რა ელის შუხუთის კულტურის სახლს?!

საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა შუხუთის მაჟორიტარმა აკაკი იმნაიშვილმა სოფელში არსებული კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე გააკეთა განცხადება. თემის მაჟორიტარი სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ხშირად აკეთებს განცხადებას და კულტურის სახლის შესახებ მის მიერ გაჟღერებული აზრი პირველი არ არის. მას ამის შესახებ საკრებულოს ხდომაზეც არაერთხელ უთქვამს.
როგორც ცნობილია, შუხუთის ცენტრში მდებარე შენობა ავარიულია და მას შეკეთება სჭირდება. საკრებულოს ბოლო სხდომაზე ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის, გოგი ფაცურიას წერილი გახდა ცნობილი, სადაც ვკითხულობთ, რომ სოფელ შუხუთის ძველი კულტურის სახლის შენობის ვარგისიანობასთან დაკავშირებით უნდა დაიდოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ჩაატარებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.
\ჰო და არასთან~ საუბარში მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ შენობის აღდგენა შესაძლებელია. \ეს არის უნიკალური შენობა, რომელიც გასული საუკუნის 60–იან წლებში აშენდა და დღეს არის ავარიულ მდგომარეობაში. ისტორიული შენობა, ასე შეიძლება ვუწოდოთ მას. მართალია, იქ რთული ვითარებაა, მაგრამ მისი აღდგენა შესაძლებელია. ახალის აშენებას დაგვპირდნენ, მაგრამ შეიძლება არსებული გაკეთება. ის უნდა შენარჩუნდეს.~
ჩვენი ინფორმაციით, კულტურის სახლის ადგილას სპორტის დარბაზის მშენებლობა იგეგმება. თუმც, როდის მოხდება ეს, უცნობია.
აკაკი იმნაიშვილი თვლის, რომ აღდგენილ კულტურის სახლში სპორტის მუზეუმის გაკეთებაა შესაძლებელი.
\სოფელში ყველა აღდგომა დღეს ლელოს თამაშობენ. ეს ტრადიცია მრავალი ათეული წელია გრძელდება და ბევრ საინტერესო ისტორიას მოიცავს. კარგი იქნება თუ ლელოს მუზეუმი გაკეთდება.~ _ გვითხრა იმნაიშვილმა.
ჩვენი ინფორმაციით, სოფლის მკვიდრებს შორის ხელმოწერებიც მოგროვდა და ისინი კულტურის კერის აღდგენას ითხოვენ, ასევე მიუთითებენ, რომ სპორტული დარბაზის გაკეთების მომხრენიც არიან.
მოკლედ, სოფლის ცენტრში მდებარე შენობის მომავალი გადასაწყვეტია, სანამ ის მთლად განადგურებულა.

 


 

მოიწონეთ სტატია