სჭირდება, რაც ლანჩხუთის ხმის გარეშე შეუძლებელია. რა თქმა უნდა, აქ არ ვუშვებთ, რომ თუ ოფისი ლანჩხუთიდან გადავა, ასეთ შემთხვევაში, ოთხიდან რომელიმე სუბიექტი ამას გააკეთებს!
ამასთან, თუ ლანჩხუთი ბოიკოტირებას მოახდენს, გამოვა, რომ ყრილობა და შესაბამისად, არჩევნებიც ჩაიშლება, რამეთუ ყრილობა (საერთო კრება) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სუბიექტების ნახევარზე მეტი.
რაც შეეხება ახალი წესდების მიღებას, ამას სჭირდება საერთო ხმების 2/3, რაც ნიშნავს, რომ თუ 7-ივე სუბიექტის წარმომადგენელი მივა ყრილობაზე, ცვლილებებს სჭირდება ხმის მიცემის უფლების მქონე 5 დელეგატის მხარდაჭერა, რაც ლანჩხუთის სუბიექტების გარეშე გამორიცხულია.
ყველაზე მთავარი _ ოფისის მისამართის შეცვლას სჭირდება ა(ა)იპ გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ოთხივე დამფუძნებლის თანხმობა! ყველა მათგანი ლანჩხუთელია და ოფისის ადგილზე დატოვების მოთხოვნას ხელი, მოლოდინისამებრ, ოთხივემ (ბეგი სიხარულიძე, შოთა პატარაია, გია გოგუაძე, თემურ ალექსაია) მოაწერა.
ყოველივე ზემოთქმულის მიხედვით, ძნელი სათქმელია, როგორ გეგმავდა დავით მუჯირი ან ვინც ამის უკან იდგა, ოფისის გადატანას? ნაკლებ დამაჯერებელია, რომ სფფ-ის წესდება არ წაიკითხეს, ან ის ვერ განსაზღვრეს, რომ 7-ში 4 სუბიქეტის გადაკიდება, პირდაპირ წამგებიანი იყო. აქ, როგორც ჩანს, ელოდნენ, რომ ლანჩხუთელი სუბიქეტები უკან დაიხევდნენ (ან საფეხბურთოდ `გადამტერებულმა~ ოზურგეთმა თავისი სცადა).
თუმცა ეს რომ ასე არაა, გუშინწინ, კლუბ `გურიას~ ოფისში გამართულ შეხვედრაზე გამოჩნდა: გრფფ-ის სუბიექტების წარმომადგენლები, ხმის მიმცემი დელეგატები და დამფუძნებლები პრეზიდენტობის კანდიდატს შეხვდენენ.
თავიდან დავით მუჯირმა დამხვდურებს `შეუტია~ _ ჩემთან გადაგემოწმებინათო. მას `ჰო და არას~ წინა ნომერიც დაუდეს, უარყო, ასეთი განცხადებები არსად გამიკეთებიაო, ინტერვიუ არავისთვის მიმიციაო. თუმცა მისი საუბარი იქითკენ მიდიოდა, რომ რაც მის კომენტარად გავრცელდა, მისი გაბათილება არ უცდია, პირიქითY_ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, უბრალოდ, ოზურგეთული შეხვედრისგან განსხვავებით, მუჯირი დიპლომატიურად იქცეოდა _ პირდაპირ არ იძახდა, ოფისი ოზურგეთში გადაგვაქვსო, მაგრამ არც პირობას იძლეოდა, რომ არ გადაიტანდა. არ მაქვს მაგის თქმის უფლება _ არაერთხელ გაიმეორა კანდიდატმა, თუმცა მასპინძლები ამით ვერ დააწყნარა: წინასაარჩევნოდ, კანდიდატებს დაპირებების უფლება აკრძალული არ აქვთო.
კარგა ხანს, ვერც სიტყვიერი თანხმობა მიიღეს ამაზე და კიდევ უფრო გამწვავდა სიტუაცია, როცა კანდიდატმა ახალი წესდება წარმოადგინა, სადაც დამფუძნებლები არსად წერია. რა თქმა უნდა, ყრილობის ოზურგეთში ჩატარებაც გაპროტესდა _ ფედერაციას ოფისი აქვს ლანჩხუთში და ოზურგეთში სასტუმროს რატომ ქირაობთო. პრეზიდენტობის კანდიდატმა _ მაპატიეთ და გუბერნატორს ვერ ვეტყვი, ლანჩხუთში ჩამოვიდესო ყრილობაზე დასასწრებადო... თავადაც მიხვდა, რომ ეს განცხადება მიზანშეუწონელი გახლდათ.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დავით მუჯირი არ გასცდენია კორექტულობის ფარგლებს _ თუ მხარს არ დამიჭერთ, რა პრობლემაა, წავალო. თუმცა მას მთელი შეხვედრის მანძილზე მხარდაჭერას უმტკიცებდა ყველა, ოღონდ ოფისის გადატანაზე ვერ შევთანხმდებითო.
ახალ წესებაში დამფუძნებლების შეყვანაც სამომავლო გარანტიებვისთვის მოითხოვეს და იმის ჩაწერაც, რომ ფედერაციის მისამართი ლანჩხუთია!
საბოლოოდ, დავით მუჯირმა დრო ითხოვა, სატელეფონო საუბრის შემდეგ კი, შეცვლილი პოზიციით დაბრუნდა საპრესკონფერენციო დარბაზში _ აგერ არის წესდება, თუ გინდათ, მისამართი თქვენი ხელით ჩაწერეთო... ის პირობაც დატოვა, რომ წესდებაში დამფუძნებლებსაც ჩაწერენ და ახალს არავის დაამატებენ.
ასე რომ, გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია ლანჩხუთში დარჩება, დღევანდელი ყრილობა ოზურგეთში ჩატარდება, სადაც პრეზიდენტად დავით მუჯირს აირჩევენ. არსებული ინფორმაციით, მისი თანაგუნდელი ლანჩხუთელი გია თავაძე გენმდივანი გახდება, ვისაც, სხვათა შორის, არ სცოდნია, სად მდებარეობს ლანჩხუთში გურიის ფედერაციის შტაბ-ბინა (ეს შეხვედრაზე მასთან განხორციელებული ზარისას გამოვლინდა, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია).
შეგახსენებთ, რომ გურიის ფედერაცია 2000 წელს დაფუძნდა. სფფ-ის მაშინდელი თავკაცის, მერაბ ჟორდანიას გადაწყვეტილებით, გრფფ-ის ოფისი ლანჩხუთში უნდა ყოფილიყო. `მე არ მაინტერესებს სახელმწიფო დაყოფა, გურიის საფეხბურთო ცენტრი ლანჩხუთია~ _ აცხადებდა მაშინ ჟორდანია.
პირველი პრეზიდენტი გახლდათ ცხონებული იმედო დუნდუა. მისი გარდაცვალების შემდეგ, თითქოს ალბერტ ლომაძე გახდა გრფფ-ის თავკაცი, თუმცა მხოლოდ რამდენიმე დღით და ისიც არაოფიციალურად. გრფფ-ის მეორე პრეზიდენტი დურმიშხან ჩხაიძე გახდა, რომელიც ზემონახსენებმა კახა ებრალიძემ შეცვალა.
გურული ფეხბურთის ირგვლივ სულ ხმაური იყო და მას სფფ-ის საპრეზიდენტო ხმა ორჯერ ჩამოართვეს. პირველად ამით გიორგი ნემსაძემ იზარალა, მეორედ _ რევაზ არველაძემ. ხმაურიანი იყო კახა ებრალიძის ორივე არჩევნები _ პირველად კონკურენტმა, დურმიშხან ჩხაიძემ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი პროტესტის ნიშნად თქვა, მეორედ არჩევას კი ორი არჩევნები დასჭირდა _ პირველი ჩაიშალა, რის გამოც, პირველად მოხდა, რომ არჩევნები თბილისში ჩატარდა!
აქამდე გურიის რეგიონული ფედერაციის ყველა პრეზიდენტი (დუნდუა, ჩხაიძე, ებრალიძე) პარალელურად იყო სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, თუმცა დღევანდელი ფორმაციის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში წევრთა რაოდენობა შემცირებულია და მასში რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტებიდან შეყვანილი არავინაა.

 


 

მოიწონეთ სტატია