გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია ოზურგეთში გადააქვთ?

`ჰო და არას~ ინფორმაციით, ოზურგეთში გაიმართა გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა, რომელმაც 10 მარტისთვის გრფფ-ის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ამის აუცილებლობა მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა, კახა ებრალიძემ პოსტის დატოვების შესახებ ფეხბურთის ფედერაციას მიმართა _ როგორც ცნობილია, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში რევაზ არველაძეს უჭერდა მხარს და ძველი ფედერაციის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელმაც თანამდებობა დატოვა. თანაც მას საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე სამი წელი ჰქონდა. მაშინ გრფფ-ის თავკაცი აცხადებდა, რომ ახალარჩეულ ფედერაციას მისთვის არ მოუთხოვია პოსტის დატოვება (არ დაუტოვებია თანამდებობა არცერთ რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტს), მაგრამ მაინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
`მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს სფფ-ის ახალ თავკაცებთან. პირიქით, მათ დიდ პატივს ვცემ და წარმატებას ვუსურვებ. მათთან ერთად მითამაშია და ერთმანეთს პატივს ვცემთ. უბრალოდ, გარემოებებმა მოიტანა, რომ მე სხვა მხარეს ვიდექი და მოღალატე ვერ გავხდებოდი. მჯერა, მათ ესმით ეს. ამასთან, მე არ ჩავაყენებ მათ უხერხულ სიტუაციაში _ არავის მინიშნებაც კი არ გაუკეთებია, რომ უნდა წავიდე, მაგრამ ახალ გუნდს სრული თავისუფლება უნდა მივცე და გვერდზე გავიწიო. ასე გურიის ფეხბურთისთვისაც უკეთესი იქნება. მე ამ პოსტზე არ ვყოფილვარ ხელფასის გამო, არც გვქონდა ხელფასი და თუ გვქონდა, მაქსიმუმ 240 ლარი. მე აქ ვიყავი ფეხბურთის სიყვარულით და ჩემი პრეზიდენტობის დროს რეგიონულ ფედერაციას ოფისი გაუკეთდა, რაც შეგვეძლო, მაქსიმუმი გავაკეთეთY და ვცდილობდი, რომ გურული ფეხბურთის ლობისტი ვყოფილიყავი. ვფიქრობ, გამოგვდიოდა. ახლა ბრალდებად მიყენებენ, ულიცენზიო `გურია~ ორჯერ უმაღლეს ლიგაში რომ დავაშვებინე, დაუმთავრებელ სტადიონზე თამაშებს რომ ვატარებდით... კლუბი უმაღლეს ლიგაში გადავიყვანეთ, სტადიონზე მინდორი დავაგეთ... `გურიას~ 250-ათასლარიანი ყადაღა მოეხსნა. ახლა კი ვხედავ, რომ ვეღარ ვიქნები გურული ფეხბურთის ლობისტი _ ვერ ვიმუშავებ მე ამ ხალხთან და ვერ ვიქნები მათი მხარდამჭერი ახალ ფედერაციაში, რომლის თავკაცებსაც ასევე არ ვაყენებ უხერხულობაში და ამიტომაც მივიღე პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება. თუმცა ვრჩები `გურიას~ და გურული ფეხბურთის გულშემატკივარი~ _ აცხადებდა მაშინ ებრალიძემ.
ვინ შეცვლის კახა ებრალიძეს? დადასტურებული ინფორმაციით, ეს იქნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენმდივან დავით მუჯირის მამა _ დავით მუჯირი უფროსი. სავარაუდოდ, მას სამივე მუნიციპალიტეტის საფეხბურთო საზოგადოება დაუჭერს მხარს, შესაბამისად, ექნება უმეტესი ხმისმიმცემი სუბიექტების მხარდაჭერა. პლუს ამას, მისი შვილის ფედერაციის მაღალ თანამდებობაზე მუშაობაც, გურული ფეხბურთისთვის მომგებიანი ფორა უნდა დარჩეს. სახელოვანი ფეხბურთელი წარმოშობით ოზურგეთიდანაა და სავარაუდოდ, ამიტომაც გავრცელდა ხმები, რომ რეგიონული ფედერაცია გურიის მთავრ ქალაქში გადააქვთ. ამ ხმების გავრცელება `გაამყარა~ აღმასკომის სხდომის ოზურგეთში ჩატარებამ. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, სხდომა ლანჩხუთში იმიტომ არ ჩატარდა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბენია თავბერიძე ლანჩხუთში ჩამოსვლაზე, როგორც ამბობენ, უარს აცხადებს.
ეს კი გასული წლის იმ მოვლენებს უკავშირდება, რაც გურიის ფეხბურთის ფედერაციის ირგვლივ მოხდა _ საპრეზიდენტო არჩევნებმა კახა ებრალიძე და ბენია თავბერიძე სხვადასხვა ბანაკში მოახვედრა. ეს უკანასკნელი, ალბათ, იმედოვნებდა, რომ გრფფ-ის თავკაცი გახდებოდა, თუმცა იმთავითვე ნათელი გახლდათ, რომ ეს აბსურდი გახლდათ _ თუ მან უღალატა კახა ებრალიძეს, ასევე წარმატებით უღალატებს ახალ ფედერაციასაც. ისედაც, დაბნეული და გამომრიცხავი კომენტარებით ცნობილი თავბერიძე თავისი თავის დაცვას ვერ ახერხებდა და გურული ფეხბურთის ლობისტობას იგი ვერანაირად შეძლებდა.
გადავა თუ არა ოფისი ოზურგეთში? წესით და რიგით, ასე არ უნდა მოხდეს და ვერც მოხდება თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გრფფ-ს ოთხი დამფუძნებლიდან (მეხუთე _ იმედო დუნდუა გარდაცვლილია) ოთხივე ლანჩხუთელია (ბეგის სიხარულიძე, შოთა პატარაია, გია გოგუაძე, თემურ ალექსაია) და ძნელი დასაჯერებელია, მათ მხარი ოფისის გადატანას დაუჭირონ. ჩვენ არც კი ვკადრეთ მათ კომენტარისთვის დაგვერეკა და პოზიციის დაფიქსირება გვეთხოვა.
შეგახსენებთ, რომ გურიის ფედერაცია 2000 წელს დაფუძნდა. სფფ-ის მაშინდელი თავკაცის, მერაბ ჟორდანიას გადაწყვეტილებით, გრფფ-ის ოფისი ლანჩხუთში უნდა ყოფილიყო. `მე არ მაინტერესებს სახელმწიფო დაყოფა, გურიის საფეხბურთო ცენტრი ლანჩხუთია~ _ აცხადებდა ჟორდანია. პირველი პრეზიდენტი გახლდათ ცხონებული იმედო დუნდუა. მისი გარდაცვალების შემდეგ, თითქოს ალბერტ ლომაძე გახდა გრფფ-ის თავკაცი, თუმცა მხოლოდ რამდენიმე დღით და ისიც არაოფიციალურად. გრფფ-ის მეორე პრეზიდენტი დურმიშხან ჩხაიძე გახდა, რომელიც ზემონახსენებმა კახა ებრალიძემ შეცვალა.
გურული ფეხბურთის ირგვლივ სულ ხმაური იყო და მას სფფ-ის საპრეზიდენტო ხმა ორჯერ ჩამოართვეს. პირველად ამით გიორგი ნემსაძემ იზარალა, მეორედ _ რევაზ არველაძემ. ხმაურიანი იყო კახა ებრალიძის ორივე არჩევნები _ პირველად კონკურენტმა, დურმიშხან ჩხაიძემ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი პროტესტის ნიშნად თქვა, მეორედ არჩევას კი ორი არჩევნები დასჭირდა _ პირველი ჩაიშალა, რის გამოც, პირველად მოხდა, რომ არჩევნები თბილისში ჩატარდა!
როგორც ზემოთ ვთქვით, გურიის რეგიონული ფედერაცია ახალ პრეზიდენტს 10 მარტს აირჩევს...
პ.ს. ეს მასალა მზად გვქონდა დასაბეჭდად, როცა `ჰო და არასთვის~ ცნობილი გახდა, რომ გუშინ საღამოს ლანჩხუთში იმყოფებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები _ ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, სპორტული დირექტორი ზაზა ზამთარაძე და რეგიონების კურატორი გოჩა თამაზაშვილი. ისინი რეგიონული ფედერაციის ოფისში შეხვდნენ გრფფ-ის ექს-პრეზიდენტ კახა ებრალიძეს. `დიახ, ბატონი კახა ჭუმბურიძე დამიკავშირდა და მე თემურ ლორიასა და თენგიზ პატარაიასთან ერთად შევხვდი. ჩვენ ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ და არჩევნებში სხვადასხვა მხარეს ჩვენი ყოფნა, არ ცვლის ამ ურთიერთობას. ამ ეტაპზე, მე ფეხბურთიდან გვერდზე ვარ და ამ მოცემულობაში არც ვგეგმავ კი არადა, გამოვრიცხავ დაბრუნებას. მერე ვნახოთ. რა თქმა უნდა, სამომავლოდ მექნება სურვილიც და პრეტენზიაც, ისევ ფეხბურთში ვიყო. ჩვენი ცოდნა მოვახმაროთ გურულ ფეხბურთს. სწორედ ეს სურვილი იყო ბატონი კახას მხრიდანაც და თქვა ისიც, რომ ასეთია ლევან კობიაშვილის პოზიციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთ მოცემულობასა და სიტუაციაში მე გამოვრიცხავ ფეხბურთში აქტიურ დაბრუნებას, მით უმეტეს _ კლუბში. დაგიდასტურებთ, რომ გურიის ფედერაციას ეყოლება ძალიან კარგი ხელმძღვანელი დავით მუჯირი უფროსი. ჩვენ სტუმრებსა და გრფფ-ის მომავალ თავკაცს აღვუთქვით გვერდში დგომა გურული ფეხბურთის საკეთილდღეოდ~ _ გვითხრა კახა ებრალიძემ.


 

მოიწონეთ სტატია