`თუ ლანჩხუთის დღევანდელ მმართველობას ფორმალური ან არაფორმალური ჰქვია, ან საერთოდ რამეს ჰგავს...~

`ჰო და არას~ სტუმარია ლანჩხუთის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძე. ის არის საკრებულოს მრავალგზის მოწვევის დეპუტატი, წლებია პოლიტიკაშია და ბუნებრივია, დიდი გამოცდილება დაუგროვდა ამ სფეროში. მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს იმის გაგება, რას ფიქრობს რომან ბიწაძე ქართულ და რა თქმა უნდა, რაიონის ეკონომიკაზე,სოციალურ მდგომარეობაზე, რაიონის კეთილმოწყობაზე, საგარეო ურთიერთობებზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ა.შ..
- ბატონო რომან, თქვენ დიდი ხანია, ეროვნულ მოძრაობაში ხართ...
- დიახ, ეროვნული მოძრაობის წევრი 1983 წლიდან ვარ, მიმაჩნია, რომ ეროვნული მოძრაობა არ დასრულებულა და არც დასრულდება, სანამ სიცოცხლე იარსებებს. მას შემდეგ, რაც ცნობიერება ჩამომიყალიბდა, ვარ საპარლამენტო მმართველობის მომხრე. ამ იდეის გარშემო ვიყავით გაერთიანებული მე და ჩემი თანამოაზრეები, 1991 წლიდან ვიყავი მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრი. მინდა ვუპასუხო იმ პირდაღებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თითქოს ჩვენ ზურგი ვაქციეთ ცხონებულ ზვიად გამსახურდიას და `მრგვალ მაგიდას~. პირიქით, ეს `მრგვალმა მაგიდამ~ გადაწყვიტა ასე, ვგულისხმობ იმას, რომ მათ მიიღეს საპრეზიდენტო მმართველობის შემოღების გადაწყვეტილება. მითხარით, რა მივიღეთ ამით - ზვიად გამსახურდიას გაძევება ქვეყნიდან, მოვიდა შევარდნაძე _ არიქა, მივეცით მეტი უფლებები და მივიღეთ სამხედრო კონფლიქტი, მოვიდა სააკაშვილი, ამას ხომ საერთოდ გადავეცით ყველა ინსტიტუტის გასაღები ხელში, მივიღეთ ასევე სამხედრო კონფლიქტი. ასე რომ, ნათლად გამოჩნდა ვისი იდეა იყო უმჯობესი. ვინაიდან `რესპუბლიკური პარტია~ იყო საპრალამენტო მმართველობის მყარი მხარდამჭერი, იყო და არის უძველესი პოლიტიკური ფესვების მქონე პარტია, მივიღე გადაწყვეტილება გავწევრიანებულიყავი `რესპუბლიკელებში~, ამას წინ უძღოდა დათო უსუფაშვილის და თენგო შერგელაშვილის კონსულტაციები, რომ არა მათი დაჟინებული მოთხოვნა, მე დღესაც მერაბ კოსტავას საზოგადოებაში ვიქნებოდი..
- თუმცა რამდენიმე ხნის წინ თქვენ დატოვეთ ეს პარტია, რამ მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე, იქნებ დავით უსუფაშვილის წასვლამ...
- არ დაგიმალავთ, დიახ დათო უსუფაშვილის წასვლის შემდეგ პარტიის ხელმძღვანელობა აღარ დგას მყარად საპარლამენტო მმართველობაზე, მე კი სწორედ ამ მოდელის, იდეის გამო გავწევრიანდი მათ რიგებში. რა მოხდა, ვერ გეტყვით, თუ პარტია 38 წელი იდგა ამ მოდელზე, რატომ მოხდა დღეს ამ ყველაფრის სუბიექტებზე მორგება. თუმცა დავძენ, რომ მე არავითარი წყენა მათ მიმართ არ გამაჩნია, იქ დარჩა უამრავი კვალიფიციური და ღირსეული ადამიანი.
- ბატონო რომან, თქვენ კოალიცია `ქართულ ოცნებასთან~ ერთად მოხვედით ხელისუფლებაში, თუმცა თქვენი გზები გაიყო, რა იყო ამის მიზეზი?
- რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლების მართველობის ფორმა, მისი არაპროდუქტიულობა. მეტსაც გეტყვით, თუ დღეს ჩვენ გვესმის, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა და ყველაფერში ივანიშვილის ხელი ურევია, ჩვენს რაიონში ესეც არაა. თუ დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მმართველობა ფორმალურია, ან არაფორმალური, ან საერთოდ სახელი აქვს ამ ყველაფერს, მაშინ მე წიგნი არ წამიკითხავს და არაფერი მცოდნია.
_ თქვენ ბიძინა ივანიშვილი ახსენეთ, რას ფიქრობთ მასზე, მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მოსვლა-წასვლაზე, მის როლზე დღევანდელ ხელისუფლებაში.
- სხვათა შორის, 2011 წელს `ჰო და არას~ ჟურნალისტმა მკითხა, რას ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზეო, მაშინ მე ვუპასუხე, რომ ივანიშვილი კარგა ხანია პოლიტიკაშია-თქო. ახლა თქვენ გეტყვით, რომ ის არ წასულა პოლიტიკიდან და ვერც წავა მისი პოლიტიკური წონიდან გამომდინარე, შესაძლოა, ის არ იძლევა აღმასრულებელ დირექტივებს, თუმცა ყველა ფიქრობს, რას იტყვის ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე ბიძინა.
- `რესპუბლიკურმა პარტიამ~ მიიღო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაბალი შედეგი, აღიარებთ ამ შედეგს, ან რას აბრალებთ?
- კარგი კითხვაა, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები, ასევე ადგილობრივი, უცხოური მედია და ჩვენიც, თითქმის ყველანი თანხმდება იმაზე, რომ არჩევნები იყო ნორმალური. კი ბატონო, შესაძლოა კონკრეტულად არჩევნების დღეს ისეთი არაფერი მომხდარა, მაგრამ საარჩევნო გარემო იყო ყველაზე ცუდი, რაც კი აქამდე ყოფილა. ყურადღება მიაქციეთ, პარლამენტში შევიდა ვინ _ `ოცნება~, რომელსაც ჰყავს ტვ `იმედი~, `ნაციონალები~, რომელსაც ჰყავს `რუსთავი2~ და `პატრიოტთა ალიანსი~, რომელსაც `ტვ-ობიექტივი~ უმაგრებს ზურგს. ე.ი რა გამოდის, თუ ტელევიზია არ გაქვს, ვერაფერსაც ვერ იზამ. ესაა საარჩევნო გარემო და ესაა დემოკრატია? თანაც, ვისაც არ ეზარებოდა, ლანძღავდა რესპუბლიკურ პარტიას, თუ კი რამე გაფუჭდებოდა, გამოიშვერდნენ თითს იმწამსვე, ხოლო თუ კეთდებოდა რამე, აბა იქ ვინ მოგვიხსენიებდა. ლამის კოსმოსში მიმდინარე მოვლენებიც `რესპუბლიკელებს~ ბრალდებოდა. ამას ემატება ისიც, რომ ვერ იმუშავა პარტიის აგიტატორებმა. საოცარია პირდაპირ, როდესაც არც პარლამენტში ვიყავით, არც ხელისუფლებაში და გუნდიც სუსტი იყო, უკეთესი შედეგი გვქონდა, ახლა კი ყელში გავეჩხირეთ ყველას.
- ლანჩხუთში `დავბრუნდეთ~ და იმ კომისიაზე გვითხარით, რომლის თავმჯდომარე ბრძანდებით..
- მინდა გითხრათ, რომ ბიუროს და საკრებულოს სხდომაზე გამოტანილი საკითხების რაოდენობით ეს კომისია ლიდერია. ჩვენთან შემოდის იურიდიული საკითხები, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ქვეპუნქტებს ვღებულობთ, რა თქმა უნდა, კომპეტეციის ფარგლებში ვუწევთ მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას. მართალია, საკითხები ბლომად გაგვაქვს, თუმცა აღსრულებით ნაწილში პრობლემებს ვაწყდებით. მაგალითისთვის გეტყვით, ევროკავშირის ერთ-ერთ მოთხოვნად დაფიქსირდა უპატრონო ცხოველების, მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარება, რეგულაცია, ანუ საჭირო გახდა მათი სპეციალურ ჩიხში შედენა, გამოყოფა პიროვნებების, რომლებიც ამაზე იმუშავებდნენ... ამაზე ბატონმა ზაზა ურუშაძემ მიპასუხა, ხალხს ხომ არ ავიჯანყებთო. აბა, ვითომ ევროკავშირს ვატყუებთ, ან ჯერ რა ქალაქი და გამწვანება ჩვენ გვაქვს, რომ ამასაც ვანადგურებთ.
- თქვენ პროფესიით ეკონომისტი ბრძანდებით, როგორია თქვენი თვალით დანახული რეალური ეკონომიკა, რა ემართება ლარს?
- ჩვენ გაგვიმართლა იმაში, რომ ეკონომიკა არ გვაქვს. ეკონომიკა რომ გვქონოდა, მაშინ გენახათ თქვენ ლარის თავზე დამხობა, თუმცა მეტი რაღა უნდა ქნას. მოგეხსენებათ, ჩვენამდე აზერბაიჯანული მანათი გაუფასურდა, მთავრობამ გადაწყვიტა აღარ გაეცა ვალუტა, ამან არაპირდაპირ დაარტყა ქართულ სავალუტო ბაზარს, რადგან აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა დაიწყეს ჩვენი ბანკებიდან დოლარის გატანა. რა აფუჭებს ფულს? არამწარმოებლური ფულის გაშვება ბრუნვაში, ერთი მხრივ, ეს შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის ბრალი, თუმცა ჩვენ დავინახეთ რომ `ხალხის მტრად შერაცხული~ ქადაგიძე არ ყოფილა დამნაშავე და ახლა უარესი სიტუაციაა. რაც შეეხება მეორე მხარეს, მე არანაირი ფონდის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ხედავთ, სადამდე მივედით. მაგალითად ავიღოთ ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომელშიც უამრავი მილიონია ჩადებული, ფეხბურთი ხომ რაიმე ეკონომიკას არ ქმნის, ამდენ დაუბალანსებელ თანხას რომ გაუშვებ ბრუნვაში, ფულის გაუფასურებას გამოიწვევს აბა რა იქნება. ბევრია ასეთი ფონდი და სამწუხაროდ, ეკონომიკას ლახვარა ცემს.
- ფეხბურთი ახსენეთ, რას ფიქრობთ ლანჩხუთის `გურიის~ ირგვლივ მიმდინარე ამბებზე, მერაბ ჟორდანიას პერსონაზე...
- უნდა გავიხსენო ერთი ფაქტი, ბიძინა ივანიშვილს შევხვდი 2013 წლის მაისში `რესპუბლიკური პარტიის~ იუბილეზე. ისე მოხდა, რომ მეორე დღეს ძეგლი უნდა დადგმულიყო ლანჩხუთში და ვუთხარი ეს პირად საუბარში,შემომხედა და მითხრა _ ჰო, თქვენ ძეგლის და ფეხბურთის მეტი არაფერი გინდათო, ცოტა მეწყინა. რისი თქმა მინდა, მე ვახლდი ჩემს კოლეგებს რამდენიმე შეხვედრაზე მოსახლეობასთან და არსად პრიორიტეტად ფეხბურთი არ დასახელებულა და არავინ შეგვხვეწებია ჩვენი ფული მანდ ჩადეთ, ჩვენ კი ვიშიმშილებთო. მეუბნებიან, რომ ლანჩხუთის `გურია~ ბრენდიაო, შე დალოცვილო, ვის აკვირვებ? იმ ქვეყნებს სადაც `ბაიერნი~, `მანჩესტერი~, `რეალი~, `ბარსელონა~, `მილანი~ თამაშობენ? ისინი უნდა გავაკვირვოთ ჩვენი ტრადიციებით, ღვინით, ფოლკლორით, ცეკვით. რაც შეეხება მერაბ ჟორდანიას, ვფიქრობ ფინანსურ საკითხებში ის არ მიიღებს მონაწილეობას, შექმნილია აბსურდული აურზაური. მან გარკვევით განაცხადა, რომ თავის გამოცდილებას მოახმარს გუნდს, მეტი კონკრეტული ამ კაცს არაფერი უთქვამს 7 თვის განმავლობაში და მიმდინარეობს ეს ხვეწნა-მუდარის პროცესი. თუ კი გია გოგუაძემ ერთი მილიონი დაახარჯა გუნდს 4 წელიწადში, ჩვენ 7 მილიონამდე გავზარდეთ ეს თანხა, დავძენ რომ ბიუჯეტისთვის მე მხარი არ დამიჭერია..
- იმაზე რას იტყვით, რომ უღარიბესი მუნიპალიტეტი გვაქვს, თქვენი ხედვა, როლი როგორია ამ ყველაფერში?
- არ გამკვირვებია ამ ნომინაციაში `გამარჯვება~. მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, დიახ, მეც ვიყავი ამ გუნდის წევრი. მოდი, შევადაროთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი და ლანჩხუთი. იქ მოსახლეობა ნაკლებია, ბიუჯეტიც ასევე, თუმცა ბევრად მეტია გაკეთებული სოციალური კუთხით, ინფრასფრუქტურის კუთხითაც და კეთილმოწყობის მხრივაც. ანუ რა გამოდის, იქაური ხელმძღვანელობა გაცილებით რაციონალურად ხარჯავს თანხას და იყენებს რესურსებს. 600 000 ბაზის ინფრასტრუქტურისთვის რომ ჩაიდო და დღეს არა ხვალ დალეწავენ, ხომ ჯობდა მუნიციპალიტეტს კომპეტენტურ პირებთან ერთად რამე საწარმო გაეხსნა. ანდა ხომ ვხედავთ, რომ არაა ბატონო ეს სიმინდი და ლობიო მომგებიანი კულტურა, მუნიციპალიტეტის ვალია სწორი ხედვა დაანახოს მოსახლეობას და ყველანაირად შეუწყოს ხელი განვითარებაში. მაგალითად მომგებიანია ფეიხოას კულტურა, კივი, დაფნა, ბაზრის განვითარების შემთხვევაში მოხდება კომუნისტური მეურნეობის ოპტიმიზაცია.
- ქალაქის კეთილმოწყობაზე რას იტყვით?
- აი, რომ არსებობდეს ყველაზე გაჩანაგებული და გაპარტახებული ქალაქის ნომინაცია, აქ გავიმარჯვებდით, თან მსოფლიო მასშტაბით. კარგად ვიცით, რაც ხდება ქუჩებში - გარე ვაჭრობა, მაწანწალა ცხოველები, ბინძური ქუჩები. კი ყველა ცოდოა, უჭირს ხალხს, რაიონის ხელმძღვანელობა არაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად, თუმცა აქ ითელება კანონი ფეხქვეშ და იმ ადამიანების უფლებები, ვინც დახურულ სივრცეში ვაჭრობს, ფულს იხდის ამაში და იცავს ჰიგიენის ნორმებს. ერთ-ერთ შეხვედრაზე ზაზა ურუშაძემ თქვა - კაცო, რა გავაკეთო მეტი პოლიციის უფროსის სახელზე დავწერე განცხადება, რათა რეგულაციები გატარებულიყო გარე ვაჭრობასთან დაკავშირებითო. რისიც არ მჯერა, მართლაც რომ მიემართა მას პოლიციისთვის, ისინი უგულისყუროდ არ დატოვებდნენ ამ განჩინებას. ავგიას თავლას ჰგავს დღეს ლანჩხუთი...
- ჩვენთვის ცნობილია, რომ შეიქმნა `ახალი უმრავლესობა~...
- დიახ, იქმნება ახალი უმრავლესობა, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია. კი, მე ვიქნები მისი წევრი, რადგან მივესალმები ყველა ეროვნულ გადაწყვეტილებას, საქმიან სიახლეს. ეს ხალხი ხელისუფლების ოპოზიცია კი არაა, არამედ ვაპროტესტებთ მუნიციპალიტეტის უსუსტეს და უსამართლო მმართველობას. კარგია, რომ ადრე თუ გვიან ამ დეპუტატებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ `ქართული ოცნება~, როგორც პარტია, ვერ შედგა, რადგან ვინც ლომის წილი დაიდო ხელისუფლებაში მოსვლისთვის და რაიმე კარგის შექმნისთვის, უმრავლესობა გადაჩოჩებულია და მოსულია სხვა ხალხი, რომლებსაც ივანიშვილის ხსენებაზე ელეთ-მელეთი მოსდიოდათ. მე მაშინ ვწერდი ამაზე, იმ ქარტეხილებმა მაშინ ჩემსა და ელგუჯა ჩხაიძის ზურგზე გადაიარა...
- ვიზალიბერალიზაციაზე რას გვეტყვით, რა დადებითი ან უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?
- მე მინდა ამ საკითხს მხოლოდ დადებითი კუთხით შევხედოთ. რა თქმა უნდა, დიდი სიფრთხილითაც უნდა მივუდგეთ ამ საქმეს, იმედია ქვეყნის აღორძინების დასაწყისი გახდება უვიზო მიმოსვლა, გარდა ამისა ჩნდება შანსი, რომ აფხაზებთან და ოსებთან დათბეს ურთიერთობები. იქნებ ქართული პასპორტების აღების სურვილმა რამე შეცვალოს ამ კონფლიქტში. ისე, თუ შეამჩნიეთ, ბოლო კვლევებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე აღარაა ძველებურად სურვილი,სამწუხაროდ...
- ბატონ რომან თუ აპირებთ პოლიტიკაში დარჩენას და საინტერესოა, დათო უსუფაშვილის დაანონსებულ პარტიაში თუ შეხვალთ?
- ეს უკვე ხალხის გადასაწყვეტია, თუ მათი სურვილი იქნება, მე მზად ვარ ვემსახურო მათ, მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. რაც შეეხება უსუფაშვილს, დიახ, დიდი ალბათობით, ის შექმნის პარტიას და მეც შევუერთდები, ის არის უნიჭიერესი კაცი, დიდი პოლიტიკოსი, ჩვენ საერთო იდეები გვაქვს და იმედია, 4 წლის შემდეგ აღმოჩნდება ძალა, რომელიც დაასრულებს ქიშპობასა და მტრობას ხალხთა შორის და რაციონალურად მოახერხებს ქვეყნის მართვას.
თორნიკე ჯიჯიეშვილი


 

მოიწონეთ სტატია