87 წლის ბაბუას მოლოდინი, ლექსები სიყვარულზე, დეპუტატზე და შრომისუბნელთა ერთი დღე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 2350
რეპორტაჟი შრომისუბნიდან
ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა რეპორტაჟი შრომისუბნიდან, გაგვეცნო მკითხველისთვის ამ სოფლის მდგომარეობა, წუხილი და დალხინება. შეძლებისდაგვარად, კარდაკარ მოვიარეთ და გავესაუბრეთ მოსახლეობას. აგრეთვე ვიყავით მოედნის დასახლებაშიც.
სოფელი შედის ჩოჩხათის თემში, აქ შემოსავლის წყაროს თხილის და ციტრუსის კულტურა წარმოადგენს. სოფლის ცენტრში განთავსებულია საბავშვო ბაღის შენობა, ცოტა მოშორებით დგას საბაზო სკოლა, ხოლო მოედანში ფუნქციონირებს დაწყებითი სკოლაც, თუ ამას ფუნქციონირება და სკოლა ჰქვია. სოფელს ძალიან შეზღუდული გრაფიკით ემსახურება ტრანსპორტი, ხოლო მოედანში საერთოდ არ შედის, როცა ამ პრობლემით დავინტერესდი მძღოლმა, რომელიც სხვათა შორის ძალიან ყურადღებიანი კაცი აღმოჩნდა, მითხრა, რომ მგზავრთა სიმცირის გამო ვერ ხერხდება მეტი ინტენსივობით რეისები. დიახ, აქ ძალზედ თვალშისაცემია შიდა მიგრაციის ვერაგი ხელი, მოსახლეობის ძირითად უმრავლესობას შუა ასაკს მიტანებული ან გადაცილებული ადამიანები შეადგენენ. ქალაქად წასული ახალგაზრდობა იქედან ცდილობს დაეხმაროს სოფლად დარჩენილებს.. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა ოჯახში ორი ან მეტი ძაღლი ჰყავთ, ამის მიზეზად ხშირი ქურდობა სახელდება, გახსოვთ, ალბათ, ბოლოდროინდელი გახმაურებული `200 ლარიანი~ ყაჩაღობაც ამ თემში მოხდა. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ კითხვა დასაქმებაზე აქაც სასაცილოდ არ ჰყოფნით. თუმცა ამბობენ, რომ გაკეთდა დამბები და პერიოდულად რამდენიმე მათგანი დასაქმდა. ძალიან აწუხებთ ხრეშის გაზიდვის პროცესი, რადგან მათი თქმით ამან გამოიწვია გზის ჩავარდნა, სახლების დაბზარვა და ა.შ. `როდესაც 60 ტონიანი მოძრავი მასა ჩაგივლის სახლის წინ, დაგენგრევა აბა რა იქნება~ _ სწუხს მოსახლეობა. თან ამატებენ, რომ მათთან წლებია არ მოხრეშილა გზა და რაც კომუნიზმის დროს დაიყარა, ისიც შეიწირა. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, თუმცა ამ ხალხისთვის დღესდღეობით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თხილის შეწამვლა, ხვნა-თესვასთან დაკავშირებული პრობლემები. უნდა აღვნიშნო, რომ საბედნიეროდ მიწის ნაკვეთების ნაკლებობას არ უჩივიან, სხვა სოფლებისგან განსხვავებით. აინტერესებთ შეუწამლავს თუ არა ხელისუფლება მათ თხილს, სურთ მეტი ინფორმაცია ამ კულტურაზე. მთავარი შემოსავლის წყარო სწორედ თხილია, ასე რომ, იმის იმედად არიან, იქნებ დაეხმაროს მათ ხელისუფლება და შარშანდელივით ცუდი მოსავალი არ მიიღონ.
გზად მიმავალმა ახალ საძირკველ ჩაყრილი სახლი შევნიშნე, რომელიც ნოდარ სარიშვილის აღმოჩნდა, ,,ჰო და არას“ მკითხველს კარგად ემახსოვრება, რომ ამ კაცს სახლი დაეწვა, სახლი რომელზეც ამბობენ, რომ მსგავსი კეთილმოწყობილი თემში არც ერთი ოჯახი არ იყოო. საინტერესოა, რომ ამ ოჯახს სახელმწიფო 1500 ლარით დაეხმარა, ეს მაშინ, როცა სოციალური პროექტები პრიორიტეტად უნდა ჰქონდეს ქვეყანას. აი, ამიტომ ვიქნებით ბატონებო ყოველთვის `მიტოვებულ რაიონად~ წოდებულნი და ნუ დაიწყებთ, ძალიან გთხოვთ, თქვენთვისვე გაურკვეველი ციფრებით თამაშს. ოჯახი დიდი იმედით ელოდება დეპუტატ ნინო წილოსანის ვიზიტს. წილოსანის ვიზიტს ელოდება აგრეთვე 87 წლის მოხუცი, 50 წლიანი ბიბლიოთეკარის სტაჟის მქონე მიხეილ ტიკარაძე. ბატონი მიშა ,,ჰო და არას“ ერთგული მკითხველი და გულშემატკივარი აღმოჩნდა, მისივე თქმით ის პედაგოგი რა პედაგოგია, ვინც გაზეთს არ კითხულობს, ის ხელმძღვანელი რა ხელმძღვანელია, ვისაც გაზეთი არა აქვს და ის სახელმწიფო მუშაკი რა მუშაკია, ვინც გაზეთს არ ეცნობა. წავიკითხე მისი ლექსები ჩოჩხათზე, სამშობლოზე, სიყვარულზე, ქალბატონ ნინო წილოსანზე. ის თხოვს მას დაპირებები რეალობად აქციოს და გაახაროს გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობა. ვნახოთ, ვნახოთ, ბატონო მიხეილ...
ჩვენი ერთგული მკითხველია ასევე ალიკო გუჯაბიძეც, რომელიც ჩინებული მასპინძელი აღმოჩნდა. მე ისინი იმიტომ გამოვყევი, რომ 80 წელს გადაცილებული ხალხია და დასაფასებელია მათი შინაგანი კულტურა, ინტელექტი, ცოდნა, წლებმა რომ ვერ შთანთქეს.
შრომისუბნის საბაზო სკოლას სულ 62 მოსწავლე ჰყავს, ხოლო პედაგოგთა რაოდენობა 22-ს შეადგენს. სკოლის დირექტორი ახალგაზრდა, ენერგიული ქალბატონი ქეთევან ხომერიკია, რომელზეც ამბობენ, რომ აჯობა ყოფილ `კაც დირექტორებს~ და დაიწყო სკოლის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მისივე თქმით, მათ დიდი დახმარება გაუწიათ გია ბიწაძემ, შემოღობა სკოლის გარშემო ტერიტორია და კვლავ აპირებს დახმარებას. ეს საბაზო სკოლა მოედნის დაწყებით სკოლას კი სჯობია ნამდვილად, მაგრამ მე როგორც რიგით სტუმარს გული მეტკინა არსებული სურათის ნახვით. რა თქმა უნდა, პრობლემები კომპლექსურია და ამას ვერანაირად ვერ მოაგვარებს ვერც დირექტორი და ვერც პედკოლექტივი. მაშინ როდესაც, დღევანდელ რეალობაში ძალინ ძნელია ბავშვი მიიყვანო წიგნთან, მიაღებინო შესაბამისი განათლება, დააინტერესო სკოლის პროგრამით და ამას ემატება მსგავსი სასწავლო პირობები, რბილად რომ ვთქვათ, ახია რაც დაგვემართება. არ იქნებოდა ცუდი ზღაპრების განხილვას რომ დავამთავრებთ, შემდეგ რეალურ პრობლემებსაც მივხედოთ, დავეხმაროთ როგორც ბავშვს, ასევე აღმზრდელებსაც, როგორმე მოწინავე გახდეს სწავლა-განათლების სფერო. ძალიან მომეწონა ქეთევან ხომერიკის მიდგომა სწავლების საკითხთან _ `თუკი გაბედე ასწავლო სხვას, ყოველთვის უნდა ისწავლო შენ.~ მისი თქმით, სკოლა გამოვიდა მინუსიანი პირობებიდან და გაცილებით დიდი შანსი იქნება სკოლის კეთილმოწყობისთვის. საბედნიეროდ, რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა საბავშვო ბაღში, შესაძლოა იმიტომ, რომ აქ მთელი თემიდან მოდიან აღსაზრდელები. ნორმალურ ინფრასტრუქტურულ პირობებს ემატება ძალიან თბილი და ლამაზი გარემო, რომელიც შექმნილია ბავშვებისთვის აღმზრდელების მიერ. უფროსი აღმზრდელის ცირა სირაძის თქმით, მათ ეხმარებიან, როგორც რწმუნებული, ასევე სოფლის დეპუტატი და იდეალური სამუშაო გარემო აქვთ შექმნილი. ბავშვების რაოდენობა 41-ს, ხოლო აღმზრდელების _ 9-ს შეადგენს.
თუ გაინტერესებთ რას ფიქრობენ პოლიტიკაზე, გეტყვით, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ `ჩვენით თუ არ გავანძრიეთ ხელი, გლეხი არც ერთი მთავრობის დროს არ აშენებულა~-ო. ისე, ყველამ აღნიშნა, რომ შუქის გადასახადი მოუვიდათ არანორმალურად გაზრდილი და მძიმე ტვირთად დააწვათ. `როცა 180 ლარი მაქვს პენსია და 85-ს დენში გადავიხდი, რა ვჭამო?! არასდროს 30 ლარზე მეტი არ მომსვლია~ _ შემომჩივლა ერთ-ერთმა ქალბატონმა. ჩვენი გაზეთი ამ პრობლემაზე წერდა და კვლავაც ვეცდებით რაიმე სიცხადე შევიტანოთ, დავპირდი შრომისუბნელებს.
მინდა დავძინო, რომ იშვიათად ასე სადმე უყვარდეთ სტუმარი და პატივს სცემდნენ მას. დიდი მადლობა შრომისუბნელებო ყველაფრისათვის და იმედს ვიტოვებ შიდა მიგრაცია შეჩერდება და სკოლაში არა 62, არამედ გაცილებით მეტი ბავშვი იქნება, ტრანსპორტი ვერ აუთავდება თქვენს მომსახურებას და ძაღლებიც აღარ დაგჭირდებათ ამდენი.
საერთოდ, როცა ტურისტი, ან უბრალოდ სტუმარი მოდის, იქნება ეს ქალაქი, სოფელი, თუ დაბა, პირველ რიგში იმ ტერიტორიული ერთეულის ცენტრს აქცევს ყურადღებას. შრომისუბანში არსებული ცენტრი არ შეესაბამება ნამდვილად არც ერთ სტანდარტს.
სოფლის მოსახლეობამ თვითონ შეარემონტა იქვე არსებული შენობა და საჭიროების შემთხვევაში, სწორედ იქ იკრიბებიან. ელემენტარულად ხის ძელები მაინც ხომ უნდა იყოს, თუ სკვერი არა, რომ ადამიანი ჩამოჯდეს და დაისვენოს, არა მგონია ასეთმა დამოკიდებულებამ შიდა მიგრაცია შეაჩეროს.
თორნიკე ჯიჯიეშვილი