ახალი სიურპრიზი ბუნებრივი აირის მომხმარებლებს

რატომ შეიცვალა დარიცხვის და გადახდის თარიღები
`ახალი წლის დღეების გამო ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის უფრო მეტი მოხმარება მოხდა და ამიტომაც მიუვიდათ აბონენტებს გაზრდილი გადასახადები, თორემ ტარიფებში ცვლილება არ მომხდარაო~ _ ასეთი განცხადება გააკეთეს სახელმწიფო სტრუქტურებმა, როდესაც მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა პროტესტი გამოთქვა გაზრდილი გადასახდელების გამო.
რამდენიმე დღის წინ სემეკმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ შესაძლოა აბონენტების გარკვეულ ნაწილს ზედმეტად დაერიცხა თანხები და ამისთვის ყველამ ინდივიდუალურად უნდა მოგვმართოს და ჩვენ შევისწავლითო.
კიდევ ერთი სიურპიზი ამჯერად გაზის მომწოდებელი კომპანიიდან წამოვიდა. როგორც ცნობილია, კომპანიის წარმომადგენლები მრიცხველების აღწერას ყოველი თვის 25 რიცხვში ახდენდნენ და ასე გრძელდებოდა რამდენიმე წელი. შემდეგ მოდიოდა ქვითარი, რომელზეც მითითებული იყო წინა ჩვენება, ახალი ჩვენება, გადასახდელი თანხა და გადახდის ბოლო რიცხვი. ბოლო ვადად მომდევნო თვის 9 რიცხვი იყო მითითებული. რამდენიმე თვის წინ ქვითრების მაგივრად სმს-ები შემოიღეს და ამით იგებდა აბონენტი თუ რამდენი ჰქონდა გადასახდელი.
ასეა დღესაც, მაგრამ მცირედი განსხვავებით, ნაწილს მისდის სმს და ნაწილს არა.
`ჰო და არას~ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა და საკითხში გარკვევა თხოვა. როცა რედაქცია მოკვლევა დაიწყო, სხვა სიახლეებიც აღმოაჩინა.
კომპანიაში გადაუწყვეტიათ, რომ ამიერიდან მრიცხველების შემოწმება არა 25-ში, არამედ ყოველი თვის 16 რიცხვში მოხდება. ასევე ცვლილებებია გადახდის თარიღთან დაკავშირებით. თუ ადრე მოსახლეობის გარკვეული ნაწილი 9 რიცხვის ნაცვლად ერთი კვირის დაგვიანებით, ანუ პენსიაზე იხდიდა, ეს რიცხვი ამიერიდან ახალი თვის პირველი დღით შეიცვალა.
`ჰო და არა~ გაზის მომწოდებელი კომპანიის ოპერატორს დაუკავშირდა, რომელიც ნათიად გაგვეცნო. ჩვენსა და მას შორის ასეთი საუბარი შედგა:
_ ჩვენ გაწუხებთ ლანჩხუთიდან, გვაინტერესებს რატომ შეიცვალა მრიცხველის აღწერის თარიღი ისე, რომ აბონენტებმა ამის შესახებ წინასწარ არ იცოდნენ?!
_ აბონენტის ნომერი გვითხარით, ასე ვერ გაგცემთ პასუხს.
_ ჩვენ რედაქციიდან გიკავშირდებით, მკითხველებმა მოგვმართეს და ეს არ არის მარტო ერთი შემთხვევა.
_ გვჭირდება კონკრეტული აბონენტის ნომერი, ისე ვერაფრით დაგეხმარებით.
ერთ-ერთი აბონენტის ნომერს ვაძლევთ კომპანიის წარმომადგენელს, რომელიც რამდენიმე წუთში გვიკავშირდება:
_ იცით რა, დარიცხვის პერიოდი შეიცვალა ამ თვეში.
_ აბონენტებს ამის შესახებ წინასწარ არ უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია, ნახევარი ლანჩხუთი, ალბათ, ჩვენგან გაიგებს, რომ ცვლილებები მოხდა.
_ ამიერიდან დარიცხვა მოხდება ყოველი თვის 16 რიცხვში და გადახდის ბოლო ვადაა პირველ რიცხვამდე. ამას აბონენტი შეიტყობს ან ქვითრის მეშვეობით ან სმს სახით.
_ ქვითარი აბონენტების უმეტესობას აღარ მისდის, რადგან სმს სისტემაზე გადახვედით. თუმც, ჩვენს მიერ გადამოწმებულ რამდენიმე აბონენტზე სმს მოსული არ არის, რატომ ხდება ასე?
_ თუ ბარათზე არ ფიქსირდება მობილურის ნომერი ვერ მიიღებდნენ შეტყობინებას. ვისაც ნომერი აქვს დაფიქსირებული, ის აუცილებლად მიიღებდა სმს შეტყობილებას თუ რამდენი აქვს დახარჯული ბუნებრივი აირი და სანამდეა გადახდის ბოლო ვადა. თუ ვინმეს პრობლემა შეექმნა სერვის-ცენტრში გავარკვევთ.
_ ე.ი. თქვენი თქმით, 16 თებერვალს დარიცხული თანხა პირველ მარტამდე უნდა იქნას გადახდილი.
_ დიახ და ამიერიდან ყოველთვე გადახდის პერიოდია პირველი რიცხვი.
ცნობისთვის, იმ აბონენტებს, ნაწილს რომლებსაც სმს-ები მიუვიდათ გადახდის ბოლო რიცხვად ზოგს 4 მარტი უწერია, ზოგს კი 8 მარტი და არა პირველი, როგორც ეს ოპერატორმა გვითხრა. ნაწილს კი ჯერაც არ მიუღია შეტყობინება, თუ რამდენი აქვს დახარჯული და როდის უნდა გადაიხადოს საფასური.
გიორგი დარჩიაშვილი

 


 

მოიწონეთ სტატია