კვალი ნათელი _ `არდავიწყება მოყვრისა, აროდეს გვიზამს ზიანსა~

გასული წლის 18 აპრილს ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, პროფესორს, აკადემიის წევრ კორესპოდენტს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, სერგო მონასეს ძე ჯორბენაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა.
ბატონი სერგო დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესაში, 1942 წელს დაამთავრა სოფელ ჩიბათის საშუალო სკოლა, რომელიც ერთ-ერთ უძველესი და ტრადიციებით სახელგანთქმული იყო რაიონში. იმავე წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1947 წელს. ნიჭიერი ახალგაზრდა იმთავითვე მოექცა უნივერსიტეტის ლეგენდარული რექტორის, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის ყურადღების ქვეშ. `დიდი ნიკოს~ რეკომენდაციით ს. ჯორბენაძემ სწავლა გააგრძელა მოსკოვში, ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურაში, სადაც მოიპოვა ცნობილი მეცნიერების აღიარება. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ არაერთხელ შესთავაზეს სამეცნიერო მუშაობის მოსკოვში გაგრძელება, მაგრამ სამშობლოს გარეშე მას სიცოცხლე არ შეეძლო.
ბატონმა სერგომ მოღვაწეობა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მან აირჩია სამართლის ურთულესი დარგი სამოქალაქო სამართალი, რომლის განვითარებასა და სრულყოფას მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება შეალია.
ბატონი სერგო ოცი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის პრორექტორად ჯერ სასწავლო, შემდეგ სამეცნიერო მუშაობის დარგში.
სერგო ჯორბენაძემ უზარმაზარი შრომა გასწია უნივერსიტეტის სამეცნიერო დონის ამაღლებაში. იგი გახლდათ უაღრესად განათლებული ენციკლოპედიური ცოდნის ტაქტიანი პიროვნება. იშვიათი იყო მისი როგორც ლექტორის ხელოვნება, ამიტომაც ლექციების კითხვისას გადაჭედილი იყო მსმენელთა აუდიტორიები, როგორც იურიდიული, ასევე სხვა ფაკულტეტის სტუდენტებით.
ბატონი სერგო გახლდათ უბადლო მთხრობელი. მე თავად გახლავართ მოწმე მისი საოცარი ორატორობისა, რომელსაც დახვეწილი იუმორით შეაზავებდა ხოლმე.
არ შეიძლება ცალკე არ აღვნიშნო თავდავიწყებული სიყვარული ქართული სპორტის, განსაკუთრებით ფეხბურთის მიმართ. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს როგორი იყო იგი საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას, არასოდეს არ დაავიწყდება მისი ემოციები. ბევრს დღესაც ახსოვს ზაფხულობით ლესელ ახალგაზრდებთან ერთად, როგორ თამაშობდა იგი ფეხბურთს. ცნობილი ქართველი ფეხბურთელების სოლიდური ნაწილი მისი სტუდენტები და ასპირანტები იყვნენ, რომლებსაც იგი ხელს განსაკუთრებულად უწყობდა. ასევე ხელს უწყობდა ლანჩხუთის `გურიის~ ცნობილ ფეხბურთელებს.
ბატონი სერგო უნივერსიტეტის დიდი პატრიოტი იყო და მის გარეშე არსებობა ვერ წარმოედგინა. მას არაერთხელ შესთავაზეს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა, იუსტიციის მინისტრის პორტფელი, რომლებსაც იგი პრინციპულად უარყოფდა.
სერგო ჯორბენაძე აღიარებულია საქართველოს რესპუბლიკის უდიდეს ცივილისტად. მას ლომის წვლილი მიუძღვის დამოუკიდებელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შექმნაში, რომელიც 1500-ზე მეტი მუხლისაგან შედგება, რომელსაც იურისტები `ჯორბენაძის კოდექსაც~ უწოდებენ.
ბატონი სერგო თსუ-ში მოღვაწეობის 55-ზე მეტი წლის განმავლობაში 40 წელი სამოქალაქო სამრთლის კათედრას განაგებდა. დღესაც შუახანს მიღწეული და უფროსი თაობის იურისტების უმრავლესობა სერგო ჯორბენაძის ყოფილი სტუდენტებია. უნდა ნახოთ როგორ სიყვარულით და მოკრძალებით იგონებენ ისინი თავიანთ მოძღვარს.
ს. ჯორბენაძისათვის არ არსებულა არც ერთი დღე უნივერსიტეტზე ზრუნვის გარეშე. მისი პრორექტორობის დროს აღმავლობას განიცდიდა სამეცნიერო მუშაობა. საქართველოში იწვევდნენ უცხოეთში მოღვაწე მეცნიერ ქართველოლოგებს. ამოქმედდა სტუდენტთა მომზადების გაცვლითი პროგრამები, რომლის თანახმადაც ჩვენთან ჩამოდიოდნენ უცხოელი სტუდენტები, ხოლო მათი ქართველი კოლეგები უცხოეთში ეწაფებოდნენ ცოდნას. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია ყველაფერი ეს ხდებოდა საბჭოთა რეჟიმის 70-იან და 80-იან წლებში.
საკვირველი იყო ს. ჯორბენაძის მოსმენის განსაკუთრებული უნარი, რომლის შემსწრე მეც არაერთხელ ვყოფილვარ. უამრავი ადამიანი მიდიოდა მასთან უანგარო კონსულტაციის მისაღებად. ბატონი სერგო მუდამ ჩაფლული იყო წიგნებსა და ქაღალდებში. იგი სთხოვდა რჩევისათვის მოსულ ადამიანს ესაუბრა თავისი პრობლემების შესახებ, თავად აგრძელებდა კითხვას და რაღაცეების ჩანიშვნას. მთხრობელი ფიქრობდა, რომ ბატონი სერგო მას არ უსმენდა. რამდენიმე წუთის შემდეგ პროფესორი მას შეაჩერებდა და გარკვეულ კითხვებს დაუსვამდა. მერწმუნეთ კონსულტაციის მისაღებად მოსული ადამიანი განცვიფრებული რჩებოდა.
ს. ჯორბენაძის სამოთახიან ბინაში, ჭავჭავაძის გამზირის #62-ში წიგნებისა და ხელნაწერების ტევა არ იყო. თაროები ჭერიდან იატაკამდე იყო განთავსებული.
არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ ჯორბენაძეების ოჯახის მოკრძალებულ ცხოვრებაზე. არანაირი ფუფუნებითი ცხოვრება მათ ოჯახში არ იგრძნობოდა. შედარებით ნორმალური რემონტი მათ ბინას 1983 წელს ეღირსა, როდესაც ბატონმა სერგომ თავისი ფუნდამენტური მონოგრაფის `ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა~, გამოცემის გამო სახელმწიფო პრემია დაიმსახურა. ეს ნაშრომი მიეძღვნა არა მარტო ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობას, არამედ მთელი სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიას.
1968 წელს საქართველო აღნიშნავდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 50 წლისთავს. საიუბილეო კომისიაში მთავრობის წევრებთან ერთად ბატონი სერგოც შეიყვანეს. გადაწყდა, უნივერსიტეტის იუბილე მთელ საქართველოში უნდა აღნიშნულიყო. ამის გამოხმაურება იყო ის, რომ გურიას იმ ზაფხულს ქართული მეცნიერების კორიფეების ეწვივნენ. აკადემიური ნაწილის დამთავრების შემდეგ სოფელ ლესაში ს. ჯორბენაძის ეზოში, საუკუნოან ცაცხვის ქვეშ, რომელიც სამწუხაროდ დღეს აღარ არსებობს (ამ ეზოში თაობები აღიზარდა), გაიშალა დიდი საზეიმო სუფრა. სტუმრებს შორის იყვნენ მეცნიერების მეტრები: აკაკი შანიძე, ივანე ბერიტაშილი; მომდევნო თაობის აკადემიკოსები: ილია ვეკუა, ვახტანგ ბერიძე, შოთა და აკაკი ძიძიგურები, თამაზ გამყრელიძე, მარიკა ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე; კულტურისა და ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები, რომელთა ჩამოთვლას სასრული არ ექნება.
უსაზღვროდ უყვარდა სერგო ჯორბენაძეს სოფელი ლესა. ყოველ თავისუფალ დროს და არდადეგებს თავის ძვირფას მეუღლესთან, ქალბატონ ნუნუ რობაქიძესთან, ვაჟიშვილებთან: სანდრო და რეზო ჯორბენაძეებთან ერთად მუდამ ლესაში ატარებდა. დიდი ამაგი მიუძღვის მას ლესელი ახალგაზრდების ბევრი წარმომადგენლის დაკვალიანებაში. უამრავი ადამიანისთვის მიუცია რჩევა და გულგატეხილი ადამიანისთვის ნუგეში. მისი ძალიან მადლობელი იყვნენ ამჟამად გარდაცვლილი ცნობილი ლესელები: ვახტანგ გოგუაძე, იუზა ევგენიძე, ზურაბ და ომარ გოგიჩაიშვილები. დიდი სიყვარულით იგონებს ბატონ სერგოს პროფესორი თამაზ გოგიჩაიშვილი. ბატონ სერგოს ამაგი მიუძღვის წიგნებით ლესის საშუალო სკოლის მომარაგებაში. აქვე მინდა აღვნიშნო ავადსახსენებელი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც სახელმწიფოებრივობა მოიშალა ჩვენში, აღზევდა ავაზაკობა და ქურდობა, ბევრი უზნეო ადამიანის ცხოვრების წესად იქცა, მაშინ რამდენჯერმე გაიქურდა ლესაში ბატონი სერგოს სახლი, რომელმაც მას გული ძალიან ატკინა.
სერგო ჯორბენაძის გარდაცვალების შემდეგ კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებული იყო მის კერძო სახლში მუზეუმის გახსნა. განიხილებოდა საკითხი დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მინიჭებოდა, მაგრამ ყველაფერი სამწუხაროდ გადაიდო. თუმცა მისი მადლიერი სტუდენტების მცდელობით ქ. გორის მუნიციპალიტეტმა იმ ქუჩას, სადაც სასამართლოა განთავსებული სერგო ჯორბენაძის სახელი მიანიჭა. სიტყვამ მოიტანა და მინდა აღვნიშნო წინა მოწვევის პარლამენტის რაიონულმა დეპუტატმა რამდენიმე კოლეგასთან მუზეუმის გახსნის საკითხიც დასვა. ამ საქმეში რაიონული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მცდელობაც იყო, მაგრამ საკითხი მაინც ღიად დარჩა. ამ თემას კარგად მიესადაგება ერთი ქართული ანდაზა: `წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო.~
ს. ჯორბენაძე გულანთებული მამულიშვილი იყო. 1978 წლის 14 აპრილს მიღებული იქნა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურს რესპუბლიკის კონსტიტუცია, რასაც წინ უსწრებდა სტუდენტი ახალგაზრდობის დიდი მღელვარება. კონსტიტუციის ერთ-ერთი 75-ე მუხლის პროექტში მოსკოვის დირექტივის თანახმად უნდა ჩაწერილიყო, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ენა არის რუსული. უნივერსიტეტის სტუდენტთა ინიციატივით თბილისის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები აღშფოთებული პროტესტით დაიძრნენ მთავრობის სახლის მიმართულებით, სადაც მიმდინარეობდა უზენაესი საბჭოს სხდომა კონსტიტუციის დამტკიცების მიზნით. როგორც იტყვიან, ქალაქში დენთის სუნი ტრიალებდა. სერგო ჯორბენაძე, რომელსაც ჰქონდა მწარე გამოცდილება 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიისა, ისევ ახალგაზრდობის გვერდით დადგა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
ამ სტრიქონების ავტორი თავადაა მომსწრე უნივერსიტეტის ბევრი თანამშრომელი ს. ჯორბენაძეს `უნივერსიტეტის სინდისს~ უწოდებდა, თუმცა ზოგიერთი მათგანი მწყრალად იყო თავად სინდისთან. როდესაც უნივერსიტეტის I კორპუსიდან უნდა გამოესვენებინათ სერგო ჯორბენაძე, გაიმართა სამგლოვიარო გამოსათხოვარი. ბევრი გამომსვლელებიდან განსაკუთრებით დამამახსოვრდა სამართლის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ბესარიონ ზოიძის სიტყვები: როდესაც ვმუშაობდით სამოქალაქო სამართლის კოდექსზე ბატონ სერგოს აცნობეს, რომ წავკისში მისი აგარაკი იწვოდა, მაგრამ სხდომის მიმდინარეობა არ შეწყვეტილა, იგი გაგრძელდა მეორე დღესაც. წავკისის აგარაკი ს. ჯორბენაძისათვის მარტო დასასვენებელი ადგილი არ იყო. აქ თავს იყრიდნენ ცნობილი მეცნიერები, უცხოელი სტუმრები. ყველაფერი ვახშმით მთავრდებოდა. სტუმრებს გულითადად მასპინძლობდა ძვირფასი დიასახლისი ქალბატონი ნუნუ.
სამეცნიერო მუშაობის პარალელურად სერგო ჯორბენაძე ვალში არ დარჩენილა უნივერსიტეტის დამაარსებელი ეროვნული მოღვაწეების წინაშე. მან მიუძღვნა ნაშრომები აკაკი შანიძეს, შალვა ნუცუბიძეს, ივანე ბერიტაშვილს. განსაკუთრებით ყურადსაღებია 600 გვერდიანი მონოგრაფია `ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა~, რომლის რედაქტორიც თავად ბატონი აკაკი შანიძე ბრძანდებოდა.
სერგო ჯორბენაძე გარდაიცვალა 1998 წლის 4 აპრილს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
სერგო ჯორბენაძეს დარჩა, როგორც ივანე ჯავახიშვილი იტყოდა, მშვენიერი `ჩამონავლობა~. მისი უფროსი ვაჟი სანდრო ჯორბენაძე, პროფესორია, უნივერსიტეტის. პარალელურად მუშაობს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. პროფესორია უმცროსი ვაჟიც, რეზო ჯორბენაძე, რომელიც ასევე თსუ-ში მოღვაწეობს. უფროსმა შვილიშვილმა სერგი ჯორბენაძემ გასულ წელს 28 წლის ასაკში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა სამართალში. მომდევნო შვილიშვილი, თათია ჯორბენაძე თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტია.
ეს მოგონება ასეთი პათოსით მინდა დავამთავრო: თუ გორის მუნიციპალიტეტმა მოახერხა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას სერგო ჯორბენაძის სახელი მიანიჭა, რატომ არ შეიძლება მას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მიბაძოს? `არდავიწყება მოყვრისა, აროდეს გვიზამს ზიანსა~.
კოტე კუნჭულია
ფოტოზე:
მარცხნიდან აკაკი შანიძე, სერგო ჯორბენაძე, ივანე ბერიტაშვილი (სოფელი ლესა, 1968 წლის 18 აგვისტო, ჯორბენაძეების ეზოში მდებარე ცაცხვის ხის ქვეშ)

 


 

მოიწონეთ სტატია