როდის იქნება მზად ლანჩხუთში ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა?

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მყარი ნარჩენების მართვის ხუთწლიან მუნიციპალურ გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, სხვადასხვა სამსახურების და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილე ნუგზარ ცინცაძემ დამსწრე საზოგადოებას ის ჩატარებული სამუშოები გააცნო, რომელიც ამ კუთხით ბოლო დროს წარიმართა.
მისივე თქმით, ნარჩენების მართვის ხუთწლიან მუნიციპალურ გეგმასთან დაკავშირებით შექმნილია მუშა და საკონსულტაციო ჯგუფები. შესაბამის სამსახურებს კონსულტაციებს უწევს ექსპერტი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი აკაკი ფანჩულიძე. გეგმის შედგენა აპრილის ბოლოს დასრულდება.
შეხვედრაზე ექსპერტმა აკაკი ფანჩულიძემ კიდევ ერთხელ მიმოიხილა ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა გადაჭრის გზებზე გააკეთა განმარტებები.
ბატონი აკაკის თქმით, _ დღეს მსოფლიო საზოგადოება აღიარებს, რომ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემა სულ უფრო შემაშფოთებელ ხასიათს იღებს და ნათელია, რომ გარემოში ასეთი დიდი რაოდენობით ნარჩენების დაგროვება სერიოზულ საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და ჩვენს საცხოვრებელ გარემოს.
`მე-20 და 21-ე საუკუნეებში წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენი თავის შემადგენლობით საკმაოდ განსხვავდება წინა საუკუნეებში წარმოქმნილი ნარჩენებისგან, როგორც რაოდენობით, ისე შემადგენლობით. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ახალი თაობის ნარჩენების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელოვნური წარმოებისაა და არ ექვემდებარებიან დაშლას ბუნებრივ პომპონენტებად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ამ პროდუქციის წარმოება დიდწილად ხდება მთელი რიგი იმ ბუნებრივი რესურსების გამოყენებით, რომელთან არ გააჩნიათ თვითაღდგენის უნარი. ადამიანები ხშირად ცდილობენ, რომ ე.წ. ნაგავი თვალს მოაფარონ და ამით მასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვიტონ. ჩოხატაურის სოფელ ხევში ასეთი 41 კერა აღმოჩნდა. ეს ძალიან შემაშფოთებელია,~ _ განაცხადა ექსპერტმა.
მან ასევე დასძინა, რომ მნიშვნელოვან დამაბინძურებელს წარმოადგენენ პოლიეთილენის პარკები, რომლების უხვად გვხვდება არა მარტო ნარჩენების `მრავალფეროვან~ ნაგავსაყრელზე, არამედ აქტიურად `ალამაზებენ~ გარემოს და ქმნიან `ბუნების განუმეორებელ დიზაინს~: `პოლიეთილენი საკმაოდ მსუბუქია და ადვილად გადაიტანება ქარის მიერ ტყეებში, ზღვებში, მდინარეებსა და ტბებში, წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის გამო. ფაქტიურად ის გვევლინება `უკვდავი ნარჩენების~ სახით, მათი განადგურება ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა. მათი გაუვნებლობისთვის ერთადერთი გამოსავალი მისი შეზღუდული რაოდენობით გამოყენებაა~.
როგორც შეხვედრაზე გახმოვანდა, უკვე გამოსულია ისეთი პარკები, რომელიც ადვილად იხრწნება, მაგრამ მისი ღირებულება მაღალია.
ბატონი აკაკის თქმით, ქვეყანას არ გააჩნია ნარჩენების მართვის სტრატეგია და სწორედ ამის შემუშავებას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც: `ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ, შეიძლება ითქვას, რომ საკითხების დეტალიზაცია მიდის. ამჟამად საქართველოში ნარჩენების მართვის სერვისს ახორციელებენ ადგილობრივ თვითმმართველობებთან არსებული დასუფთავების სამსახურები, რომლებიც ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურებია ან სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი კომპანიები. პრობლემაა ისიც, რომ არ ხდება ნარჩენების გადახარისხება. ამიტომ ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად გვხვდება მედიკამენტები, სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის ნივთიერებები, ელექტრო საქონელი და ა.შ~.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, საკმაოდ ბევრი საინტერესო შეკითხვა დაისვა.
საკრებულოს წევრმა რომან ბიწაძემ აკაკი ფანჩულიძის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდი გაიხსენა და დამსწრე საზოგადოებას მიუგო: `ეს იყო დაახლოებით 15 წლის წინ, როცა ის მუშაობდა მინისტრის მოადგილედ, მაშინ ლანჩხუთელების მთავარი თემა გახლდათ ეროვნული პარკი. ბატონი აკაკი, ალბათ, ერთადაერთი იყო, ვინც ამომწურავ პასუხს გვცემდა ყველა კითხვაზე და მეცნიერულად გვიმტკიცებდა იმ დადებით თუ უარყოფით მხარეებს რაც ამ თემას ახლდა. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი დაგვეხმაროს და მის მიერ დასახელებული სერიოზული პრობლემების გადაჭრის დაწყება მაინც შევძლოთ.~
რესურ-ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ სკოლებში არსებული პრობლემები მიმოიხილა. მისი თქმით, სკოლებს სანაგვე ბუნკერების პრობლემა აქვს, ასევე არ ხდება ნარჩენების დახარისხება, ასევე არ ხდება სკოლებში არსებული ქიმიის კაბინეტებში მყოფი დაძველებული ნივთიერებების გატანა, რაც საკმაოდ რთულ ვითარებაში გვაყენებს.
ბატონმა აკაკიმ სკოლებთან დაკავშირებულ პრობლემაზე განაცხადა, რომ ეს თემა სტრატეგიის შემუშავებისას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.
შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ორ ნაგავსაყრელზე იყო საუბარი.
წლების წინ რუსთავში თანამედროვედ მოაწყვეს ნაგავსაყრელი. გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც ნარჩენებს გადაამუშავებდა. ის ასეც მოიქცა, დაიწყო კიდევ მეორადი პროდუქციის მიღება, მაგრამ ის არ აღმოჩნდა მდგრადი. როგორც შემდგომმა ანალიზმა უჩვენა, ნარჩენები იმდენად იყო დაბინძურებული, რომ მისი ცალკე წარმოება ვერ მოხდებოდა.
ახსენეს ასევე ქუთაისის მაგალითი.
ერთ-ერთმა კომპანიამ ნარჩენების დახარისხებისათვის კორპუსებთან სხვადასხვა ტიპის ურნები დაგდა, მაგრამ ერთი და იგივე მანქანით მოახდინა ნარჩენის გატანა. შესაბამისად, დადგმულმა ურნებმა ის შედეგი ვერ მოიტანა, რასაც ორგანიზატორები ვარაუდობდნენ.
როგორც განმარტეს, მსოფლიოში მყარი ნარჩენების მართვის კუთხით გამორჩეული შვედეთია. ამ ქვეყანაში 7 სხვადასხვა სახის ურნა დგას და იქ მაქცხოვრებელმა იცის, რომელში რა ნარჩენი უნდა ჩააგდოს. ასევე ყველა მათგანს ემსახურება სხვადასხვა მანქანა.
იყო საუბარი საკვების ნარჩენებზე. როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, ასეთი ტიპის ნარჩენები ჩვენთან ნაკლებად იქნება, რადგან ისედაც არაფერი გაგვაჩნიაო.
როგორც შეხვედრის დასასრულს ითქვა, მომავალი წლიდან ალბათ, მოხდება დაფინანსება შესაბამისი დონორის მოძიებით და სტრატეგია ამუშავდება. მანამდე დიდი ალბათობით ლანჩხუთში არსებული ნაგავსაყრელი დაიხურება და მოხდება მისი დაკონსერვება. თუ სად წაიღებენ ჩვენთან არსებულ ნარჩენებს, ეს დაზუსტებით უცნობია. შეიძლება ეს იყოს ურეკი ან ქობულეთი. ეს ყოველივე კი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და შეიძლება სხვა ალტერნატივის მოძიებაც მოხდეს.
ცნობისთვის, ნარჩენების მართვის ხუთწლიანი მუნიციპალური გეგმის პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს `საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო~, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის და ავსტრიის განვითარების სააგენტოები.

 


 

მოიწონეთ სტატია