რა დავალება მისცა ზაზა ურუშაძეს ბიძინა ივანიშვილმა?!

ლანჩხუთის საკრებულოს გუშინწინდელ სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა და განსახილველი საკითხების სიმრავლით იყო გამორჩეული. სხდომას თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა. ტაბიძისთვის ეს სხდომის წაყვანის პირველი შემთხვევა იყო და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ წარმატებულად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.
სანამ სხდომის თავკაცი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს გაგვაცნობდა, მანამდე კოლეგებს მიმართა: `ჩემი თხოვნა იქნება ყველამ ერთმანეთს ვცეთ პატივი. ერთმანეთს ვაცალოთ აზრის გამოთქმა. აგრეთვე გთხოვთ მობილური ტელეფონები გამორთოთ. მე ჩემს სამუშაო ოთახში დავტოვე, ვიცი ბევრი ნიგვზიანელი დამირეკავს ახლა და ვნახულობ შემდეგ მათ ზარებს და უკან ვურეკავ თუ რა საკითხი აინტერესებთ.~
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების დამტკიცება მცირედი ცვლილებით მოხდა. ეთიკის კომისიის თავკაცმა რომან ბიწაძემ მე–10 საკითხის გადატანა მეექვსეზე ითხოვა _ მაინც ჩემი საკითხია და ტრიბუნასთან როცა გამოვალ, ერთად დავასრულებო.
პირველი ტრიბუნასთან გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი თამარ ფირცხალაიშვილი მივიდა. მან დეპუტატებს ის სოციალური პროექტები გააცნო, რომელიც მიმდინარე წელს არის დაგეგმილი და მასში დეპუტატების ჩართულობაზეც ისაუბრა.
შემდეგ ტრიბუნასთან რომან ბიწაძე მივიდა. ეთიკის კომისიის თავკაცმა განაცხადა, რამდენიმე კომისიაში ცვლილებები განხორციელდა და დეპუტატების მიგრაცია მოხდაო. ასევე ისაუბრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ეკომიგრანტების 2017–2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს იდეალური ვერ უწოდეს, თუმცა გამოთქვეს ვარაუდი, რომ გამოიძებნება სახსრები და სამომავლოდ თავშესაფარი გაკეთდება ასეთი კატეგორიის ადამიანებისთვის. ეს ინიციატივა სოციარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, ია ჩხაიძეს ეკუთვნოდა.
რომან ბიწაძემ ასე დაასრულა გამოსვლა: `ასე ადვილად ვერ მომიშორებთ ამ ადგილიდან. ბატონებო, შეიძლება ამის შესახებ არ იყოთ საქმის კურსში, მაგრამ ახლავე გეტყვით რაშიც არის საქმე _ გუშინ, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი შუქის გარეშე დატოვეს. დიახ, ჩვენს კულტურის სამსახურს იმხელა კულტურა აღმოაჩნდა, რომ საკრებულოს წევრის, სოსო სარჯველაძის 4 თვის განმავლობაში ნათქვამი, რომ მრიცხველი იყო შესაცვლელი ასეთი პასუხით დატოვეს: არ გვაქვს მრიცხველის ფული და ვერ შევცლითო~.
მას მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიუგო, რომ საკითხს აუცილებად მოიკვლევდა.
შემდეგ ჯერი ქონების მართვის სამსახურის უფროს გიორგი ფაცურიაზე მიდგა, ვინაც ნორმატიული ფასების შესახებ გააკეთა განცხადება. ბატონი გოგის თქმით, ფასები იგივე რჩება, რაც გასულ წელს იყო.
გამომსველმა ასევე ისაუბრა სათამაშო ბიზნების მოსაკრებელზე. როგორც გაირკვა, საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება იწყება და მასში ფრაქციებისა და კომისიების სხდომებზე შეიძლება კორექტირების შეტანაო.
საკრებულოს წევრის, ადამ ხუხუნაიშვილის თქმით, 100%–ით გავზარდოთ ეს თანხები, რადგან ეს სათამაშო ბიზნესი ახალგაზრდობის გარყვნას და ყველაფერ ცუდს ემსახურებაო. წარმოდგენილი ვარინატით: თითიეულ სამორინე მაგიდაზე კვარტალში 20 ათასი ლარია გათვალისწინებული, სათამაშო აპარატზე _ 2500 ლარი; თითეულ წამახალისებელ გათამაშებაზე _ საპრიზო ფონდის 10% და ა.შ. დეპუტატთა ნაწილმა ისიც შენიშნა, ჩვენთან მსგავსი სამორინეები მაინც არ არის და რა აზრი აქვს ამის მიღებასო.
საკრებულოს სხდომაზე საფეხბურთო კლუბ `გურიას~ შესახებაც გაიმართა მსჯელობა. სხდომაზე ბანკის მიერ მოწერილი წერილი გაახმოვანეს, რომელიც აღებული სესხის დაბრუნებას ითხოვს. დეპუტატებმა ეს `გურია~ და მისი ვალები რა გახდა ასეთი, თავი რომ ვერ დავიხსენითო და იმ პირების პასუხისმგებლოს საკითხის დასმა მოითხოვეს, ვინც თავის დროზე ეს სესხი აიღო და შესაბამისი გარანტიები გასცაო.
ოპოზიციონერმა გია გოგუაძემ განაცხადა, რომ ფრაქციის ფარგლებში მოამზადებს მოხსენებას აღნიშნულ საკითხზე და შემდეგ გააცნობს კოლეგებს.
როგორც წესი, ბოლოს დეპუტატებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც მათი გადასახედიდან აქტუალურია.
ბესიკ ტაბიძე: `ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს შპს `ჯანმრთელობა~, იქ როგორც წესი ავამდყოფები მიდიან ხოლმე. მისი მეპატრონე, ერთი წელია ითხოვს პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ის არ მოგვარდა. ნავია საჭირო, რომ ავადმყოფი იქ მივიდეს. დავავალოთ შესაბამის სამსახურს და გვითხრას თუ რაც ხდება იქ.~
შუხუთის მაჟორიტარი აკაკი იმნაიშვილმა სოფელში არსებულ პრობლემაზე ითხოვა დახმარება: `ზვავი ჩამოწვა, კოტე ორაგველიძის საცხოვრებელი სახლი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. იქ მოხდება უბედურება და მერე იქნება გვიანი. ბატონო ზაზა, თქვენ ბიძინა ივანიშვილმა დაგავალათ საკითხის მოგვარება, მაგრამ თქვენ ეს არ ქენით. სხვათა შორის, რასაც ბატონი ბიძინა ამბობს, მუდამ ასრულებს ხოლმე. ეს მის გაკეთებულ საქმეებიდანაც კარგად ჩანს~.
მას გამგებელმა შეაწყვეტინა: `რას ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა დამავარა სახლი უყიდე იმ ადამიანსო?! როცა ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ქულებს ადგენს ლტოლვილთა სამინისტრო. 12 სახლი შეიძინეს გასულ წელს ლანჩხუთში. მაგ ადამიანს არა აქვს იმდენი ქულა, რომ სამინისტროს სახლი შეუძინოს და მე რა გავაკეთო?~.
ბიძინა ივანიშვილის სახელი საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა. ია ჩხაიძემ ყოფილ პრემიერს მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩაჩავას სახელობის სავადმყოფოს მიმართ გაწეული დახმარებისთვის. `მჯერა, ფონდი `ქართუს~ მიერ გაკეთებული საავადმყოფო მთელს ქვეყანაში იქნება გამორჩეული და თანამედროვედ აღჭურვილი~ _ განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა.
ა, ბიჯო _ ტაში უნდა ამ საქმესო _ ჩაიჩურჩულეს დარბაზში მსხდომებმა. მართლაც, ასე მოხდა, ოღონდ სამადლობელ სიტყვას მხოლოდ სამი დეპუტატი (აკაკი იმნაიშვილი, კახა ურუშაძე და ელიკო ნაჭყებია) გამოეხმაურა ტაშით.
დარეჯან ბურჭულაძემ ქალაქის რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია ახსენა და გამგებელს 1 მილიონ 800 ათასი ლარი შეახსენა. `ჭავჭავაძის, ჩაჩავას, გვარჯალაძის ქუჩები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასევე დუმბაძის, ნათლისმცემილის, წმ. ნინოს ქუჩები. სად არის ის თანხა, რომ გვპირდებოდით~ _ კატეგორიული იყო საკრებულოს ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელი.
`ეს ქუჩები ჩასმული გვქონდა, დეპუტატების გადაწყვეტილება იყო, რომ სხვა მხარეს წასულიყო თანხები. თუ ამბობთ, რომ უხარისხოდ გაკეთდა, არსებობს კომისია, სადაც 12 კაცია, შედით თქვენც და აიღეთ თქვენი წილი პასუხისგებლობა. ერთ მაგალითს გეტყვით, სოფელ გრიგოლეთში მდებარე სასაფლაოს ღობეს სამჯერ დაეტაკა ავტომობილი და შეანგრია, რა ვქნათ ახლა, მშენებელი დავაჯარიმოთ? ამ ყველაფერს აქვს თავისი პროცედურები. ეს თანხა იქნება და მოხმარდება ამ ქუჩების გაკეთებას~ _ თქვა გამგებელმა.
სხდომაზე ასევე ისაუბრეს სოფლის პროგრამების გაუქმებაზე, რომელმაც შესაძლოა, ბევრი დაწყებული საქმე შეაჩეროს, ხოლო დახარჯული თანხა წყალში გადაყრილი დარჩეს. ბესიკ ტაბიძის თქმით, ნიგვზიანში არის ხიდი, რომელიც 70 ოჯახს ემსახურება: `მეუბნებიან, 50 ათას ლარზე ნაკლებზე პროექტის გაკეთება არ შეიძლებაო. ამდენი არ სჭირდება ამ ხიდს და როგორ მოვიქცეთ. კარგი იყო სოფლის პროგრამები, ბევრი პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა~.
გიორგი ჩახვაძემ სოფელ ჩიბათის მაგალითი ახსენა: `იქ ახალგაზრდებს დავპირდით სტადიონის გაკეთებას. 2 წელია შემოღობილია, მაგრამ წყალში გადაყრილი გამოვა ეს თანხა, თუ ის არ დასრულდა. როგორც ვიცი, 50 ათას ლარზე ნაკლბე პროექტს ინფრასტრუქტურა არ აფინანსებს, ამას კი ამდენი არ სჭირდება, რა ვქნათ? ვკითხულობ, ვის მივმართო?! გადავუღებ ახლა მა ფოტოებს და ჩავიტან ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ვაჩვენებ თუ რა გაკეთდა და სად შეჩერდა.~
ჩახვაძეს ურუშაძემ მიუგო, რომ აღნიშნული პროექტის დასრულების გარანტიას იძლევა: `შეიძლება სოფლის პროგრამები დარჩეს. გჯეროდეთ, რომ მუნიციპალიტეტი ამ თანხებს მაინც მიიღებს. ეს ძალიან კარგი პროგრამა იყო, მაგრამ მარტო ჩვენთვის ვერ შეცვლიან ვერაფერს. ჩვენ 20–30 ათას ლარიანი პროექტები რომ წარვადგინოთ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ დაგვიმტკიცებს, რადგან ცვლილებები მოხდა. დაველოდოთ, მალე თბილისში მექნება შეხვედრები და იქნებ რაიმე შეიცვალოს.~
გიორგი ჩახვაძემ ბუნებრივი აირის თემა ახსენა: `ჩიბათის საზღვამდე მოსულია გაზი, მთელს სოფელს აინტერესებს, როდის შემოვა ჩვენთან. არის თუ არა ამ კუთხით სიახლე. ეს არის, ალბათ, ყველას დაინტერესების თემა.~ გამგებლის განმარტებით, აღნიშნულ თემაზე უახლოეს ხანებში ექნება საუბარი ენერგეტიკის მინისტრთან. `იმ კვირაში მეცოდინება, რა ხდება ნიგოითთან დაკავშირებით, ასევე ჩიბათზეც ვიკითხავ. მქონდა შეხვედრა ლესელ ბიზნესმენთან, ზაზა ზოიძესთან. ის დაინტესებულია სოფელში ბუნებრივი აირის შემოსვლით, გარკვეული თანხის გაღებაზეც იყო საუბარი.~
გამგებელმა ჩიბათში მდებარე რკინიგზის სადგურიც ახსენა: `მქონდა საუბარი რკინიგიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან. მითხრეს, რომ ყველა სადგურს შეძლებისდაგვარად მივხედავთო.~
სხდომის დასასრულს კახა ასკურავამ გამგებელს და დეპუტატებს თხოვნით მიმართა: `ბატონო ზაზა, თქვენ გვარად ურუშაძე ხართ და ეს უფრო გავალდებულებთ, ალბათ, ჩვენი ნიჭიერი, პატარა გოგონა მარიამ ურუშაძე `ნიჭიერის~ ფინალშია და ეგებ დავეხმაროთ ზარებით. შესაბამის დავალებასაც თუ სხვებსაც მისცემთ, ეს უფრო კარგი იქნება!~
გამგებელმა ოპოზიციონერს მიუგო: `ეს ოჯახი ჩემი ახლობელია. ბაბუამისი, ნუგზარ ურუშაძე ჩემი ახლო ნათესავი იყო. აქ მარტო გვარი არაფერ შუაშია. დიახ უნდა დავურეკოთ და ამაზე საუბარი მე სოფლის რწმუნებულებთანაც მქონდა. მადლობა, ბატონო კახა, რომ შემახსენე, მაგრამ ისედაც ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ყველას გთხოვთ, მხარი დავუჭიროთ პატარა მარიამს და დავეხმაროთ გამარჯვებაში.~

 


 

მოიწონეთ სტატია