ბესიკ ტაბიძე: `აქტიურად ვეცნობი ყველა სოფლის პრობლემას, ვცდილობთ გამოვასწოროთ სიტუაცია, ყველას ტკივილი მტკივა და მესმის, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა პრობლემას ვერ ვაგვარებთ~

მოგეხსენებათ `ჰო და არა~ თავის მკითხველს ხშირად სთავაზობს რუბრიკას _ რას ფიქრობს ხალხი?! რედაქციაში შემოსული ზარების, ხალხის ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ახალი რუბრიკა, _ რას ფიქრობენ მაღალჩინოსნები.
ჩვენი პირველი რესპოდენტია ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძე, ის ასევე ნიგვზიანის თემის მაჟორიტარი დეპუტატია.
ბესიკ ტაბიძე გახლავთ პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ის იყო ლანჩხუთის რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის უფროსი, ლანჩხუთის რაიონული განყოფილების უფროსი, ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების დაბა მახინჯაურის პოლიციის უფროსი, გურიის სამხარეოს მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსი. ტაბიძე 2014 წელს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული იქნა ნიგვზიანის თემის მაჟორიტარ დეპუტატად, ის ასევე ხელმძღვანელობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას. მას მოიხსენიებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ, ემოციურ მაჟორიტარ დეპუტატს, სხვათა შორის ის ერთსულოვნად აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.
- ბატონო ბესო, თქვენ ნიგვზიანის მოსახლეობამ აგირჩიათ, რა პრობლემები დაგხვდათ თემში, რისი მოგვარება შეძელით ამ ხნის განმავლობაში?
- დიახ, პრობლემები მართლაც მრავლად იყო, მოსახლეობის უმრავლესობას არ ჰქონდა სასმელი წყალი, ეზიდებოდნენ ბოთლებით, ვედრებით. გზები იყო მოუხრეშავი, თითქმის არა გავლადი, გარე განათება საერთოდ არ არსებობდა. სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზა იყო საშინელ მდგომარეობაში. მე რა თქმა უნდა, ეს პრობლემები და პასუხისმგებლობა გასიგრძეგანებული მქონდა, როდესაც კენჭს ვიყრიდი და გამომდინარე ჩემი ძირითადი პროფესიიდან ოპერატიულად შევუდექი პრობლემების მოგვარებას. დავიწყე წყლით. რკინიგზის გაღმა მოსახლეობას მაქსიმალურად მოკლე დროში მივაწოდეთ წყალი, `გოგიჩაიშვილების უბანში~ დავდგით 50 ტონიანი ავზი, რომელიც ივსება სუფთა წყლით და ამარაგებს მოსახლეობას, პროექტი 200 000 ლარი დაჯდა. ასევე არჩეულის 30 ოჯახს 30 ტონა წყლით, ეს 87 000 დაგვიჯდა. გავაკეთეთ სანიაღვრე არხები. 7 კერძო ხიდის აგება მოვახერხე ამ დროის განმავლობაში. დღეის მდგომარეობით ნიგვზიანის თემის 70 პროცენტი გარე-განათებით უზრუნველყოფილია, დარჩენილია `აფხაზავების უბანი~. ჩათვალეთ უახლოეს მომავალში იქაც იქნება. მოვახერხე პრობლემური გზების მოხრეშვა, მოვიძიე 2500 ც შპალი. სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზა მოასფალტებულია და როგორც კი დათბება სრულყოფილ სახეს მივცემთ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არ შეიძლებოდა ასეთი გზა ყოფილიყო მუზეუმამდე, ფიზიკურად ვერ მოვიდოდა ხალხი დასათვალიერებლად. მინდა ვთქვა, რომ მუზეუმის უკან არსებული 5 ჰექტარი მიწა აუცილებლად უნდა ჩამოეწეროს სატყეოს ბალანსიდან და დაუბრუნდეს სახლ-მუზეუმს, აქ ბუნება უნიკალურია. უამრავი მთავრობა შეიცვალა, თუმცა მხოლოდ ჩვენ მოვახერხეთ, რომ მუზეუმის ადმინისტრაციას შენობა ჰქონოდა. მე ამ ყველაფერში გვერდით მიდგას ადგილობრივი რწმუნებული ირაკლი გუჯაბიძე, ჩვენ ერთობლივად ვგეგმავთ და ვმუშაობთ. მე ყოველ ხუთშაბათს მქონდა შეხვედრა ჩემს მოსახლეობასთან და ერთად განვიხილავდით პრობლემებს. მიუხედავად ახალი თანამდებობისა, მე ვრჩები ნიგვზიანის დეპუტატად და ვპირდები ჩემს ნიგვზიანელებს არასოდეს მივატოვებ მათ გასაჭირში. მე ის კაცი არ ვარ, მარტო არჩევნების წინ რომ იფხიზლებს...
- სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებზე რას გვეტყვით, ხალხი უგზოობას, უწყლობას, უმუშევრობას ჩივის..
- მე დიდი ხნის დანიშნული არ გახლავართ ახალ თანამდებობაზე, თუმცა უკვე აქტიურად ვეცნობი ყველა სოფის პრობლემას, ვცდილობთ გამოვასწოროთ სიტუაცია, ყველას ტკივილი მტკივა და მესმის, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა პრობლემას ვერ ვაგვარებთ. გზის პრობლემას, ალბათ, სრულად მოვხსნიდით, რომ გვქონდეს ადგილობრივი კარიერების ლიცენზია, თუმცა სამწუხაროდ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება. ერთჯერადი დახმარებებით ვცდილობთ გარკვეული შეღავათი გავუკეთოთ გაჭირვებულ მოსახლეობას, მაგრამ ყველას ვერ ვაკმაყოფილებთ...
- რედაქციაში ხშირად რეკავენ სოციალურ-დახმარება მოხსნილი ადამიანები. ბატონო ბესო, რა ხდება ამ კუთხით, რატომ ეხსნებათ მათ ეს შემწეობა?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე მეც ხშირად ვდაობ, ისევ ნიგვზიანის მაგალითს მოგიყვანთ: მოდიან ჩემთან, მივდივართ სოციალურ სამსახურში და იქ უმრავლეს შემთხვევაში პრობლემად არსებულ მიწის ნაკვეთებს გვისახელებენ. თუმცა მე ხომ ვიცი, რომ ეს ცარიელი მიწის ნაკვეთებია და პატრონი მისგან რეალურ სარგებელს ვერ იღებს, თუმცა არიან ისეთები, ვისაც არც მიწის ნაკვეთები აქვთ და არც რაიმე სიკეთე. ამიტომ მე დავაყენე საკითხი, რომ შევისწავლოთ კონკრეტული შემთხვევები და ჩვენ მივაწოდოთ ცენტრალურ ხელისუფლებას ინფორმაცია და არ ვიყოთ დამოკიდებული კომპიუტერულ სისტემაზე.
- მოგეხსენებათ რაიონის სრული უმრავლესობა დაუსაქმებია...
- დიახ, სამწუხაროდ. საკრებულოში შემოდის ცალკეული იდეები და მათი განხორციელება იმედია შექმნის სამუშაო ადგილებს. საუბარია თხილის გადამამუშავებელ ქარხანაზე, ჩაის კულტურის აღორძინებაზე, მებოსტნეობაზე.
- წინასარჩევნოდ ხალხი ყოველთვის იმედიანადაა, იმდენი დაპირება ესმის, რეალურად კი...
- კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე ნიგვზიანის თემს, რაც დავპირდი ვეცდები მთლიანად შევუსრულო და ძალ-ღონეს არ ვიშურებ ამისთვის. თემში არსებული საბავშვო ბაღის ახალი შენობა დაგვპირდა მუნიციპალიტეტის გამგებელმა და იმედი მაქვს, რომ მალე ასეც იქნება. ბაღში 2 ახალი ჯგუფი დაგვემატა, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ხელისუფლებას, რომ მიდგას გვერდით, რათა ეს პრობლემები მოვაგვარო. ახლა უკვე საკრებულოს თავმჯომარის მოადგილე ვარ და მთლიანად რაიონის პრობლემებსაც უფრო ახლოდან შევებმები.
- გაზიფიკაციასთან დაკავშირებით რა ხდება, რომელი სოფლები უნდა იყვნენ ბუნებრივი აირის მოლოდინში?
- მარტში დაიწყება ჯაპანის, ქვიანის, ჭყონაგორის, ნიგოითის, წყალწმინდის გაზიფიცირების პროცესი, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
- სხვა სოფლებში თუა დაგეგმილი უახლოეს მომავალში?
- ამას კერძო კომპანია აკეთებს და ჩვენ დავაყენებთ საკითხს სხვა თემებშიც დროულად მოხდეს გაზიფიცირება.
- საზოგადოება აქტიურადაა ჩართული ლანჩხუთის `გურიის~ ირგვლივ მიმდინარე პროცესში, უფრო სწორად უნდათ ჩაერთონ და გაიგონ რა ხდება სინამდვილეში, სად წავიდა ხალხის ფული, რატომ ჩამოჰყავდათ წარუმატებელი მწვრთნელები და ფეხბურთელები. ფაქტია გუნდი ძალიან ცუდ დღეშია. ბოლოს და ბოლოს, მოდის თუ არა მერაბ ჟორდანია?
- სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა და გავარდა `გურია~. არა მგონია რომელიმე ლანჩხუთელს ეს ფაქტი ახარებდეს, მაგრამ... რაც შეეხება ჟორდანიას, ჩვენ მოგვივიდა მისგან ხელშეკრულების საკითხი, მე გავამრავლე ეს მასალა და უკლებლივ 31-ივე დეპუტატს გავუგზავნე, ხოლო ერთ-ერთ დეპუტატს, ალექსაიას 20 ც ეგზემპლარი მივეცი, ის ახლოს არის ფეხბურთის სამყაროსთან და ვეტერანებთანაც განიხილავს, ჩვენ ყველანი ვართ განხილვის პროცესში, ერთად გავივლით ამ თემას და გადაწყვეტილებას მივიღებთ. ყველას მოგეხსენებათ საფეხბურთო სამყაროში რაოდენ დიდი ფიგურაა მერაბ ჟორდანია, დიდი იმედი მაქვს ის მოკიდებს ამ საქმეს ხელს და ძველ დიდებას დაუბრუნებს გუნდს.
- ბატონო ბესო, თქვენზე უკეთ ვერავინ მოგვახსენებს, ალბათ, რა ხდება კრიმინალთან დაკავშირებით.
- თქვენ რომ რამდენიმე წლის წინ არსებულ სიტუაცია გაინტერესებდეთ მოგახსენებდით, რომ მე და ჩემი თანამშრომლები კვირაში 30 ან მეტ კილომეტრს გავდიოდით ცხენით, ვპატრულირებდით, რათა საქონლის ქურდობა აღმოგვეფხვრა. მქონდა 75 %-იანი გახსნის სტატისტიკა. ახლანდელ მდგომარეობაზე, სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით. მე ახლა ნიგვზიანის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და ახლა აქ მინდა ვიყო მოწინავე. სხვათა შორის მინდოდა სისტემაში დაბრუნება, თუმცა ნიგვზიანელთა თხოვნით და იმის ინტერესით, რომ გაცილებით მეტი გავაკეთო ისევ ვიყრი კენჭს.
- აუცილებლად უნდა გკითხოთ აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე, თქვენი ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ სიტყვის თავისუფლება უპირველესია და სამართლიანობა აღდგენილია. გეტყვით, რომ ხალხთან ურთიერთობისას სამწუხაროდ მე ვერ შევნიშნე ეს `თავისუფლება~...
_ არ ვიცი რატომ ეშინია ხალხს. მე მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოში სიტყვის თავისუფლებაა. თუმცა გეთანხმებით იმაში, რომ საზოგადოებას მაინც აქვს შიში გარკვეული ინსტიტუტების. დავძენ, რომ კანონს უნდა იცავდეს ყველა, მოქალაქეც, პოლიციაც და ჩინოვნიკიც.
- დასასრულ ბატონო ბესო, არ შემიძლია არ შეგახსენოთ, რომ ლანჩხუთი უღარიბეს მუნიციპალიტეტთა შორის მოხვდა თავისი წლიური ბრუნვით..
- სწორედ ამიტომ უნდა ვიმუშაოთ დღე და ღამე, თუმცა ვერც იმას იტყვის ვერავინ, რომ არაფერი კეთდება.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 


 

მოიწონეთ სტატია