არის თუ არა ლანჩხუთის ბიუჯეტი ბანკროტი?

გუშინწინ, ლანაჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც სულ სამი საკითხი განიხილეს. საკითხების სიმცირის გამო ფიქრობდნენ, რომ რადგან `სხვადასხვაც~ არ გვაქვს _ ფონს იოლად გავალთო, მაგრამ ასე არ მოხდა. ლანჩხუთელთა რჩეულები მოწვეულ სტუმრებთან ერთად 2 საათი არკვევდნენ, რა თანხები უნდა წავიდეს ბიუჯეტიდან ფეხბურთზე და რა პრობლემები აწუხებს მუნიციპალიტეტს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბერის #89 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ ისაუბრა. მან დეპუტატებს ის პროექტები გააცნო, რომელიც გასულ წელს დაიწყო და წელს გადმოვიდა. პირველი შენიშვნა მომხსენებელთან სუფსის მაჟორიტარს, ჯუმბერ ბლაგიძეს ჰქონდა.
ბატონმა ჯუმბერმა სუფსაში ბაღის მშენებლობა ახსენა და კოლეგებს მიუგო, ერთი გამაგებინეთ, როდის უნდა გაკეთდეს ბაღი ჩვენს თემშიო: `თითქმის ყველა სოფელშია, ზოგან ორიც კი არის, ნიგვზიანში 3–იც იქნება, რადგან იქ არის ამის რესურსი, მაგრამ სუფსამ რა დააშავა? ხომ შეიძლება ამ თანხის გამონახვა?! ყველა მხრიდან იყო თანხმობა, რომ ეს ბაღი ჩასმულიყო. მესმის მთავრობის განკარგულების, რომ რაღაც ცვლილებები მოხდა, მაგრამ ხალხი ელოდება საბავშვო ბაღს. რა მიზეზის გამო მოხდა ასე? ხალხი მშვიდად არის და ძალით ნუ უბიძგებთ მოსახლეობას~ _ კატეგორიული იყო სუფსის მაჟორიტარი.
დაწყებული საუბარი ეთიკის კომისიის თავკაცმა გააგრძელა.
რომან ბიწაძემ ადგილობრივი ბიუჯეტის ბანკროტზე ისაუბრა: `ჩვენი ბიუჯეტი არის ბანკროტი, უახლოეს ხანებში ყადაღა დაედება. ამიტომ მოხდა თანხების შემცირება. ესაა სიმართლე და აღიარება არავის უნდა.~
მას გამგებელმა ზაზა ურუშაძემ უპასუხა: `ეს თანხები ყველგან შემცირდა. არ ვიცი, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია. პროექტის გაჩერება არ ხდება. მთავრობამ ყველა მუნიციპალიტეტისთვის მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და მე რას ვიზამდი? პირველ მარტამდე მხოლოდ ის პროექტები დაფინანსდება, რომლებიც გადმომავალი იყო. შემდგომ სხვა პროექტებიც იქნება. ეს არის რეალობა. არანაირი სხვა რამ აქ არ დევს.~
გამგებელს ბიწაძემ მიუგო: `რასაც ვამბობ, არის სიმართლე და ჩემი სიმართლის გასამყარებლად ასეთ ამბავს გეტყვით: როცა ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის თემა ვახსენეთ, თქვენ თქვით, რომ ვესაუბრე მისი ოჯახის წევრს და ის წინააღმდეგიაო. არა ბატონებო, არავინ არ არის წინააღმდეგი.~
`რა შევარდნაძე, რას ამბობს კაცო, ახლა მაგაზე ვლაპარაკობდით? ისე სიმართლით იარე შენ~, _ უპასუხა ურუშაძემ.
პოლემიკაში ამირან ქანთარია ჩაერთო: `გახსოვთ, ალბათ, ჩემს კუთვნილებაში არსებული შპს `ჯანმრთელობა~ ვახსენე. იქ გავლა უფრო და უფრო შეუძლებელია. ორი მდინარე მოედინება აქედან-იქიდან. იყო მოსული ბესიკ ტაბიძე, სხვებმაც ნახეს რა მდგომარებაცაა. გამაგებინეთ, როგორ მოვიქცე?!~
მას გამგებელმა პირობა მისცა, როგორც კი გამოიდარებს იქაურობა მოწესრიგდება: `მანდ არსებული სკვერის გაკეთებას ვაპირებთ, გამოდარებას ველოდებით და ეს პრობლემაც მოგვარდება. პირობას გაძლევთ.~
დარეჯან ბურჭულაძე ქალაქში არსებული ქუჩების ცუდი მდგომარება ახსენა: `3 წელია ვსაუბრობ ამ თემაზე. ისე გამოდის, რომ კიდევ ერთხელ საუბარი მეუხერხულება. ჩვენ მონიტორინგი ჩავატარეთ და ადგილზე ვნახეთ რა მდგომარეობაა ზოგიერთ ქუჩაზე. ეს არის გაუსაძლისი. სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლება ხალხს ასწავლის ძალადობას.~
აკაკი იმნაიშვილმა სოფელ შუხუთში ადმინისტრაციული შენობის ცუდი მდგომარეობა აუწყა შეკრებილებს: `ეს შენობა ცუდ მდგომარეობაშია. სახურავი ავარიულია, მისი დროული შეკეთებაა საჭირო, რათა კიდევ უფრო არ დაზიანდეს შენობა.~
ნიგოითის დეპუტატმა თემურ ალექსაიამ ჯიხეთის მონასტრის პროექტისთვის გასულ წელს გამოყოფილი თანხა მოიკითხა: `როცა ინფრასტრუქტურის თანხები ვნახე, ნიგოითზე თანხა არაა გამოყოფილი. მქონდა ყველა დეპუტატთან საუბარი. მგონი, არავინ იქნება წინააღმდეგი, რომ ინფრასტრუქტურის პროექტებში გავითვალისძინოთ ეს თანხა.~
ალექსაიას ინიციატივას არ დაეთანხმა ზაზა ურუშაძე: `ეს უნდა დაფინანსდეს ადგილობრეივი ბიუჯეტიდან. მას ინფრასტრუქტურის კუთხით არავინ დააფინანსებს. თქვენ იცით, სამინისტროში როცა გავდივართ საკითხებს რა არის პრიორიტეტი?! გზები, ბაღები, წყალი. რომ იცოდეთ, საპატრიარქო 24 მილიონით ფინანსდება. ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. ლარი რა დღეშია, ხედავთ. სომხეთში დრამი ძალიან გაუფასურდა. იქ მძიმე დღეში არაინ. ეს ყველაფერი მოქმედებს. ქალაქის ქუჩები ახსენეს წეღან, ყველა ქუჩას ერთდროულად ვერ მივხედავთ, ამას დრო სჭირდება.~
ნონა მურვანიძემ გამგებლის მისამართით თქვა: `რის საფუძველზე გადაწყვიტა ასე მთავრობამ, ეგებ გვითხრათო. თუ ეს ყოველივე ცნობად მიიღეთ და სულ ეგ არისო.~
ცხარე კამათი შემდეგ საკითხი დადებითად გადაწყდა და ტრიბუნასთან საფინანსო სამსახურის უფროსს, როლან ლაშხიას უხმეს. ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე საუბარი კიდევ ერთი დებატების დაწყების მიზეზი გახდა.
მომხსენებელი სანამ საკითხს გააცნობდა დეპუტატებს, მანამდე დარეჯან ბურჭულაძემ კოლეგებს მიუგო წარმოდგენილ ცვლილებებს ნაწილ-ნაწილ ვუყაროთ კენჭიო. ბურჭულაძეს იდეა `ახალი უმრავლესობის~ ლიდერმა გიორგი ჩახვაძემაც მოიწონა და მას სხვა დეპუტატების აყვნენ.
სხდომაზე ყველა დაინტერესდა თუ რატომ აქვს `გურიას~ დიდი რაოდენობით ვალი და სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს ყოველივე.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავკაცმა ალეკო სარიშვილმა 2015 წლის დეკემბერის ბოლოს ჩატარებული ფრაქცია `ქართული ოცნების~ სხდომა გაიხსენა და ფრაქციის თავმჯდომარის, კახა ურუშაძის კითხვა _ თუ რამდენს შეადგენდა კლუბის დავალიანება: `მაშინ კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგიზ კიკვაძემ განაცხადა, რომ ეს თანხა იყო 750 ათასი ლარი. შემდეგ ჩვენს მიერ გამოიყო 1,2 მილიონი და 2016 წლის 1 აპრილიდან კლუბი გადაიბარა ფონდმა. დღეს ამბობთ, რომ კიდევ დიდი ვალია, რატომ მოხდა ასე. ფონდმა თუ კლუბი წაიღო, რატომ არ უპატრონა. გადავიხადოთ ბანკის ვალი, რომელიც გვაქვს, ხოლო დანარჩენზე დაიდოს დასკვნა და ერთად მოვიფიქროთ გამოსავალი. შევიდეს ჩვენი აუდიტი და მოკლე ხანებში წარმოგვიდგინოს, თუ რა ხდება. ეს არის ჩემი წინადადება და მგონი, ყველა დამეთანხმებით.~
რომან ბიწაძემ, მთავარს რატომ არ ახსენებთო: `სამწუხაროდ, ყველა ვცდილობთ მთავარს ავუაროთ გვერდი. ჩვენს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებიდან აღებული ფული სად არის?! ბავშვთა ფეხბურთიდან, ბაღების ცენტრიდან თუ სხვისგან ისესხეს ფული. სიცხვილი არაა, ერთ ღამეს ყველას დაესიზმრა, ადგნენ და კლუბს ფული მისცეს, გამგებლის გარეშე ეს მოხდებოდა?! ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. იცით, თუ არა ამის შესახებ და რატომ დუმხართ?~.
ამაზე ზოგიერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ პირველად ესმოდა. ზოგმა კი თემა უფრო განავცრო.
`რას ამბობთ, ბაღებს ართმევთ ფულს და ფეხბურთს ვაძლევთ. არ გვაქვს მორალურიი უფლება ასე მოვიქცეთ, ახლავე დავუბრუნეთ ბაღებს ფული~ _ განაცხადა კახა გუჯაბიძემ და სხდომის დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ კართან მისული უკან მობრუნდა და სანამ საკითხის განხილვა დასრულდა, მანამდე ფეხზე იდგა და ბაღებისთვის ფულის დროულად დაბრუნებას ითხოვდა.
`ეს თანხა კი იყო აღებული, მაგრამ საფეხბურთო სკოლას დაუბრუნდა~ _ განაცხადა თემურ ალექსაიამ, რომელსაც მანამდე გამგებელმა უთხრა: `თემურ, გაფიცებ, ყველაფერს, მე დაგირეკე და გითხარი, გუნდს ფული ასესხეთო?~. ამაზე ალექსაიამ განაცხადა, რომ ასეთი რამ არ ყოფილა.
დარეჯან ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ამდენი წელია გვესმის ვალები, ვალები, რით ვერ ამოვედით ამ ვალებიდანო. აკაკი იმნაიშვილმა დაამატა _ რატომ მივიყვანეთ საქმე საურავამდეო.
`გურიაში~ არსებულ მდგომარეობაზე კლუბის ფინანსურმა დირექტორმა, თენგიზ კიკვაძემ ისაუბრა: `ჩვენ 2016 წლისთვის მოვითხოვეთ 2,2 მილიონი, საკრებულომ გამოგვიყო 1,25 მილიონი. აქედან 100 ათასი ლარი სტადიონზე წავიდა. ჩვენ გვქონდა დავალიანება, რომლის ნაწილიც გავისტუმრეთ. 614 ათასი ლარი მოხმარდა დავალიანების დაფარვას, დაგვრჩა 500 ათასი ლარი. ფონდზე როცა საუბრობთ, უნდა იცოდეთ, თუ როდიდან დაიწყო მან მუშაობა. ეს იყო პირველი აპრილი. ეს ჩვენი დარჩენილი თანხა წავიდა ფონდის ანგარიშზე. მანამდე ხომ იყო დრო. გაფორმდა ხელშეკრულებები, კონტრაქტები.~
მანვე ისაუბრა იმ თანხებზეც, რომელიც კლუბს დავალიანებად აწევს და მისი გადახდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს.
გამგებელმა კიკვაძეს მიუგო: `როცა პრემიებზე საუბრობ, ისიც თქვი, რომელი წლის პრემიებზეა საუბარი. ეს არის 2013 წელი. ეს თანხა არის 72 ათასი ლარი, გამოაკელი ეს თანხა დავალიანებას. კლუბი ლამის ბანკროტია და მე 2013 წლის პრემიები გავცე?~
როგორც სესიაზე ითქვა, კლუბს ამჟამად 633 ათასი ლარი აქვს დავალინება. თენგიზ კიკვაძემ დეპუტატებს თხოვნით მიმართა, სანამ აღსრულების ბიურო დამატებით თანხებს დაგვიწერს, ეგებ კვების დავალიანება გადავიხადოთო, რასაც დეპუტატების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. იგი კიდევ ერთ რამ თხოვა საკრებულოს: `სხვა თუ არაფერი, ჩემი მძახალია დავით წულაძე, რომელიც ბაღების ცენტრის ხელმძღვანელია. მე ავიღე ვალდებულება, რომ 10 ათას ლარს დავუბრუნებდი, რომელიც ვისესხე. უარი თქვით ბანკის დავალიანების გასტუმრებაზე, ოღონდ ამაზე ნუ იტყვით უარს, ჩემი თხოვნა იქნება, ადამიანური...~
არავითარ შემთხვევაში _ წამოისროლეს დარბაზიდან. თუმცა, აქ აზრი ორად გაიყო. ზოგი ბაღებისთვის ფული დროულად დაბრუნებას ითხოვდა, ზოგი კი გაიძახოდა: თუ იმდენს აძლევდით, რომ არ სჭირდებოდა და სხვას ასესხა, რატომ მოხდა ასეო.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძემ განაცხადა, _ `ჭიქაში ქარიშხალს ნუ ავტეხთ, 10 ათასი ლარზეა საუბარი, მილიონები წავიდა. ასე არ გამოვა ბატონებო, თუ რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ისედავ წაქცეული `გურია~, მთლად გაუქმდეს გინდათ?!..~
ნონა მურვანიძემ როლანდ ლაშხიას ჰკითხა, თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ კლუბისთვის თანხა გამოგვეყოს და ის არ მიგვეცესო. საფინასო სამსახური უფროსმა _ რას ამბობთ, 100%-ით არის ყველა თანხა ათვისებულიო.
მოკლედ, დიდი სჯა-ბაასის შემდეგ გადაწყდა, რომ ბანკის მიმართ არსებულ დავალიანება _ დაახლოებით 67 ათასი ლარი დაიფარება, ხოლო შემდგომ პირველ რიგში, ბაღებს დავუბრუნებთ თანხასო.
მესამე საკითხიც ფეხბურთს ეხებოდა. კერძოდ, გრიგოლეთის ბაზაზე არსებული შენობა-ნაგებობის გადაცემა ა(ა)იპ `გურიასთვის~. როგორც გაირკვა, ასე იმიტომ ხდება, რომ ბუნებრივი აირის და შუქის საფასურის გადახდა ფონდის ვალდებულებაა და ჩვენ ვერ გადავიხდით ბიუჯეტიდანო.
რომან ბიწაძემ ძველი დრო გაიხსენა და მაგალითი მოიყვანა: `არ შეიძლება ამ შენობების გადაცემა კლუბისთვის. კლუბს დღეს არ აქვს ქონება და ეს ერთი მხრივ კარგია. კლუბის ვალების გამო იყო წლების წინ რომ მიჰქონდათ ბაზა და შენობა-ნაგებობა~.
გამგებელმა თქვა, რომ ბაზა მუნიციპალიტეტის საკუთრება არასდროს ყოფილაო, ხოლო ალექსაიამ განაცხადა, რომ ის იყო კლუბის საკუთრება.
`არც ასე იყო~, _ განაცხადა ურუშაძემ და გააგრძელა: `ბევრს ეგონა, რომ ის იყო ოდესმე კლუბის საკუთრება, მაგრამ ასე არ ყოფილა. ბაზის გადმოცემას ბევრი მუშაობა დასჭირდა. 2013 წელს ლელოზე ბიძინა ივანიშვილი იყო ჩამოსული, რომელიც პრემიერი გახლდათ, მაშინ ვთხოვე დახმარება. შემდეგ მაშინდელ ეკონომიკის მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან მოგვიწია შეხვედრები. ბაზა იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. მე და თემურ ჩხაიძეს მიგვიძღვის ამ ბაზის გადმოცემაში დიდი წვლილი. ერთხელ გვითხრა ვინმემ მადლობა?! არ ვითხოვ ამას, მაგრამ ხომ უნდა დაინახოთ, რომ 10 მილიონიანი ქონება გადმოეცა მუნიციპალიტეტს. იქ მოხდა ბუნებრივი აირის შეყვანა, ასევე გადასახდელია შუქის ფული და ეს ხომ უნდა მოწესრიგდეს. ამიტომ გადაეცემა ა(ა)იპ–ის. სხვა აქ არაფერია დაფარული.~
საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ქონება ა(ა)იპ-ის გადაეცემა და ამით სხდომა დასრულებულად გამოცხადდა, თუმცა შენიშნეს, როგორც კი აუდიტი დასკვას დადებს კლუბზე შეიძლება ერთი რიგგარეშე სხდომის მოწვევაც მოგვიწიოსო.

 


 

მოიწონეთ სტატია