`მკითხველო, შენ გამოიტანე დასკვნა, რა შეიცვალა და რა არა ხალხისთვის...~

`ჰო და არა~ დაინტერესდა, შეიცვალა თუ არა რამე ლანჩხუთის მოსახლეობისათვის 2012 წლის შემდეგ, ანუ კოალიცია `ქართული ოცნების~ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე. ჩვენ გამოვკითხეთ როგორც ქალაქის მოსახლეობა, ასევე სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლები... მაღაზიების პერსონალი, გარე მოვაჭრეები, ტაქსის მძღოლები... დაინტერესებულ პირს შეუძლია ნებისმიერ დროს, პირადად ჩემთან ერთად გადაამოწმოს იმ ინფორმაციის სიზუსტე, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავს. გამოკითხულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა... გამომდინარე აქედან, საერთო ანალიზს შემოგთავაზებთ და არა კონკრეტულ სახელებს და გვარებს.
უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური მდგომარეობით დავინტერესდით, არიან ისეთები ვინც ამბობს, რომ სიტუაცია ნელ-ნელა გამოდის ჩიხიდან და ყველაფერი გამოსწორების გზაზეა, თუმცა ისინი უმცირესობას წარმოადგენენ. მოსახლეობის უმრავლესობა ჩივის, რომ პირიქით შეჩერდა ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები, აღარ არის ძველებური კონტროლი ჩატარებული სამუშაოებზე, გამოყოფილი თანხის რაციონალურ ხარჯვაზე. ძველი და უცვლელი პრობლემაა დასაქმება... ყველასგან მიტიებულია, ძამა, ლანჩხუთი _ დანანებით მითხრა შუახნის ჯურუყვეთელმა მამაკაცმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ტარდება მის თემში, უკმაყოფილებას იწვევს: `დამბები კეთდება, მაგრამ ვინ იცის, რამდენი თანხაა გამოყოფილი და რეალურად რამდენი იხარჯება, უნდა ნახოთ, რა დღეშია ახალგაზრდობა, კონკურსია დამბაზე სამუშაოდ~.
`გადარეული გურულის~ სიახლოვეს ორაგველების ჯგუფი იდგა და მათაც ვთხოვე დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია, მოსმენილმა მოლოდინს გადააჭარბა, ნამდვილად არ მეგონა თუ 21-ე საუკუნეში სოფელს მუნიციპალური ტრანსპორტი არ ეყოლებოდა. გარდა ამისა დღემდე გაუწმენდავია გზები, ანუ თოვლი სანამ არ დადნება, არ უნდა ეღირსოს ამ ხალხს გზა?
გურულების ამბავი მოგეხსენებათ, მე ერთ კითხვას ვსვამდი და ხალხი ყველაფერზე საუბრობდა. გეტყვით, რომ მთავარ პრობლემას უმუშევრობასთან ერთად, გაორმაგებული ფასები წარმოადგენს.
რამდენიმე ინდმეწარმემ წუხილი გამოთქვა, რომ არანაირი ხელშეწყობა მცირე ბიზნესს და კერძო სექტორს არა აქვს. ხომ შეიძლება ის მაინც დაარეგულირონ, რომ ბანკმა ადამიანური პროცენტი შემოგვთავაზოს და არ დაგვახრჩოს, მაგრამ არავის ვანაღვლებდით არც ადრე და არც ახლაო, ამბობენ ისინი. ბანკების და მიკრო საფინანსო ორგანიზაციების რეგულირებაზე საუბრობს ყველა. უკვირთ, როდესაც ქვეყანაში ასეთი სიდუხჭირეა, რატომ არაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ საკრედიტო სისტემა შეიცვალოს და ხალხმა სული მოითქვას.
ერთ-ერთ მაღაზიის მფლობელმა კითხვაზე _ რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში 2012 წლის შემდეგ, ფაქტურები გამომიტანა და მითხრა, რომ თუ ადრე ყოველთვიურად მოჰქონდათYპურის ფქვილის მარაგი, ახლა სამ თვეში ერთხელაც კი ზედმეტია.
სოფლების მაცხოვრებლები პროტესტს გამოთქვამენ, რომ ვერა და ვერ მოხდა რაიონის გაზიფიცირება: `დაიწყეს ვითომ ახლა და ისიც შერჩევით. რატო აპირისპირებენ ხალხს, რა უმსგავსობაა, გაზი ყველას უნდა, ჩვენ რა დავაშავეთ~. ნიგოითელმა კაცმა ეჭვი გამოთქვა, რომ სულერთია, რაც არ უნდა ვთქვათ და ვიომოთ, არაფერი შეიცვლებაო: `კი, გასაგებია თქვენს გაზეთს ბევრი მკითხველი ჰყავს, მაგრამ ამათ ვინმესი ეშინიათ? ტენდერებს თვითონ ატარებენ, იგებენ და მერე ფულს ითვისებენ, ასეთი ხალხი კიდე აქეთ იბრიქებიან რა გინდათ, რაც შეგვიძლია ვაკეთებთო... კი შეიცვალა სიტუაცია ნამდვილად, დედა გვეტირა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით~.
ბაღში შეკრებილებს ვუთხარი, რომ ხელისუფლება ამბობს _ სამართლიანობა და სიტყვის თავისუფლება აღვადგინეთ და თქვენც ასე ფიქრობთ? რამდენიმე მათგანმა განაცხადა, რომ ეს მართლაც ასეა და არაფრის თქმის არ ეშინიაო, მაგრამ იქვე მოწინააღმდეგე გამოუჩნდა _ `ნეტა თუ იცი რაზე ლაპარაკობ საერთოდ, რას უძახი შენ სიტყვის თავისუფლებას, რაფერც სააკაშვილი დევნიდა პრესას და ტელევიზიას, იგივეს აკეთებენ ესენიც, თუ გინახავს სადმე კრიტიკული შეკითხვა დაესვათ ივანიშვილისთვის და მაგას ზრდილობიანად ეპასუხოს, იმ წუთში გადადის დავაზე და ლანძღვაზე, მაგას მარტო ხეები აინტერესებს, სად ცალია ხალხიზა. `არა ბიჯო სააკაშვილი სჯობდა და გყავდესო~ _ მიაძახეს.
როგორც იქნა, დავამშვიდე მობაასენი და გარე-მოვაჭრეებთან გადავინაცვლე. აზრთა სხვადასხვაობაა, ზოგი ფიქრობს, რომ იმას ვიმსახურებთ, რა დღეშიც ვართ, გავზარმაცდით და მთავრობას ვუყურებთ ხელებში, თუმცა აქაც უმრავლესობა ფიქრობს, რომ არა თუ შეიცვალა წინსვლისკენ რამე, არამედ უფრო მეტი გაჭირვებული და მათხოვარი გაჩნდა ქალაქის ქუჩებში, რატომ ხელები არ მომტყდა, შვილო, არჩევნებზე, მარა არაუშავს, მოვა კიდე მაგის დროც~...
თუ ასეთი რთული სიტუაციაა რაიონში, ჩვენს ოჯახებში, მაშინ რატომ ავირჩიეთ ეს ხალხი? _ ვკითხე მათ. `იმიტომ, შვილო, რომ არ იყო სხვა უკეთესი, `ნაციონალების~ ეშინია ხალხს, თუ არა, მაგენმა რომ გააკეთეს, იმდენი ნამდვილად არავის გაუკეთებია~. `რუსთავი-2~ საქმესაც მოსახლეობა აქტიურად ეხმაურება. არიან ისეთები, ვისაც `კურიერის~ სუბიექტურობის გამო აღარ სურს ამ არხის ყურება, მაგრამ ასეთი თითო-ოროლა ადამიანია, დანარჩენს სურს `რუსთავი-2~-ის დარჩენა და აღნიშნავენ, რომ ეს ტელევიზია არა მარტო სუბიექტური, ობიექტურიცაა და ის ყველაზე ყურებადია. ყველაზე მოსწრებულად და პრაქტიკულად ალბათ ჩოჩხათელმა კაცმა მიპასუხა
_ `იმ მთავრობის დროსაც უმუშევარი ვიყავი, ამ მთავრობის დროსაც და ახალი რომ მოვა კიდო, მაშინაც ასე ვიქნები, ცხრა დიპლომი რომ მქონდეს, მაინც არავის უნდიხარ თუ გამგებლის, ან დეპუტატის ბიძაშვილი არ ხარ, რაცხას ჩემით შევძლებ მიწასთან, ესაა ჩემი სამსახური~.
მკითხველო, შენ გამოიტანე დასკვნა, რა შეიცვალა და რა არა ხალხისთვის.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 


 

მოიწონეთ სტატია