`ჩემს ნომერზე რეთი ხანია ლანჩხუთში რაიმეს გაკეთებაზე არაფერი მოუწერიათ, ნეტა ყველაფერი გაჩერდა?!~

ალბათ, გახსოვთ წინასაარჩევნოდ ჩვენი ტელეფონები დღეში რამდენჯერმე აწრიალდებოდა. ხან ამა თუ იმ კომპანიის სმს მოგვდიოდა, რომელიც იუწყებოდა, ფული თუ გინდათ იჩქარეთო, ხან კიდევ ფასდაკლების შესახებ გვაუწყებდა. საპარლამენტო არჩევნების წინ ამ `სერვისს~ კიდევ ერთი სიახლე დაემატა. თუ სადმე ორმოში ფილა ჩადეს, ან სადმე გზა შერემონტდა უცებ მოგვახარებდნენ და ასე ვცხოვრობდით ლაღად და ბედნიერად.
თითქმის ყველა საათში მოდიოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შუხუთში გაკეთდა სანიაღვრე არხი, ჩოჩხათში მდინარე სუფსაზე მოეწყო გაბიონი, აკეთში მოიხრეშა გზა.
როცა ჯაპანაში მცხოვრები ადამიანი ღრმაღელეში გაკეთებულ საქმეზე მიიღებდა `ამომწურავ~ ინფორმაციას, ან ღრმაღელები ჯაპანის ამბავს, ამბობდა: დავდევი გული, რაღა მიჭირსო.
იყო მცირედი შენიშვნებიც: კაცო, სმს მომივიდა, წავედი ვნახავ ერთი რა გაკეთდა-თქო და მითითებულ მისამართზე ვერაფერი აღმოვაჩინე გაკეთებულ-გალამაზებულიო.
რამდენიმე წელია არასამთავრობო სექტორი იმას ითხოვს, რომ ფარული მიყურადება აკრძალონ და პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია არ იყოს ბევრისთვის ცნობილი. როცა სმს-ებს აგზავნი ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადამიანთან (აბა, აბაშის თუ ოზურგეთის გაკეთებული საქმეები ლანჩხუთელთან ნაკლებად მოდიოდა), ეს არ არის პერსონალურ მონაცემებთან წვდომა?! საიდან იციან, მაგალითად თბილისში ნაყიდი ნომერი ლანჩხუთში მაცხოვრებელ ადამიანს რომ ეკუთვნის?!
უფრო მეტიც, კომპანიების გამოგზავნილ სმს-ზე ბოლოში მითითებულია, რომ შეგვიძლია ნომერის დაბლოკვა და შესაბამისად, აღნიშნული კომპანიის აბეზარი სმს-ები გულს აღარ შეგვიწუხებენ, რასაც ვერ ვიტყოდით, მთავრობის მიერ გამოგზავნილ სმს-ზე.
მართალია, აცხადებდნენ, რომ ყველა სარეკლამო შეტყობინებას მოჰყვებოდა გაუქმების კონკრეტული კოდი სმსoff, რომელიც ზღუდავდა რეკლამის გამგზავნი კონკრეტული კომპანიისგან შემდგომში სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებების მიღებას. თუმც, აღნიშნული სმს-ებზე ის არ `ვრცელდებოდა~. შესაბამისად, ირღვეოდა კანონი, რადგან ნომრის მფლობელს არჩევანის საშუალებას არ უტოვებდა და ისიც იძულებული იყო დღეში რამდენჯერმე მიეღო სიგნალი იმის თაობაზე, რომ გაკეთებულ საქმეთა შესახებ შეტყობინება მის ნომერზე უკვე ფიქსირდებოდა.
`საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ~ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ეწერა, რომ მუნიციპალური სმს-ები მმართველი პარტიის სასარგებლოდ ირიბად მაინც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავდა.
`მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში არ არის მოწოდება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ცხადია, რომ მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბარი ირიბად მაინც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავს, მითუმეტეს, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მსგავსი სერვისის გამოყენება მხოლოდ ახლა, წინასაარჩევნო პერიოდის დასასრულს დაიწყეს~, _ აღნიშნავდნენ ორგანიზაციაში.
ყოველივე რომ წინასაარჩევნო ხრიკი იყო და მეტი არაფერი, ეს არჩევნების შემდგომმა პერიოდმა დაადასტურა. უკვე კარგა ხანია ჩვენს ტელეფონში აღარ ვკითხულობთ, რა გაკეთდა, სად გაკეთდა და ა.შ.
მორჩა არჩევნები და დაისვენეს ჩვენმა ტელეფონებმაც.
არადა, წინასაარჩევნო პერიოდში ოფიციოზი ამბობდა, ჩვენ გადავწყვიტეთ ანგარიში ჩავაბაროთ ხალხს და სწორედ ამას ემსახურება სმს-ის დაგზავნაო.
ამ რამდენიმე დღის წინ ერთ საუბარს შევესწარი, სადაც თოვლის დიდი საფარის გამო შეწუხებული მოქალაქე ქალაქის ცენტრში თანხმლებს ეუბნებოდა: `ჩემს ნომერზე რეთი ხანია ლანჩხუთში რაიმეს გაკეთებაზე არაფერი მოუწერიათ, ნეტა ყველაფერი გაჩერდა?! მართალია, თოვლმა გზები ჩახერგა, მაგრამ სანამ თოვლი მოვიდოდა, ხომ იყო დრო?! წინასაარჩევნოდ რომ ტვინი წაიღეს და ყველა დღე კოდალასავით გვიკაკუნებდნენ თავში, აქ გზა გაკეთდა, იქ ხიდიო. დღეს დაავიწყდათ მშენებლობა თუ რა ხდება?! ამიზა ხალხი ჰყავდათ დაქირავებული და მორჩა არჩევნები და გაუშვეს სახლში, არ სჯობდა ისევ დაეტოვებინათ ეს ხალხი და ჩვენთვის ამჯერად ის ეცნობებინათ, რომელი ტრანსპორტი მუშაობს რაიონში, რომელ საათზე მოვა ჩამქრალი შუქი და ა.შ.~
მართალია, ინფრასტრუქტურის მხრივ სამუშაოები გრძელდება, მხოლოდ ცუდმა ამინდმა შეაჩერა, მაგრამ მოქალაქის ინიციატივა, რომელზეც ის საუბრობდა, ვფიქრობთ საკმაოდ საინტერესო და ყურადსაღებია.

 

მოიწონეთ სტატია