10 ოქტომბერს, ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულ ეგ.ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრში წარმატებით შესდგა ახალი სპექტაკლის პრემიერა. "ჩარლის დეიდა" ინგლისელი დრამატურგის, ბრანდონ ტომასის კომედიაა. მიუხედავად ნაწარმოების ხანდაზმულობისა, მან აქტუალობა და სასიცოცხლო შემოქმედებითი ინტერპრეტაცია არ დაკარგა, რისი უტყუარი ფაქტიც ვიხილეთ ლანჩხუთის სცენაზე. წარმოდგენა თბილისიდან სპეციალურად მოწვეულმა რეჟისორმა კახა იაკობიძემ დადგა. ნიღბების ცვლამ და მხიარული სასიყვარულო ისტორიებით სავსე კომედიამ მაყურებლის ტაში და აპლოდისმენტები უხვად დაიმსახურა. მაინც ვინ არის ჩარლის დეიდა? ქალის ტანსაცმელში გადაცმული ახალგაზრდა ბიჭი, ბაბლს ბაბელი (გურამ იმნაძე) თუ მდიდარი ქვრივი- დონა როზა დალვადორესი( ირმა ხურციძე)?
ჩახლართული და აბსურდული სიტუაციებით სავსე კომედია, სადაც ახალგაზრდა ბიჭები სიყვარულის მოსაპოვებლად უცნაურ ხრიკს მოიფიქრებენ. ახალგაზრდა ბიჭი, უეცრად, ქალბატონ როზად გადაიქცევა; ქალბატონ როზად გადაცმული ბიჭი კი პოლკოვნიკს შეუყვარდება. ხოლო პოლკოვნიკს სტუმრად მისი პირველი სიყვარული, დონა როზა ეწვევა. ეს ქალბატონი გახლავთ მდიდარი ქვრივი, რომელიც ბრაზილიიდან ორი დღის დაგვიანებით ჩამოვიდა. იგი, თურმე პოლკოვნიკის შვილის მეგობრის დეიდაა, სწორედ ის დეიდა, რომლის ტანსაცმელშიც გამოწყობილია მისი შვილის მეგობარი ახალგაზრდა ბიჭი. ეს უკანასკნელი თავის მეგობრებს სიყვარულის მოპოვებაში ეხმარება… და ბოლოს კვანძი იხსნება სიტყვებით: ,, მე ვარ ჩარლის დეიდა, დონა როზა დალვადორესი და შეყვარებული წყვილების ქორწინების საბუთის ნამდვილობაც დადასტურებულია". წარმოდგენამ მაყურებელი გაახალისა და სიცილის ტალღას ტაში და მხიარული შეძახილები შეუერთდა. აპლოდისმენტები, ფარდის დახურვისა და სცენაზე მონაწილეთა გამოჩენის შემდეგაც არ შეწყვეტილა. მსახიობების მაღალმა სამსახიობა ოსტატობამ და განსაკუთრებით, მთავარი პერსონაჟის, გურამ იმნაძის მიერ შესრულებულმა როლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. რეჟისორის ჩანაფიქრიც სავარაუდოდ ის იყო , რომ ლანჩხუთში, ზუსტად ამ პერიოდში ეს მხიარული კომედია უნდა შემდგარიყო...
რეჟისორი: კახა იაკობიძე; მხატვარი შოთა ჭყონია; ტექნიკური რეჟისორი სოფიკო გოგუაძე;
მუსიკალური გაფორმება მერაბ ფირცხალაიშვილი; ქორეოგრაფი ირაკლი ჩახვაძე; მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ფრენსის ჩესნეი, პოლკოვნიკი – პაატა კაცაძე; ჯეკი ჩესნეი, მისი ვაჟი –ჯეკი ჩესნეი - ბაჩი ხუხუნაიშვილი; ჩარლი უეიკემი, სტუდენტი,- ჯაბა მორჩილაძე; ბაბს ბაბერლეი, სტუდენტი –გურამ იმნაძე; კრიგსი, მოსამართლე – გოდუნა ქურიძე; ენი, მისი ძმისწული – ნინი კახაძე; ბეტი, მისი აღზრდილი – ლიზი ორაგველიძე;
დონა როზა დალვადარესი ჩარლის დეიდა – ირმა ხურციძე; ბრასეტი, მსახური – ირაკლი კალანდარიშვილი
ლანჩხუთის ეგ.ნინოშვილის სახ.სახალხო თეატრს ვუსურვებთ შემოქმედებით წარმატებებს.
მაია კუკულაძე
კომედია ,,ჩარლის დეიდა" ლანჩხუთის კულტურის სახლში
განყოფილება: ---
გადასვლები: 159