რას ამბობს ყველაზე ღარიბი ლანჩხუთის მოსახლეობა არსებულ გაჭირვებაზე...

`ჰო და არას~ წინა ნომერში შემოგთავაზეთ იმ კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ლანჩხუთი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ღარიბი მუნიციპალიტეტების ხუთეულში მოხვდა. რა თქმა უნდა, ეს რომ ასეა, თვალნათლივადაც ჩანს და ფაქტებიც ამაზე მეტყველებს _ ყველა ხელისუფლება წინასაახალწლოდ გურიის სიღარიბიდან გამოყვანას აანონსებს, მაგრამ...
ჩვენ დავინტერესდით თუ როგორ ცხოვრობს ხალხი ლანჩხუთსა და მის სოფლებში, სწორედ ამ მიზნით გამოვკითხეთ მოსახლეობა და დავუსვით მათ შემდეგი კითხვები: როგორ ცხოვრობენ, რა შემოსავალი აქვთ, თუ ჰყოფნით და რამდენი მიაჩნიათ საარსებო მინიმუმად. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხალხი თითქოს დაშინებულია, სასტიკად ერიდებიან ვინაობის გამხელას. მინდა მათ კიდევ მივმართო და ვუთხრა, რომ ჩვენ არც პროკურატურიდან ვართ, არც სოდიდან და არც კუდიდან. ჩვენ გვინდა თქვენი რეალური გაჭირვება თუ დალხინება მივიტანოთ შესაბამის უწყებებამდე, ანუ ერთი სიტყვით დაგეხმაროთ და არა დაგასმინოთ. მუდმივად აპელირებენ სიტყვის თავისუფლებაზე და გამოვიდნენ ქუჩაში და ნახონ სინამდვილეში რა ხდება. დავძენ, რომ მიუხედავად ვინაობის დაფარვისა, მათაც იგივე შეხედულებები აქვთ, თითქმის ერთი-ერთში, როგორც იმ რესპოდენტებს, რომელთა კომენტარებიც ქვემოთაა მოყვანილი...
ია მანწკავა (ლანჩხუთი): მაქვს უმაღლესი განათლება, მენეჯერ-ეკონომისტი ფართო პროფილით. რა შემოსავალზე და არსებობაზეა საუბარი, ვცხოვრობ მარტო, მქონდა სოციალური შემწეობა და პოლისი, თუმცა გადამოწმების შემდეგ (გრაფებში 0ქულა) მომიხსნეს დახმარება, ყველამ იცის, რომ ჩემი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით, გაუარესდა და სახელმწიფომ ასეთი `საჩუქარი~ გამიკეთა, თუმცა ამით არ დაკმაყოფილდნენ და მომდევნო წელს პოლისიც მომიხსნეს. არ ვიცი, რა გავაკეთო, რითი ვიარსებო, მაწუხებს ჩიყვი. გამოუვალ მდგომარეობაში ვარ, ასეთ ცივ ზამთარში გაზიც კი გათიშული მაქვს. ვარ განწირული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისგან...
თამაზ ურუშაძე (პენსიონერი, ლანჩხუთი): ვცხოვრობ საშუალოდ, ვვაჭრობ მინი-ბაზარში, ჩვენთან ფასები ნამდვილად მისაღებია, თუმცა ხალხში არარსებული ფულის გამო გვიჭირს პროდუქციის რეალიზაცია. ოჯახში სამი სული ვართ, რა თქმა უნდა, შემოსავალი არაა საკმარისი და ბევრჯერ მეტია საჭირო, მაგრამ რას ვიზამთ. მეუღლეს შაქარი აღმოაჩნდა და ესეც მძიმე ფინანსური ტვირთია. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ცოტა მეტი იმუშაონ მიწასთან, მოიყვანონ სიმინდი, ლობიო, მსგავსი კულტურა და მეტი საშუალება გაჩნდება ხალხში...
მარგალიტა დობორჯგინიძე (პენსიონერი, ჯურყვეთი)- ჩვენი უპირველესი პრობლემა უგზოობაა, სახლამდე მისასვლელი გზა საშინლად მოუწესრიგებელია. საკვებზე ასე თუ ისე მყოფნის ჩემი პენსია, თუმცა ღმერთს ვთხოვ, რომ ავად არ გავხდე, რადგან ვერანაირად გავწვდები ხარჯს, აგრეთვე მოწყვეტილი ვარ ელემენტარულ კომფორტსაც კი, ამ ხნის ადამიანს არ მაქვს საშუალება ვუყურო ტელევიზორში ერთ არხზე მეტს, რადგან არ მაქვს საშუალება შევიძინო ანტენა და დავდგა. დანარჩენ კეთილმოწყობაზე საუბარიც არაა...
რუსუდან სანიკიძე (პენსიონერი, აცანა): დამოკიდებული ვარ პენსიაზე, მყავს შვილები, რომლებიც შეძლებისდაგვარად მეხმარებიან, თუმცა ყველას თავისი ოჯახი აქვს. ვზრდი სამ შვილიშვილს, რომლებსაც სახელმწიფო თვეში ათ-ათ ლარს აძლევს. ფასები უსაშველოდ დიდია და ვერ ვწვდები ყველაფერს, მეც მჭირდება მედიკამენტები. სამ ქართველს ვუზრდი სამშობლოს და ამ ბავშვებს არა აქვთ საშუალება წესიერად, უსაფრთხოდ მივიდნენ სკოლამდე, უგზოობის გამო, ყოველ სასწავლო დღის დამთავრებას დაძაბული ველოდები, რათა შვილიშვილები უვნებლები დამიბრუნდნენ სახლში. ფაქტიურად, ლოკალიზირებულია ჩვენი უბნის გზები, იქნებ მოაწესრიგოს სახელმწიფომ ეს პრობლემა. ადამიანი იმედით ცოცხლობს და მეც მაქვს იმედი...
ნუნუ ტუღუში (სუფსა, ორმეთი)- ოჯახში ორი სული ვცხოვრობთ, მე და ჩემი მეუღლე. არანაირირი დახმარება ჩვენ არ გვაქვს, გვქონდა სოციალური დახმარება და მოგვიხსნეს კარგა ხანია. სახლი გახსნილია და შიშ-კანკალით ვათევთ ღამეს, რა თქმა უნდა, ყურადღებას არავინ გვაქცევს. თავი მანდარინის მოსავლით გაგვაქვს, თუ ამას თავის გატანა ჰქვია. ექიმის კონსულტაცია მესაჭიროება, თუმცა ვერ ვახერხებ, პროდუქტს ხომ საერთოდ ვერ გაეკარები. ამას ემატება საშინელი გზებიც, რომელიც არა და არ მოწესრიგდა ორმეთში. 21 საუკუნეში ვცხოვრობთ და მხოლოდ კვირაში სამჯერ გვემსახურება ტრანსპორტი, ისიც მხოლოდ ბათუმის მიმართულებით და ერთხელ თბილისისკენ. ამას ჰქვია კატასტროფული სიტუაცია...
ციცინო გორგაძე (ლანჩხუთი, აგარაკი): ოჯახში ოთხნი ვართ, მე, მეუღლე და და ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ვიღებთ სოციალურ დახმარებას და ვსარგებლობთ პოლისით. 250 ლარი არ ვიცი რამდენად გავანაწილოთ, ბავშვებს უამრავი რამ სჭირდებათ, აგრამ რა ვქნათ. არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვმუშაობთ, ვერც ვიმუშავებთ, რადგან სოციალური მოგვეხსნება, თუმცა თუ იქნება ნორმალური ანაზღაურება, რა თქმა უნდა, გვირჩევნია ვიმუშაოთ და არა სოციალურის იმედზე იყოს დამოკიდებული ამხელა ოჯახი, ფასები ისეთი გაზრდილია, ყველაფერზე, რომ იმის მეასედს ვერ ვყიდულობთ, რაც საჭიროა. რაღაც თუ არ შეიცვალა, ასე დიდხანს ვერ გავსტანთ...
მიშა ჩხაიძე (აცანა): ცხოვრება უკან-უკან მიდის. სამწუხაროდ, არანაირი შემოსავალი არაა ხალხში, ვერ გაეკარები პროდუქტს, მედიკამენტებს. მოსაწესრიგელია ინფრასტრუქტურა, დაბალია ხელფასები, პენსიები. იმედი მაქვს, მთავრობა რაიმე ქმედით ნაბიჯებს გადადგამს და სიტუაციას გამოასწორებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გზა უფსკრულისკენ მიდის...
გია დოლიძე (ნიგოითი): მქონდა სოციალური დახმარება და თავი ასე თუ ისე გამქონდა, თუმცა `გადამოწმების~ შემდეგ მომიხსნეს ის ელემენტარული შემწეობა, რითიც ლუკმას ვჭამდი. ერთჯერად დახმარებას ვთხოვ რაიონის ხელმძღვანელობას 6 თვეა და ახლა მითხრეს, რომ `მალე~ მომცემენ. საკვები, მედიკამენტები, სიგარეტი ჩემთვის მიუწვდომელია, არადა, თუ კი იქნება დასაქმება, ფიზიკურად შევძლეებ. გეფიცებით, თავი აღარ მინდა ცოცხალი, ამდენი უსამართლობის შემყურე...
თორნიკე ჯიჯიეშვილი

 


 

მოიწონეთ სტატია