გივიმ ყველა დაამშვიდა: თამაში 7 _ მოგება 7!!!

ლანჩხუთის რაიონის ჩემპიონატი 10 წლამდე ნორჩ მოჭადრაკეთა შორის. როგორც ჭადრაკის სკოლის ფეისბუქ-გვერდი წერს, `დამაჯერებლად გაიმარჯვა გივი ზოიძემ. მან აბსოლუტური შედეგი აჩვენა (7 ტურიდან 7 ქულა). გივიკო აშკარად სჯობდა სხვა მოჭადრაკეებს, რაც აისახა კიდეც შედეგებში. მე-2 ადგილი მარიამ ჩხაიძემ დაიკავა (6 ქულა 7 ტურიდან). გოგონებში მარიამ ჩხაიძე იყო აშკარად გამოკვეთილი. გივიკო და მარიამი საქართველოს ჩემპიონატში დაფინანსდებიან სპორტული ცენტრის ბიუჯეტიდან.~
პირველობის დასკვნით ანუ ფინალურ ეტაპზე ამ ასაკის 8 უძლიერესმა ნორჩმა მოჭადრაკემ გაარკვია ჩემპიონობისა და საქართველოს I ლიგაში თამაშის საგზური.
ძალზე შთამბეჭდავად იასპარეზა ამ ასაკში არა მარტო რაიონის, არამედ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთმა უძლიერესმა მოთამაშემ, გივი ზოიძემ. მან ყველა თამაში მოიგო. აჩვენა რა ძალიან აგრესიული და შემტევი სტილის ჭადრაკი. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა პარტია მან ლამაზად, ფიგურების შეწირვით მოიგო. ჩემპიონმა არა მარტო კარგი თამაში, არამედ ფსიქოლოგიურად კარგი მომზადებაც აჩვენა, როცა ერთ-ერთ ორთაბრძოლაში ლაზიერი დასვა, მაგრამ შეუპოვრად და მიზანმიმართულად ითამაშა და მაინც შეძლო მეტოქის დაშამათება.
გივი ზოიძე #1 საჯარო სკოლის მოსწავლეა, იგი სპორტული ცენტრის აღსაზრდელია, მისი მწვრთნელია ადამ ხუხუნაიშვილი. მეორე ადგილზე ვაჟებს შორის სრულიად მოულოდნელად ქვიანელი ავთანდილ ჯანაშია აღმოჩნდა. ავთო სულ რამდენიმე თვეა, რაც მწვრთნელ ნუგზარ გვარჯალაძესთან ვარჯიშობს, მაგრამ მშვიდი და გაწონასწორებული თამაშით ნამდვილად დაიმსახურა რაიონის ვიცე-ჩემპიონობა.
მესამე ადგილი #1 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ჯვართავამ (მწვრთნელი ტარიელ ხუხუნაიშვილი) დაიკავა, გიორგი ძალიან პერსპექტიული მოჭადრაკეა, მთავარია, რომ მან საჭადრაკო დაფასთან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისაგან თავი შეიკავოს და მეტი იფიქროს ამა თუ იმ სვლაზე .
გოგონებებში I ადგილი და ჩემპიონობა რაიონის მრავალგზის ჩემპიონმა და რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულმა და პრიზიორმა, შუხუთელმა, ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლემ მარიამ ჩხაიძემ (მწვრთნელი ადამი ხუხუნაიშვილი) მოიპოვა, მეორეზე მარიამ სარიშვილი, ხოლო მესამეზე 8 წლიანთა ჩემპიონი ლილე ფირცხალაიშვილი გავიდნენ (მწვრთნელები: ნუგზარ გვარჯალაძე და ადამი ხუხუნაიშვილი).
ყველა ბავშვი სპორტული ცენტრის მოსწავლეა (დირექტორი გურამ იმნაიშვილი).
გივი ზოიძე და მარი ჩხაიძე სპორტული ცენტრის მიერ მივლინებული იქნებიან ფოთში, მარტის დასაწყისში გასამართ საქართველოს I ლიგის გათამაშებაში.

 


 

მოიწონეთ სტატია