დაავადებას მხოლოდ სიტყვები ვერ განკურნავს, საჭიროა დროული მკურნალობა, რაც უდიდეს თანხებთანაა დაკავშირებული...

ასეთი ტიპის წერილის დაწერას, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ უახლოეს ხანებში ისედაც ვგეგმავდი, მაგრამ შეიძლება ასეც ითქვას იმან უფრო დააჩქარა, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენი გაზეთის ფურცლებზე საუბარი იყო სოფელ აცანის შესახებ. მინდა იმ ნაწილს გამოვეხმაურო, სადაც სოფლის პრობლემებზე და გასაჭირზეა საუბარი, თუმცა ახალს ვერაფერს ვიტყვი, რაც მკითხველს გააკვირვებს.
პრობლემები დაახლოებითYერთნაირია ყველა დასახლებულ ობიექტში. ესაა გზის, წყლის, გარე განათების, უმუშევრობის თუ სოციალურად დაუცველი ფენის გასაჭირი და თავსატეხი. ამ მხრივ ჩვენი სოფელიც არ არის სხვაზე დალხენილ მდგომარეობაში. ალბათ, ჩემს მსგავსად ბევრ ჩემს თანასოფლელს სტკივა გული იმაზე, რომ რაიონის მასშტაბით აცანა მამათთან ერთად ყოველთვის პირველ-მეორე ადგილს იყოფდა სოფლის მეურნეობის, წარმოების თუ მოსახლეობის ცხოვრების დონის მიხედვით. დღეს კი ხედავთ რა სურათიც გვაქვს: გაჭირვება, სიღარიბე, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, სიღატაკე და კიდევ ვინ იცის სხვა რა ეპითეტებით გამოსახავენ დღეს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ცხოვრების პირობებს, თუმცა ერთი ცნობილი ჟურნალისტისა არ იყოს _ ეს წელში გაწყვეტილობა უფროა, ვიდრე სხვა რამ.
ძალიან საჭირო და აუცილებელი იყო იმ პროექტის განხორციელება, რომელიც აცანის ცენტრს და მის მიმდებარე ტერიტორიას გაუთვალისწინებელი პრობლემებისგან იხსნის, მაგრამ ვისაც თუნდაც ერთხელ მაინც გაუვლია აცანაში იცის, რომ ადმინისტრაციული სახლის ეზოში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც ეს სამუშაოები ჩატარდა აღმართული იყო შინმოუსვლელთა ობელისკი და `ქართლის დედის~ ქანდაკება. სამუშაოების წარმოებისათვის გასაგებია, რომ საჭირო გახდა მისი დემონტაჟი, მაგრამ ნათქვამი იყო, რომ რაღაცნაირი ფორმით აღდგებოდა შინმოუსვლელთა მემორიალი. თუმცა, ჯერჯერობით, დამტვრეული და ნახევრადდამტვრეული სურათები სხვადასხვა ოთახებში ინახება. რა თქმა უნდა, მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება, ხოლო `ქართლის დედა~ თავისი ადრინდელი ადგილსამყოფელიდან ცოტა მოშორებით ხის ჩრდილშია `წამოწოლილი~.
უკიდურესად მძიმეა სოფელში დასაქმების პირობები. მაისი დადგება თუ არა, საყოველთაო მობილიზაცია გეგონებათ გამოცხადებული, ზურგჩანთა აკიდებული ადამიანები, სამუშაოს საძიებლად მიდიან. ამიტომაცაა, ბევრმა ახალგაზრდამ სოფელზე გული აიცრუა და სკოლაშიც იკლო მოსწავლეთა რაოდენობამ, ზოგიერთ კლასში ორი ან სამი მოსწავლეა. სოფელში დღეს ბევრი ნიჭიერი და განათლებული ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მათ ვერავინ `ამჩნევს~, ამიტომაც თავადაც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ.
გასაგებია, რომ რამდენიმე უბანში მოგვარდა წყლისა და შიდა გზების პრობლემები, მაგრამ სამწუხაროდ არავის ახსოვს ის უბანი, რომელიც ე.წ. `კილის ძირის~ წყაროდან მამათის საზღვრამდე გრძელდება, სადაც არც გარე განათებაა და არც თუნდაც ელემენტარული ტიპის მოსაცდელი, სადაც წვიმასა და თოვლში შეეძლება ადამიანს შეფარება. რადგან `კილის ძირის~ წყარო ვახსენე, აქვე ვიტყვი, ამაზე საუბარი ჩემი უბნელების თხოვნით სხვა დროსაც მქონდა, ეს წყალი თავისი თვისებებით უნიკალურია, მის შესახებ მარტო ჩვენს სოფელში კი არა მეზობელ სოფლებშიც იციან. დიდი ხარჯი არ სჭირდება მის კეთილმოწყობას, მაგრამ ჯერ კიდევ მოლოდინში ვართ.
სამწუხაროდ, სოფელში ბევრია სოციალურად დაუცველი და ქრონიკულად მოავადე ადამიანები, რომელთაც მუდმივი ყურადღება სჭირდებათ; ასევე ისინი, ვისაც სახლები ავარიულ მდგომარეობაში აქვთ. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე კარდაკარ მაქვს შემოვლილი ასეთი ოჯახები და კარგად ვიცი რა უჭირთ მათ.
საინფორმაციო საშუალებებით ვისმენთ, რომ ამა თუ იმ სოფელში, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დახმარებას უწევენ სურსათით თუ სათბობი შეშით მომარაგებაში. მაღალმთიანი რელიეფიდან გამომდინარე აცანაში თოვლის საფარი სხვა სოფლებთა შედარებით გაცილებით დიდია, ამიტომ, ხიფათის თავიდან ასაცილებლად საჭირო გახდა სახლის სახურავების გადმოთოლვა, თანაც არაერთხელ, რასაც არც ერთი სოციალურად დაუცველი მოქალაქის თანხა არ ჰყოფნის. იმაზე აღარაა საუბარი, რომ ამის შემდეგ თავს როგორღა გაიტანს. ერთჯერადი დახმარება, რომელიც მსგავსი ადამიანებისთვის არის გათვალისწინებული ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც დღეს მკურნალობას ან მედიკამენტების შეძენას სჭირდება, ისიც ფაქტია, რომ ამ დახმარების მისაღებად წინ ბევრი დაბრკოლება და ბარიერი გვხვდება. კიდევ გავაგრძელოთ პრობლემებზე საუბარი? მგონი უკვე საკმარისია, ამის დასრულებას კიდევ დიდხანს მოვუნდები.
ჭეშმარიტება მხოლოდ ერთია, რომელიმე ჩინოსნის ნათქვამი მაღალფარდოვანი სიტყვები, რომ მაქსიმალურად გვერდით დაგვიდგება, პირდაპირი მნიშვნელობით იქნება ეს თუ მხოლოდ ფურცლებზე დაწერილით ვერაფერს გვიშველის. საჭიროა რეალურად გაკეთებული საქმე.
დაავადებას მხოლოდ სიტყვები ვერ განკურნავს, საჭიროა დროული მკურნალობა, რაც უდიდეს თანხებთანაა დაკავშირებული, ამას კი ვერც ერთი სოციალურად დაუცველი ადამიანის ოჯახი ვერ შეძლებს. სხვა რა დარჩენია ასეთ ადამიანებს, ან სახლ-კარი უნდა გაყიდოს, ან მოთმინებით დაელოდოს აღსასრულს.
P.შ. ზამთარი რომ მოსახლეობისა და ხელმძღვანელი პირებისათვის მკაცრი გამოცდაა ახალი არაა. პრობლემა ხდება გზების გაწმენდა, ბევრ ოჯახში არის ან მოხუცი, ან მცირეწლოვანი, ან ქრონიკული ავადმყოფი, რომელსაც შესაძლოა დახმარება დასჭირდეს. ოცდამეერთე საუკუნეში დიდ კომფორტად არ უნდა ითვლებოდეს მოსახლეობას ელექტროენერგია თუ ექნება, მაგრამ იმ პირობებში, როცა გვესმის რომ ბევრ რაიონსა თუ ქალაქში დიდი პრობლემები აქვთ, აცანლების მხრიდან მადლობა ეკუთვნის იმ ადამიანს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ელექტროენერგია განუწყვეტლივ გვქონოდა.
მარინა ჩხაიძე

 


 

მოიწონეთ სტატია