როდის დაიწყება ნიგოითის თემში გაზის შეყვანა?!

ნიგოითის თემის მაცხოვრებლები უკვე წლებია ბუნებრივ აირს ითხოვენ. მათმა ნაწილმა გასულ წელს აქცია გამართა და ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარება მოითხოვა. `ჰო და არამ~ ნიგოითლების აქციას ვრცელი საგაზეთო სტატია მიუძღვნა. როგორც მაშინ ითქვა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო დაინტერესდებოდა აღნიშნული საკითხით და შესაბამისი სამუშაოებიც ჩატარდებოდა.
უკვე ცნობილია იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც ბუნებრივი აირის შეყვანა მოხდება წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის სხდომაზე გავრცელდა და ამის შესახებ `ჰო და არა~ ერთ-ერთი წინა ნომერში დეტალურად წერდა. ნიგოითის თემის მაჟორიტარი საკრებულოში თემურ ალექსაია `ჰო და არასთან~ საუბარში ამბობს, რომ ხუთივე სოფლის პროექტირების სამუშაოები დასრულებულია და ჯერი მილების შემოყვანაზეა.
`მქონდა საუბარი ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ წელს აუცილებლად დაიწყება მილების მონტაჟი. უკვე დასრულებულია საპროექტო სამუშაოები და შესაბამისი წერილიც მოგვივიდა. ჩვენი თემის ცენტრალური მაგისტრალი არის 10 კმ, ამას ემატება შიდა არსებული გზები. საერთო ჯამში 25-26 კმ. იქნება. ამის გაკეთება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, რადგან თემში შემავალი 5-ვე სოფლის მაცხოვრებლები დაბლობში სახლობენ და ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობა ტექნიკურად ადვილად მისადგომია~, _ გვითხრა მან.
როგორც მაჟორიტარმა განაცხადა, თემში 1800-ზე ცოტა მეტი მოსახლეა. მათი ნაწილის გაზიფიცირება წლის ბოლომდე არის შესაძლებელი. `ველოდებით, რომ მოსახლეობის ნახევარს მაინც მიეწოდება წლის ბოლომდე ბუნებრივი აირი. მთავარია, დაიწყო პროცესი და ახლა ბოლომდე ვეცდებიც, რომ მოსახლეობის ინტერესები ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად დავიცვათ,~ _ დასძინა მაჟორიტარმა.
`ჰო და არასთვის~ ისიც გახდა ცნობილი, რომ მაგისტრალის მშენებლობა ჩოლობარგიდან შეიძლება დაიწყოს, რომელიც შემდგომ აღმოსავლეთისკენ გაგრძელდება.
თემურ ალექსაია ამბობს, რომ მაგისტრალის მიერთების სხვა გზაც არსებობს: `ჭყონაგორაში გადის ცენტრალური მაგისტრალი, რომელიც მოდის ვაზისუბნიდან და გადადის ოზურგეთში. ამის შესახებ საქმის კურსი არიან ენერგეტიკის სამინისტროში და იქ საკმაოდ იოლად შეიძლება გამანაწილებლის დადგმა. ეს მოსახლეობისთვისაც უკეთესია, რადგან უფრო დროულად მოხდება მათი ქსელშიც ჩართვა და მათთვის ბუნებრივი აირის მიწოდება.~


 

მოიწონეთ სტატია