ვახტანგ ზენაიშვილი: `ფული უნდა დარჩეს ხალხში, ბაზარი თვითონ გადაანაწილებს სამართლიანად, მთავრობა ამას ვერ იზამს, ის ფულს მოიპარავს...~

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი სოციალურ ქსელებში ყოველთვის აქტიურობს. `ჰო და არასთან~ საუბარში ის, ტრადიციულად, საინტერესო და სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.
`ვინაიდან ჩემი თვითმიზანი არ არის ხელისუფლებაში ყოფნა, ვინაიდან ჩემი თვითმიზანი არ არის არჩეული ვიყო ადგილობრივ ან საპარლამენტო დონეზე...~ _ ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი.
_ ანუ არ ფიქრობთ?
_ არა, კი ვფიქრობ შეიძლება, მაგრამ ჩემი თვითმიზანი არ არის ეგ. თუ მოსახლეობა მართლის მთქმელს, გონება გახსნილ, ნასწავლ ადამიანებს მხარს დაუჭერს, იმედი მაქვს, მოვხვდები საკრებულოში, მაგრამ ამის დიდი იმედი არ მაქვს.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა არის სოციალურ სტაგნაციაში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით, მით უფრო მაშინ, როცა არჩევნების გზით ყალიბდება ხელისუფლება, ჩვენ ამ სტაგნაციიდან გამოსვლა გაგვიჭირდება. ხალხს, რომელსაც არა აქვს საკუთრება, არც ჩამოყალიბებული ეკონომიკური ინტერესები გააჩნიათ, აქედან გამომდინარე არც გაცნობიერებული პოლიტიკური ინტერესები. _ პოლიტიკა რა არის? პოლიტიკა არის შეკუმშული ეკონომიკა, რა ტენდეციებიც არის ეკონომიკაში, რა მიზნებიც აქვს ადამიანს როგორც მწარმოებელს, როგორც საქმიან ადამიანს. ადამიანი ხომ ყოველდღიურად საქმიანობს და ქმნის თავის პროდუქციას, ამ ადამიანს თუ არა აქვს ინტერესები და ნათლად ვერ ხედავს რა უნდა გააკეთოს, რა უნდა ქნას, ბუნებრივია მას პოლიტიკაში ინტერესები ვერ ექნება გაცნობიერებული. დღეს ქუჩაში რომ კითხო ვინმეს, რას საქმიანობო, ყველა გეტყვის _ სამსახური არ მაქვს, სად ვიმუშავოო?. როდესაც ასე აზროვნებს საზოგადოება და მას ჰგონია, რომ ვიღაცა სხვამ, ჩვენს შემთხვევაში მთავრობამ, უნდა მისცეს სამსახური, ბუნებრივია, ეს საზოგადოება ნორმალურ ხელისუფლებას ვერ მოიყვანს სათავეში. ეგ თითქმის გამორიცხულია. ახლა შეიძლება, მავანი როცა ამას წაიკითხავს, გაბრაზებით გადააგდებს გაზეთს და იტყვის _ აბა, მე რა ვქნა, აბა ვინ უნდა ქნას, მაშინ რად მინდა ხელისუფლება. ბუნებრივია, მე თუ მკითხავ, ასეთი ხელისუფლება საერთოდ არაა საჭირო. კიდევ უფრო მეტსაც ვიტყვი, ხელისუფლება საერთოდ არაა საჭირო. ეს პოლიტიკური ფილოსოფიის ცალკე თემაა და ახლა შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი. ფაქტი ერთია, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის ხელისუფლება, ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები მთავრობაში დასაქმებული ადამიანი. ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო გადის ეკონომიკის სფეროებიდან, სახელმწიფო გადის დასაქმების სფეროებიდან და თავისუფალი ბაზარი თვითონ ქმნის სამუშაო ადგილებს, ადამიანური მოღვაწეობის ისეთ სფეროებში რომლის წინასწარ წარმოდგენა და განჭვრეტა შეუძლებელია, მით უმეტეს სახელმწიფო მოხელის კაბინეტიდან. ეს ყველაფერი ხდება სპონტანურად და თავისთავად. ურთიერთკონკურენციაში და ურთიერთთანამშრომლობაში შესული ადამიანებისა და საზოგადოების პირობებში. დღეს როდესაც საარჩევნო ბიულეტენებით აღჭურვილი საქართველოს მოსახლეობა საყოველთაო შეუზღუდავი არჩევნების გზით ირჩევს ხელისუფლებას, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. 25 წელია ერთ წრეზე ვბრუნავთ, პერსპექტივა ბუნდოვანია. განსაკუთრებით ეს თვალში საცემი ეკონომიკაში, მის სოციალისტურ ბუნებაში. ვფიქრობ, ეს დაჩიხულობა ხელისუფლების დემოკრატიული გზით ფორმირების ბრალია. ქვეყანაში, სადაც არ არის განვითარებული ლიბერალიზმი, სადაც არ არის ლიბერალური ეკონომიკა, იქ საარჩევნო დემოკრატია საშიშია. როდესაც მასის გემოვნების მიხედვით ხდება ხელისუფლების ფორმირება, შედეგები იმაზე უკეთესი ვერ იქნება ვიდრე ეს საქართველოშია.
_ ამ ჩიხს რაღაც ალტერნატივა ხომ სჭირდება?
_ გამოსავალი ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებაა (ლიბერალურს მე ყველგან კლასიკური ლიბერალიზმის გაგებით, ან ლიბერტარიანული გაგებით ვხმარობ და არა დღევანდელი, სოციალისტური მნიშვნელობით). მთავარი ფასეულობა ლიბერალური ღირებულებებია, დემოკრატია, როგორც ხელისუფლების ფორმირების და მართვის საშუალება, ლიბერალიზმიდან ამოიზრდება და არა პირიქით, როგორც ფარიდ ზაქარია ამბობს: ლიბერალიზმს დემოკრატიამდე მივყავართ, მაგრამ დემოკრატიას ლიბერალიზმამდე არაო. ჩვენი მთავარი პრობლემა არალიბერალური დემოკრატიაა. ამიტომაა, რომ მე პირადად არა კანონზომიერების, არამედ შემთხვევითობის იმედი მაქვს, რეფორმატორული მთავრობა შესაძლოა შემთხვევით მოვიდეს (მაგალითად ვარდების რევოლუცია – ვ.ზ.), ისტორიაში შემთხვევითობა გაცილებით ხშირია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
_ ანუ ხალხი მას არ მოიყვანს, ხმას არ მისცემს?
_ დიახ, მხარს არ დაუჭერს. ეს შემთხვევით შეიძლება მოხდეს, ანაც დასავლეთის გადაწყვეტილებითა და მხარდაჭერით. …
_ ხო, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე რამდენად ხდება შემთხვევითობა?
_ სტაბილურ პირობებში ამომრჩეველი სტაბილურად მიდის და მშვიდ გარემოში აძლევს ხმას პარლამენტს და ხელისუფლებას ირჩევს.
_ რას ირჩევს ამ შემთხვევაში?
_ ამ შემთხვევაში ის ყოველთვის ირჩევს რეაქციულ ძალას ხელისუფლებაში, იმიტომ რომ, მას სხვანაირად არ შეუძლია და სხვა კულტურა უბრალოდ მას, ამ ეტაპზე, არა აქვს. საქართველოს ელექტორატის ძირითადი, განმსაზღვრელი ნაწილი საბჭოთა მენტალობით, საბჭოთა აზროვნებით და საბჭოთა განწყობილებებით არის დატვირთული, მან მეტი არ იცის, ეს მისი ბრალი არ არის, უბრალოდ მან მეტი არ იცის. მე მოგიყვანთ კლასიკურ მაგალითს: სამხრეთ კორეა ყველამ ვიცით. დღეს მაღაზიაში რომ შედიხარ სამხრეთ კორეული პროდუქციაა _ კომპიუტერი გინდა, ტელეფონი გინდა, მანქანები გინდა, ძალიან დაწინაურებული ქვეყანაა. იცით, თქვენ, რომ სამხრეთ კორეაში 35-37 წლის განმავლობაში არჩევნები არ ჩატარებულა?! სანამ იქ არ ჩამოყალიბდა მყარი ლიბერალური ღირებულებები და სანამ ეკონომიკაში ლიბერალური ძვრები არ მოხდა, იქ მანამ არჩევნები არ ჩატარებულა. ჰონკონგის მაგალითი შემიძლია გითხრათ, სინგაპურის მაგალითი. ჩილე! – როდესაც სიტყვის გამტეხი, თაღლითი და მატყუარა სოციალისტი, ალიენდე მოვიდა ხელისუფლებაში და დაიწყო კომუნისტური მამაძაღლობები, იძულებული გახდენ ჩამოეგდოთ. ძალაუფლება სამხედროებმა აიღეს ხელში. ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ პინოჩეტს წინასწარ ჰქონდა მოფიქრებული ლიბერალური რეფორმები. მართვა სამხედრო წესით გააგრძელა, როგორც სამხედრო დიქტატურის ბუნება მოითხოვდა, მაგრამ ძალიან დიდ ჩიხში შევიდა, ინფლაციამ და უმუშევრობამ კიდევ უფრო მოიმატა. მაშინ გადაწყვიტა, რომ ისეთი ჯგუფი მოეძებნა, მცოდნე ხალხი, რომლებიც არ იქნებოდნენ დამძიმებულნი სოციალისტური იდეებით და არ იქნებოდნენ გასვრილნი ალიენდეს რეჟიმთან თანამშრომლობით და მათ ჩააბარებდა მთავრობის კაბინეტს. ასეთი იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის, ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლები. მოკლედ ლიბერტარიანული ხედვების ადამიანები. სასწაული მოხდა, როდესაც ეკონომიკაში იკლო სახელმწიფო ჩარევამ, გაჩნდა თავისუფალი ბაზრის ელემენტები. ძალიან სწრაფად დაიწყო სტაბილიზაცია, ეკონომიკური წინსვლა, დოვლათის დაგროვება, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. აი ეს გვჭირდება ჩვენც. ეს კი ტოტალური პრივატიზაციით იწყება. არ უნდა დარჩეს ადგილი, სივრცე სახელმწიფო საკუთრებისთვის, ანუ ხალხის საკუთრებას რომ ეძახიან და სინამდვილეში ქურდბაცაცა ბიუროკრატები რომ განკარგავენ. ყველაფერი განკერძოებული უნდა იქნეს - დაწყებული სახელმწიფო საწარმოებიდან (მაგ. რკინიგზა) Aდამთავრებული მიწებით, ტყეებით, მდინარეებით და ა.შ.
_ ანუ ბენდუქიძის მეთოდოლოგია გვარგია, რომელმაც თქვა რომ ყველაფერი იყიდება...
_ ბენდუქიძის მეთოდოლოგია ეს არის ლიბერტარიანული მეთოდოლოგია და ბენდუქიძის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იყო ორნიშნა რიცხვი ეკონომიკის ზრდის. როდესაც გაუშვეს, რეფორმები შეაჩერეს და სააკაშვილმა მასასთან დაიწყო კეკლუცობა, ეკონომიკამ ვარდნა დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.
_ ანუ მისი გაშვება შეცდომა იყო?
_ რა თქმა უნდა.
დასასრულს ვიტყვი: ჩემი გადმოსახედიდან მე სიმართლე გითხარით, შეიძლება მწარე, მაგრამ სიმართლე. საარჩევნო კონიუნქტურის თვალსაზრისით რაც არ უნდა წამგებიანი იყოს ჩემთვის საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირება, ყოველთვის შევეცდები „მართლის თქმის~ პრინციპი არ დავარღვიო. მატყუარები და თაღლითები ისედაც „ღირსეულად“ ყავს ამომრჩეველს წარმოდგენილი, როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე. ჩემთვის, როგორც ამ პრობლემატიკით დაინტერესებული ადამიანისთვის ერთი რამ ნათელია: თუ გვინდა ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეიქმნას, თუ გვინდა ეკონომიკა ამუშავდეს, მატერიალური დოვლათი დაგროვდეს, თუ გვინდა თავი დავაღწიოთ არსებულ სიდუხჭირეს, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, გვჭირდება მინიმალური ხელისუფლება, მცირე გადასახადები, მცირე ბიუჯეტი. ფული უნდა დარჩეს ხალხში, ბაზარი თავად გადაანაწილებს, ბაზარზე უკეთესი და სამართლიანი გამნაწილებელი ბუნებაში არ არსებობს. მთავრობა ვერ გაანაწილებს სამართლიანად, მთავრობა ფულს მოიპარავს.

 


 

მოიწონეთ სტატია