ოკუპაციის დღე

ხვალ 25 თებერვალია _ დღე, რომელსაც დიდი ტკივილი ახლავს; დღე, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ბოლო ათწლეულების ისტორიაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. 1921 წლის თებერვლის ამ სუსხიან დღეს თბილისის თავზე საბჭოთა დროშა აფრიალდა და შესაბამისად, დამოუკიდებელმა საქართველომ არსებობა შეწყვიტა. ეს იყო ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი ანექსია, რომელიც რუსეთის მიერ განხორციელდა და მისი შედეგები დღემდე გრძელდება. მაშინ თბილისში უჩვეულო ზამთარი ყოფილა, ძალიან ყინავდა თურმე, ისედაც პრობლემებით დატვირთულ მოსახლეობას ახალი თავსატეხი დაატყდა თავს. მტერს ქართველების ნაწილიც უჭერდა მხარს და ეს უფრო ამძიმებდა ქართველი პატრიოტების ყოფას. საბჭოთა წყობილების დამყარებას ქართველების უმეტესობა არ შეეგუა. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა დროებით დასავლეთ საქართველოში გამაგრდა, მაგრამ მალე მიიღეს გადაწყვეტილება და ბათუმიდან უცხოეთში გაემგზავრნენ ემიგრაციაში. მიუხედავად ხელისუფლების ქვეყნიდან წასვლისა, ქართველ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლა არ შეუწყვეტია, რასაც საბჭოთა წყობილება რეპრესიებით პასუხობდა. შესაბამისად, ათასობით ადამიანი ემსხვერპლა დამოუკიდებლობისათვის თავდადებას.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში წერდნენ: `რუსეთმა საქართველოს მტრებს შორის ყველაზე მეტი ზიანი მოაყენა ჩვენს ქვეყანასო~.
მართლაც!!! იყო 1924 წელი, 1937 წელი, 1952 წელი, 1956 წელი, 1989 წელი... ეს არის ნაწილი იმ 70 წლიანი მმართველობისა, რომელიც სისხლით არის გაპოხილი. ასევე იყო 1978 წელი, როცა 14 აპრილს ქართველი სტუდენტობა სხვა მოქალაქეებთან ერთად ქუჩაში გამოვიდა და კრემლის კიდევ ერთი მზაკვრული გეგმა, ქართული ენის გაუქმება სახელმწიფო ენად გააპროტესტა. ეს ტოტალური რეჟიმის პირობებში გმირობის ტოლფასი იყო.
ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის ემიგრაციაში მყოფი ხელისუფლება შეძლებისდაგვარად უწყობდა ხელს. თუმცა, შემდგომ მაშინდელ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პატარა საქართველოსთვის ნაკლებად ეცალათ. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ბედის გამრიგე კრემლი გახდა და იქ იგეგმებოდა ყველა ის უბედურება, რომელიც დიდის მონდომებით ტარდებოდა.
`პირველი მერცხალი~ ამ საქმეში ის `ბომბი~ იყო, რომელიც გასაბჭოებისთანავე მოხდა. რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე 2 ავტონომიური რესპუბლიკა და ერთი ოლქი დაარსა. მათ გარკვეული უფლებები მისცა და ყველა ღონე იხმარა, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე სეპარატისტული მისწრაფებანი წამოწეულიყო. ერთადერთი გამონაკლისი აჭარა იყო, რომელიც მიუხედავად მრავალი პროვოკაციისა, ქვეყნის განუყოფელ ნაწილად იქცა.
96 წლის წინ დასრულებული ქვეყნის დამოუკიდებლობა იმ ახალ რელსებზე იყო გადასული, რომელიც დღეს სულ სხვა რეალობაში გვამყოფებდა. ოკუპაციამდე რამდენიმე დღის წინ ქვეყანამ კონსტიტუცია მიიღო, სადაც ეწერა, რომ ჩვენი ქვეყანა ნეიტრალური სახელმწიფო იქნებოდა და არ აპირებდა მაშინ არსებულ გაერთიანებში შესვლას. კონსტიტუცია 21 თებერვალს მიიღეს, ხოლო 25-ში სერგო ორჯონიკიძე სიხარულით ამცნობდა ლენინსა და სტალინს მოსკოვში, რომ გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოსო! ისევ ქართველის ხელით გაიგო კრემლმა, რომ კიდევ ერთი ქვეყანა დაემშვიდობა დამოუკიდებლობას.
წლების წინ `ჰო და არასთან~ საუბარში მაშინდელი ამბების მონაწილე, უხუცესი ლანჩხუთელი სერგო ჩხაიძე იხსენებდა: `მაშინ ჩვენი ქალაქი პატარა დასახლება იყო, მაგრამ სარკინიგზო მიმოსვლის დახმარებით საკმაოდ განვითარებული. როდესაც ცნობა მოვიდა, რომ თბილისში უკვე საბჭოები გაბატონდნენ, ლანჩხუთელმა პატრიოტებმა ქართული ჯარის დასახმარებლად შეგროვება დაიწყეს. რკინიგზის სადგურზე ბევრმა მოიყარა თავი და მატარებელს ელოდებოდნენ, რათა ქვეყნის თავისუფლება დაეცვათ. ისე მოხდა, რომ ბრძანება ჩამოვიდა, სახლებში დაბრუნდით, ქვეყანა პარტიზანულ ფრონტზე გადადის, დანარჩენს კი შემდგომ გაცნობებთო. რამდენიმე დღეში დაჯავშნულმა მატარებელმა გაიარა ჩვენს ქალაქში. იქ მთავრობის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ, რომელიც ბათუმში მიდიოდნენ. ნათელი იყო, რომ ძალიან ცუდი რამ ხდებოდა ჩვენს თავს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ძალებით ვერაფერს ვშველიდით. ეს იყო კიდევ ერთი დასასრულის დასაწყისი, რომელიც 70 წელი გაგრძელდა.~

 


 

მოიწონეთ სტატია