`ლანჩხუთი არის ერთი დიდი გროვა გულების და იუმორის, მარიამს აქვს დიდი შანსი კაშკაშა ვარსკვლავი გახდეს!!!~

ლანჩხუთელი მარიამ ურუშაძე ერთი კვირით ვარნას საერთაშორისო ფესტივალზე, გერმანიაში, ქალაქ ბადენ-ბადენში გაემგზავრება. უმაღლესმა მუსიკალურმა აკადემიამ მის რჩეულს, 8 წლის მარიამს ევროპაში მოგზაურობა სრულად დაუფინანსა. მარიამი ასევე გახდა რადიო „ფორტუნასა“ და „არ დაიდარდოს“ რჩეული. კომპანიისგან პრიზის სახით კი მას ანდრია ბოჩელის კონცერტზე დასწრების საშუალება მიეცა, ევროპის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ტურნეს მართავს.
8 წლის მარიამ ურუშაძე ლანჩხუთში სწავლობს და საჭადრაკო სკოლაშიც დადის.
ის ოცნებობს, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტი წიგნი ჰქონდეს წაკითხული: „მინდა ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხო, მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტი, მილიონი“ - ამბობს მარიამი.
პირველ ტურში ნამღერი `კარუზო“-თი საქართველოს პირველი ლედი აატირა, დარბაზი კი ფეხზე წამოაყენა. `პატარა ანგელოზი ხარ, რომელიც მე მატირებს ახლა. არაჩვეულებრივი გოგო ხარ, მადლობა დედას და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ მოგიყვანა~ - აღნიშნა მაკა ჩაჩუამ.
მარიამი `ნიჭიერში~ დედასთან ერთად მივიდა. სიმღერის დასრულების შემდეგ მარიამს ჟიურის ოთხივე წევრი ფეხზე წამოუდგა.
`ერთი წელია, რაც ლანჩხუთში გადავედით საცხოვრებლად, მანამდე თბილისში ვცხოვრობდით, რაღაც პატარა პრობლემები გვქონდა და ამის გამო, წავედით. არ ვიცი, რამდენი ხან, მაგრამ ვიცი რომ, ლანჩხუთში დავრჩებით. როდესაც ვმღერივარ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი შეგრძნებაა, თითქოს დედიკო მელაპარაკება და მკოცნის და მეც იგივეს ვაკეთებ~ _ ამბობს მარიამი.
ფინალურ შოუში მარიამმა მეორე ადგილი დაიკავა. მას მხოლოდ იმ კანდიდატმა მოუგო, რომლის გამარჯვებას მაყურებელი ყველაზე ნაკლებად მოელოდა! ჟიურის წევრმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მომავლიდან ერთი ნომრიდან ერთი ხმის მიცემა იქნება შესაძლებელი. წელსაც რომ ასე ყოფილიყო, დიდი ალბათობით, წლევანდელი შოუს გამარჯვებული ჩვენებური გახდებოდა.
მეტად ამაღელვებელი იყო `რუსთავი-2~-ის გენდირექტორ ნიკა გვარამიას სიტყვა, რომელიც მან მარიამის გამოსვლის შემდეგ თქვა: `მარიამი არის ძალიან გულისამაჩუყებელი, გონიერი, მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე... ყველაფერი აქვს, რომ აკიაფდეს როგორც ვარსკვლავი, ნებისმიერი ცის კაბადონზე, არა მხოლოდ ქართულზე. და არა მხოლოდ სასიმღერო, ამაში დარწმუნებული ვარ. ამას გარდა, მარიამი არის იმ ქალაქიდან, სადაც, შესაძლოა, ეს ბევრმა არ იცოდეს, მე რამდენიმე თვე ვიცხოვრე. მარიამი ლანჩხუთიდან არის, რომელიც არის ერთი დიდი გროვა გულების და იუმორის. არაჩვეულებრივი ქალაქია, ძალიან უჭირს ამ ქალაქს, მიტოვებულია ცენტრალური ხელისუფლებიდან სულ, არ მინდა ახლა პოლიტიკაზე ვილაპარაკო. მაგრამ იქ ისეთი ხალხი ცხოვრობს და ეს ისეთი განძია, რომ ხელისუფლებას ოდესმე გაახსენდება ლანჩხუთი. ის ხალხი ყოველთვის იქ იქნება და ძალიან მაგარი ქალაქიდან ხარ და არც ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ ლანჩხუთში ხარ, პირიქით, ძალიან მაგარია~ _ თქვა გვარამიამ.

 


 

მოიწონეთ სტატია